"ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სიცოცხლის წყარო ეკეტება"
"ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სიცოცხლის წყარო ეკეტება"
4 სექტემბერს ჩაკეტილი ოკუპირებული ახალგორის გზის გახსნის პერსპექტივა ისევ არ ჩანს. პარალელურად, უფრო დამძიმდა გალელების ცხოვრების პირობებიც. აფხაზების თქმით, რაულ ხაჯიმბამ, რომელიც მეორე ვადით გახდა "პრეზიდენტი", გალის რაიონის ეთნიკური ქართველებისა და სომხების ხარჯზე გაიმარჯვა, მაშინ როდესაც გალის რაიონის ქართველ მოსახლეობას სწორედ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ხაჯიმბას "პრეზიდენტობისას", ჩამოართვეს დოკუმენტები, დახურეს გამშვები პუნქტები ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიასთან და ე.წ. ცხოვრების უფლების დოკუმენტი დაარიგეს.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები
ქართველების მიმართ ასეთი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის ბრალია:

- ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სიცოცხლის წყარო ეკეტება. რუსეთიდან შემოტანილი საქონელი ძალიან ძვირია, ქართულს კონკურენციას ვერ უწევს. წლის დამდეგს ორთვე-ნახევრით ჩაკეტილმა გზამ ცხინვალის რეგიონში ეკონომიკა და ვაჭრობა ძალიან დააზარალა, მაგრამ ოსური მხარე გზას ჯიუტად არ
ხსნიდა. ახლაც ნერვების ომია. რადგან ქართულმა მხარემ წნელისთან საგუშაგო დააყენა, ისინი ამ ფორმით აპროტესტებენ, მომავალშიც თუ იმავეს გააკეთებთ, უარესს მიიღებთო.

- რა ბერკეტი აქვს ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს?
- შემაშფოთებელია ხელისუფლების დუმილი ან უკეთეს შემთხვევაში არაფრისმთქმელი განცხადებები. საოკუპაციო ძალები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ორ საგუშაგოს აშენებენ და ხელისუფლება არაფერს ამბობს. როდესაც ჩვენმა მხარემ ჩორჩანაში ისე დააყენა საგუშაგო, რომ ერგნეთის შეხვედრაზე ეს არც განუხილავს, უნდა ეფიქრა, რომ ამას ოსური მხარის პასუხი მოჰყვებოდა. პერევის საგუშაგოს საკითხი განიხილეს და ჩორჩანასთან საგუშაგოს საკითხი რა გახდა?.. ასე ხომ არ გამწვავდებოდა ვითარება და არც ახალგორის მოსახლეობა მოექცეოდა იზოლაციაში.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ განიხილეს?
- ვერ ამოვხსენი, გადაწყვეტილების მიმღები პირიც არა ჰყავთ. ჩემი მინისტრობის დროსაც იკეტებოდა გზები ორივე მხარეს, მაგრამ ვრეკავდი და ვარკვევდი მიზეზებს. ჩვენ როგორც აფხაზებთან, ასევე ოსებთან პრობლემების რაღაცის სანაცვლოდ მოგვარებას ვცდილობდით. ახლა კი ისე სწრაფად იცვლება ყველაფერი, მათ შორის კადრები, ოსები და აფხაზები ფიქრობენ, ეს ვინ არის, ხვალ შეიძლება აღარც იყოს და საქმე რომ გავუკეთო, ხვალ მე რამე რომ დამჭირდეს, შეიძლება სხვა დამხვდესო და არც უღირთ. ფაქტია, თუ ახლანდელ ხელისუფლებას ვითარების გაკონტროლება აქამდე ასე თუ ისე შეეძლო, ახლა ამასაც ვეღარ ახერხებს და ჟენევის შეხვედრამდე, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში გაიმართება, არაფერი შეიცვლება. მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები თბილისში, ცხინვალსა და სოხუმშიც გეგმავენ ვიზიტს და იმედია, ყველაფერი შეიცვლება, რადგან ასეთ საკითხებს იქ უფრო იოლად აგვარებენ.

- რუსეთს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ახალი წარმომადგენელი ჰყავს. ეს რამეს შეცვლის?
- ივან ვოლინკინი საქართველოს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით არ გამოირჩევა. ზურაბ აბაშიძემაც განაცხადა, რომ მასთან მუშაობა შეიძლება.

