"ხაზარაძესა და ივანიშვილს შორის ბუნებრივი აუტანლობაა" - ვის დაუჭერენ მხარს ბიზნესმენები პოლიტიკურ "ომში"? - კვირის პალიტრა

"ხაზარაძესა და ივანიშვილს შორის ბუნებრივი აუტანლობაა" - ვის დაუჭერენ მხარს ბიზნესმენები პოლიტიკურ "ომში"?

მამუკა ხაზარაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა, როდესაც მისი და ვანო ჩხარტიშვილის ივანიშვილთან შეხვედრა გაიხსენა. შეხვედრა რომ ნამდვილად შედგა, დაახლოებით შარშან ბიძინა ივანიშვილმაც აღიარა. თუმცა მთავარი სიახლე ხაზარაძის განცხადებაში ის იყო, რომ ამ შეხვედრას და ერთგვარ ფინანსურ გარჩევას თურმე ესწრებოდა იმჟამინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამ შეხვედრაზე მოხდა ისეთი რამ, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი მამუკა ხაზარაძეს დაუპირისპირდა. - გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს ექსპერტი გია ხუხაშვილი, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ვფიქრობ, მათი დაპირისპირების ერთ-ერთი ელემენტი შეიძლება მართლაც არის ის შეხვედრა, მაგრამ ეს არ ყოფილა მთავარი მიზეზი. ამ დაპირისპირებას ბევრი სხვა საფუძველი აქვს. სუბიექტურ მიზეზებს არ ჩამოვთვლი, ვიტყვი მხოლოდ ობიექტურ ფაქტორებს - ისინი ერთმანეთის მიმართ ბუნებრივი ანტაგონისტები არიან. ორივე თითქოს ერთი სფეროდან არის, ორივე ბანკირია, მაგრამ წარმოადგენენ მართვის ორ სხვადასხვა ფილოსოფიას. დროშიც აცდენილები არიან და ფასეულობათა სისტემაც ძალიან განსხვავებული აქვთ. აქედან გამომდინარე, მათ შორის ბუნებრივი აუტანლობაც არის, გარდა იმისა, რომ არის კონკრეტული მიზეზები, რომლებზეც ხაზარაძემაც ილაპარაკა. მაგალითად, კვირიკაშვილთან დაკავშირებული საკითხები, ლობისტების თემა, ანაკლიის პორტი და ა.შ. რაც შეეხება იმ შეხვედრას, რა გითხრათ, თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ რაც ხაზარაძემ თქვა, მართალია, მაშინ ეს ჩრდილოვან მმართველობაზე კი აღარ მეტყველებს, არამედ მაფიოზურ მმართველობაზე მიანიშნებს. სწორედ ასე მოქმედებს მაფია.

...

- მამუკა ხაზარაძის თქმით, მას მხარს უჭერს ქართული ბიზნესი. როგორ ფიქრობთ, გაბედავენ კი ქართველი ბიზნესმენები ხელისუფლების ოპონენტის გვერდით დგომას?

- სამწუხაროდ, ვერ გავიზიარებ ხაზარაძის ოპტიმიზმს. მსხვილი ბიზნესი ჩვენთან ყოველთვის განიხილავდა ხელისუფლებას საკუთარ დირექტორად. ხედავენ, რაც ხდება "თიბისი ბანკის" ირგვლივ და, ბუნებრივია, დარტყმის ქვეშ თავს არავინ დაიყენებს. ასე იქცეოდნენ აქამდეც, ასე იქცეოდა თვითონ ხაზარაძეც. გაგახსენებთ - 2007 წელს იყო ერთი შანსი, როდესაც ბიზნესს მიეცა ხმის ამოღების საშუალება. ეს იყო გადამხდელთა კავშირში ბადრი პატარკაციშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, ბიზნესს არეკეტებს ხელისუფლება და ეს უნდა დამთავრდესო. ეს ბიზნესელიტის წინაშე გამოსვლისას თქვა და ყველა თავჩაქინდრული იჯდა. ხმა არავის ამოუღია, ბადრისთვის არავის დაუჭერია მხარი, მათ შორის არც ხაზარაძეს. ექსკლუზიურად გეტყვით ერთ ამბავსაც - 2007 წლის 3 ნოემბრის დილას ბადრი პატარკაციშვილმა დამირეკა და მასთან ავედი ოქროყანაში. ეს იყო მიტინგზე მისი ცნობილი გამოსვლის მეორე დღე. მითხრა, რომ დაიღალა და გამგზავრებას აპირებდა. ამ დროს ამოვიდა გიორგი ისაკაძე. მახსოვს, რომ მან ბადრის გადასცა ბიზნესმენთა მოთხოვნა, რომ ის გადამდგარიყო გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარეობიდან, რადგან ბიზნესისთვის პრობლემად იქცა.

ვფიქრობ, ჩვენი ბიზნესმენების მენტალიტეტი მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა. არ გამოვრიცხავ, რომ ერთეული შემთხვევა იყოს და რამდენიმე ბიზნესმენი ვიხილოთ ხაზარაძესთან, მაგრამ სისტემური მხარდაჭერის იმედი ტყუილად ექნება.

იხილეთ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენ საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად