"ნერვების ომი"
"ნერვების ომი"
4 სექტემბერს ჩაკეტილი ოკუპირებული ახალგორის გზის გახსნის პერსპექტივა ისევ არ ჩანს. პარალელურად, უფრო დამძიმდა გალელების ცხოვრების პირობებიც. აფხაზების თქმით, რაულ ხაჯიმბამ, რომელიც მეორე ვადით გახდა "პრეზიდენტი", გალის რაიონის ეთნიკური ქართველებისა და სომხების ხარჯზე გაიმარჯვა, მაშინ როდესაც გალის რაიონის ქართველ მოსახლეობას სწორედ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ხაჯიმბას "პრეზიდენტობისას", ჩამოართვეს დოკუმენტები, დახურეს გამშვები პუნქტები ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიასთან და ე.წ. ცხოვრების უფლების დოკუმენტი დაარიგეს.

"როდესაც გზა ხანგრძლივად იკეტება, პანიკა იწყება"


თამარ მეარაყიშვილი,
ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი:
"5 სექტემბერს გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გზა რამდენიმე დღით გადაიკეტაო, თუმცა მას მერე არაფერს ამბობენ. არც თვლიან საჭიროდ რამის ახსნას. წლებია ყოველდღიურ შიშსა და ზეწოლაში ვცხოვრობთ. სოციალურ ქსელში ადგილობრივ ადმინისტრაციასა და დეპუტატებს მივწერე, აგვიხსენით, რაშია საქმე-მეთქი, მაგრამ არანაირი განცხადება არ
გავრცელებულა, რომ არაფერი ვთქვათ, მოსახლეობასთან შეხვედრაზე. ყოველთვის, როდესაც გზა ხანგრძლივად იკეტება, პანიკა იწყება. ახლა ხილ-ბოსტნეული ბაღებში გვაქვს, სიცოცხლისთვის აუცილებელი სხვა პროდუქტი და მედიკამენტები ქართული მხრიდან მოგვქონდა ჩვენც და ოს მოსახლეობასაც. ერთმა ოსმა, რომელიც წეროვანში ცხოვრობს და ამჟამად ახალგორშია, მითხრა, რომ მცოდნოდა, გზა ჩაიკეტებოდა, წეროვანში დავრჩებოდიო".

"არავინ იცის, ხვალ რა გველის"


მზია, 63 წლის, ახალგორელი: "როგორც კი გაგვაფრთხილეს, გზა სამუდამოდ იკეტება და ვისაც გინდაც, წადით, ვისაც არა, დარჩითო, მოსახლეობის ნაწილმა დაბა დატოვა. რაიონში სულ 1000-მდე კაცი ცხოვრობდა და რაზდახანის გამშვები პუნქტით 400-მდე წეროვანის დასახლებაში წავიდა. ჩვენ ჩავრჩით. არავინ იცის, ხვალ რა გველის. რამდენიმე დღის წინ ჩემი ნათესავი იყო გორში. კიდევ კარგი, პენსიის ბარათი გავატანე და პროდუქტებთან ერთად რამდენიმე დღის სამყოფი მედიკამენტები ჩამოვატანინე. ის ხალხი, ვინც პენსიას ქართულ მხარეს იღებდა, პანიკაშია, გზა თუ არ გახსნეს, რით ვიარსებოთო. 11 წელია ახალგორში ვცხოვრობ და ცხინვალში სულ სამჯერ ვარ ნამყოფი, ისიც სამძიმარზე. იქ კი ყველაფერი ძალიან ძვირია".

"თუ მოვკვდი, მიწა რაღად მინდა"


მანუჩარი, 71 წლის, ახალგორელი: "10 სექტემბერს შვილიშვილის ნათლობა იყო. მე და ჩემი მეუღლე ჩამოსვლას ვაპირებდით, შვილიშვილებს სკოლაში გავაცილებთ და მერე წამოვალთ-მეთქი, ვფიქრობდი. ხერხემლის თიაქარი მაქვს, ექიმთანაც ვაპირებდით მისვლას, მაგრამ ჩაგვკეტეს და ვეღარსად წავედით. ამას წინათ ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი შემხვდა, დრიაევის კაცია, ისედაც ცარიელია აქაურობა, მოსავლის ასაღებად ჩამოდიხართ, მხოლოდ მიწა გჭირდებათ, მოსავალი რომ აიღოთ და გასაყიდად საქართველოში მიარბენინებთო. აქამდე მამა-პაპის კერასა და საფლავებს ვერ ველეოდით და ჩუმად ვიყავით, მაგრამ შვილებმა მითხრეს, მკვდრები კი არა, ცოცხლები გვჭირდებითო და მართალსაც ამბობენ, თუ მოვკვდი, მიწა რაღად მინდა... ცოტა ხანს კიდევ დავიცდით და ლარსიდანაც რომ მოგვიწიოს წასვლამ, ავიბარგებით. აქაურებმა თქვეს, ბევრს თუ იწუწუნებთ, ქართული მობილური ოპერატორების სიხშირეს დავბლოკავთ, რადგან აქაურობაზე კარგს არაფერს ამბობთო".