- ახალგორის მოსახლეობის თქმით, ისინი გააფრთხილეს, რომ გზა მუდმივად ჩაიკეტებოდა.
- შესაძლოა გააფრთხილეს კიდეც და ამით პასუხისმგებლობა აიცილეს. წლის დამდეგს აქეთ უამრავი სტუდენტი და მოსწავლე დარჩა. არა მგონია, გზის სამუდამოდ ჩაკეტვა რეალური იყოს, ისევე როგორც აფხაზეთში. ასე ხდება, როდესაც რუსეთისა და ადგილობრივი ინტერესები ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს. ისე არ არის, რუსებმა უკარნახონ, აფხაზებმა და ოსებმა კი შეასრულონ, ეს მათი სურვილიცაა. გარდა ამისა, იქ მაფიებისა და კლანების შეჯახებაც არის - ვიღაცები ქართულ მხარესთან ვაჭრობით არიან დაინტერესებული და ასეთ სიტუაციებში მათ პრობლემები ექმნებათ. არც იმას გამოვრიცხავ, რუსეთიდან უნდოდეს ვიღაცას პროდუქტების შემოტანა და ქართულის განდევნა, ეს კი რიგითი ბიზნესმენების დონეზე ვერ გადაწყდება. ეს ეხება როგორც ცხინვალის, ასევე აფხაზეთის რეგიონს, სადაც მაფიოზური, კლანური ეკონომიკაა.

- რომელი ქვეყნის კონფლიქტს ჰგავს ქართულ-ოსური პრობლემა?
- გამშვები პუნქტების მხრივ ისრაელ-პალესტინისას, თუმცა იქ კონფლიქტს სხვა სიღრმეები აქვს. ქართულ-ოსური კონფლიქტი იმდენად ხელოვნურად არის შექმნილი, ანალოგი არ გააჩნია. 90-იან წლებსა და შემდეგ 2008-ში არც ერთი ლოგიკით ომი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ თითიდან გამოწოვილი ფაქტებისა და ხელისუფლებების არაკომპეტენტური მოქმედებით მაინც მოხდა. აფხაზეთის კონფლიქტს კი უფრო კვიპროსის მაგალითს შევადარებდი.

- აფხაზეთში ოპოზიცია მესამე ტურს ითხოვს, რაულ ხაჯიმბა კი გამარჯვებას ზეიმობს. აფხაზების ნაწილის თქმით, მას გალის ქართველმა მოსახლეობამ და სომხებმა გაამარჯვებინეს.
- ხაჯიმბას გამარჯვება უფრო ეთნიკური სომხების ანგარიშზეა. გალში 1000 კაცს თუ აქვს ხმის მიცემის უფლება და ისინი პოლიტიკურ სურათს ვერ შეცვლიდნენ, თუმცა ფაქტია, როგორც გალელები, ასევე სომხები ყოველთვის აძლევენ ხმას ხელისუფლებას, რადგან ეშინიათ. აფხაზები სინამდვილეში სომხებზე ლაპარაკობენ, მაგრამ ქართველებსაც გულისხმობენ, რადგან ნაციონალისტები ამხედრებენ, აი, უმცირესობა ხაჯიმბას აძლევს ხმასო. მათგან განსხვავებით, აფხაზეთში ბევრი სომეხია, პრაქტიკულად, გაგრა მათია.

- კვიწინია სასამართლოში ჩივის.
- არა მგონია, რამეს მიაღწიოს, რადგან პუტინმა დაასწრო და ხაჯიმბას გამარჯვება მიულოცა, რაც ბეჭდის დასმის ტოლფასია. კვიწინია მართალია, მაგრამ მას მოუწევს როგორც პუტინის აღიარების უარყოფა, ასევე სასამართლოში იმის დამტკიცება, რომ ხმები არასწორად იყო დათვლილი, მაგრამ მეორე ტურის წინ ხაჯიმბასთან შეთანხმდნენ, რომ კანონი არ იმოქმედებდა და ის იქნებოდა გამარჯვებული, ვინც მეტ ხმას მიიღებდა. ეს უცნაური გარიგება იყო. კვიწინიას იმედი ჰქონდა, რომ მესამე ადგილას გასული ოლეგ არშბა მას დაუჭერდა მხარს, მისგან განსხვავებით, ხალხმა კვიწინიას არ მისცა ხმა და გაწბილებული დარჩა. თუ სასამართლო კვიწინიას გაამტყუნებს, ხალხი ქუჩაში გამოვა, რადგან ხაჯიმბა მათთვის ძალიან მიუღებელია.

- ძველი ხაჯიმბას ახალ "მმართველობაში" გალელებს რა ბედი ელით?
- გალის რაიონს ქართველთმოძულე თემურ ნადარაია ხელმძღვანელობს, ხაჯიმბა მას თუ მაინც შეცვლის, ეს კარგი ნიშანი იქნება, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ქართველების მდგომარეობა ამით ცოტათი მაინც გაუმჯობესდეს. იმედი მქონდა, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებდა და გალში ვითარება ოდნავ გაუმჯობესდებოდა, რასაც ხაჯიმბას პრეზიდენტობისგან არ ველი.