რა ელით გალელებს


ხაჯიმბას პირველი ვადით "პრეზიდენტობისას" გალელებს ენგურს აქეთ ახლობლებთან ურთიერთობა შეზღუდული ჰქონდათ, რაც მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ამძიმებდა, ამის მიუხედავად, მათ მაინც ხაჯიმბას მისცეს ხმა.

"ოპოზიცია ვერაფერს შეცვლის"

ლელა, 43 წლის, გალელი: "ვისაც საბუთები წესრიგში აქვს და არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია, მილიცია კარდაკარ დადიოდა და ეუბნებოდა, აქ ცხოვრობთ და არსად წამსვლელები არა ხართ. ხომ იცით, ხაჯიმბას უკან რუსეთი დგას. ოპოზიცია გააპროტესტებს, მაგრამ ვერაფერს შეცვლის, თანდათან ყველაფერი დალაგდებაო. შეიძლება აფხაზებს მართლაც აქვთ იმედი, რომ რაღაცას შეცვლიან, მაგრამ აქ გადამწყვეტ სიტყვას რუსეთი ამბობს".

"იციან აფხაზებმა, რუსეთს ვერაფერს უზამენ და აგრესიას ჩვენზე ანთხევენ"

ნანა, 36 წლის: "აფხაზები გაღიზიანებული არიან, მეტს ელოდნენ კვიწინიასგან (ვეტერანთა პარტია "ამცახარას" წარმომადგენელი). აქ სასიკეთოდ არაფერი იცვლება. ამას წინათ სოხუმში ვიყავი, ჩემი შვილის მასწავლებელს გარდაეცვალა ნათესავი, მეთერთმეტეკლასელი ბიჭი ნარკოტიკის ზედოზირებით. მშობლებმა მესამე დღეს მიაგნეს. ასეთი შემთხვევები არ არის იშვიათი.
აფხაზები რუსებს ვერ იტანენ, მაგრამ დამსვენებლები სჭირდებათ. ბოლო დროს რუსებიც ამბობენ, ვერ გვიტანენო. არჩევნების შემდეგ უფრო დაიძაბა ვითარება, იციან აფხაზებმა, რუსეთს ვერაფერს უზამენ და აგრესიას ჩვენზე ანთხევენ. უფრო სომხებზე არიან გადაკიდებული. მათ მსხვილი ბიზნესები აქვთ, სომხეთიდანაც შემოაქვთ ინვესტიცია, რაც ძალიან აღიზიანებთ აფხაზებს. ბოლო წლებში არაერთი ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახი შეიქმნა, მაგრამ ვერ ნახავთ ვერც ერთ სომხურ-აფხაზურ წყვილს. ისიც იციან, რომ ნარკოტიკების რეალიზაციას ისინი ლობირებენ, მაგრამ ხელისუფლება თვალს ხუჭავს".

სოციალურ ქსელებში გაჩნდა სომეხი მოსახლეობის ღირსების შემლახველი პუბლიკაციები

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სოციალურ ქსელებში გაჩნდა სომეხი მოსახლეობის პატივისა და ღირსების შემლახველი პუბლიკაციები."აფხაზეთის სომეხთა საზოგადოების ლიდერი გალუსტ ტრაპიზონიანი ამბობს, რომ "სახელმწიფო ასეთ ფაქტებზე არასათანადოდ რეაგირებს. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელზეც ჩანს, როგორ ესვრიან ქვებს 70 წლის უსინათლო ომის მონაწილეს. ვიდეორგოლი, ალბათ, ყველამ ნახა, მაგრამ ყველა დუმს. ვიდეორგოლში მოხუცს ეკითხებიან: "ვინ ხარ?" - "სომეხი". - "იბრძოდი?" - "კი". - "თავს გმირად მიიჩნევ?" - "კი". "ჰოდა, მიიღე, რადგან გმირი" ხარ"... (აფხაზებს აღიზიანებთ, როდესაც სომხები მუდმივად ცდილობენ 90-იანი წლების ომში თავიანთი წვლილის წარმოჩენას და პრივილეგიებსაც ითხოვენ. - ავტ.). "ეს ადამიანი მას ესვრის ქვებს. გესმით?.. ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ სომხობა დასასჯელია, იზოლირებული უნდა იყოს", - ამბობს გალუსტ ტრაპიზონიანი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
დღის კითხვადი სტატიები