"ტელევიზიით გავიგეთ, რომ დათუნას მკვლელი გარეთ არის. მამიდაჩემი ამ საქმეს გადაყვა, პრეზიდენტმა კი არაფრად ჩაგვაგდო, ეს არის სულში ჩაფურთხება" - კვირის პალიტრა

"ტელევიზიით გავიგეთ, რომ დათუნას მკვლელი გარეთ არის. მამიდაჩემი ამ საქმეს გადაყვა, პრეზიდენტმა კი არაფრად ჩაგვაგდო, ეს არის სულში ჩაფურთხება"

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მორიგ სკანდალში გაეხვა. მან 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი გადაწყვეტილება, როცა პრეზიდენტმა უმძიმესი ბრალდებით დაკავებული პირი გარეთ გაუშვა. ამ დღეებში დიდი ხმაური მოყვა პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას. სპორტსმენი რამაზ დევიძე, რომელსაც 12 წელი ჰქონდა მისჯილი, პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულზე შეიწყალა, მასთან ერთად 34 მსჯავრდადებული გაუშვა გარეთ და როგორც დღეს ირკვევა, მათ შორის ასლან ბეჟანიძეც იყო.

არადა, ამ ხმაურიანი საქმის დეტალები საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. 2004 წელს, თბილისში, გამსახურდიასა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე დავით ოთხმეზურს სამი ჭრილობა მიაყენეს, სამწუხაროდ, ექიმებმა ის ვერ გადაარჩინეს. ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის ოჯახი 12 წელი ელოდა ამ საქმის გამოძიებას. პერიოდულად აკითხავდნენ პროკურატურას. ის ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, ეს წლები უმძიმესი იყო ჩვენთვის, რადგან დაუსჯელი დადიოდა ჩემი შვილის მკვლელიო. 2016 წელს საქმე პროკურატურამ გახსნა და ასლან ბეჟანიძე უმძიმესი ბრალდებით დააკავეს. მისთვის წაყენებული ბრალი თხუთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებდა. მან ციხეში 9 თვე გაატარა, ადვოკატები მისი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობდნენ და პირველი ინსტანციის სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული გაათავისუფლა კიდეც. ეს საქმე უზენაეს სასამართლომდე მივიდა, პროკურატურა კი ბრალდებულის დასჯას ითხოვდა. უზენაეს სასამართლოში დადგა გამამტყუნებელი ვერდიქტი და ასლან ბეჟანიძე დააკავეს. სასამართლოს საბოლოო ვერდიქტით ასლან ბეჟანიძეს ციხეში 9 წელი უნდა გაეტარებინა, მაგრამ დღეს ირკვევა, რომ ის თავისუფალია.

ოთხმეზურებმა ეს სკანდალური ინფორმაცია მედიისგან შეიტყვეს და ისინი აღშფოთებულები არიან.

ანდრო მაისურაძე, დათო ოთხმეზურის ბიძაშვილი: - აღშფოთებულები ვართ, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ტელევიზიით შევიტყვეთ, რომ დათუნას მკვლელი გარეთ არის. ვერ ვხვდებით რა ხდება ამ ქვეყანაში? პრეზიდენტმა უკვე მერამდენე მკვლელი გამოუშვა გარეთ? მე ვსაუბრობ იმ ფაქტზე, რაც ჩემს მამიდაშვილს შეეხება. ყველასთვის ნათელია, რომ ბეჟანიძემ მოკლა დათუნა ოთხმეზური, ყველამ ვიცით, რა და როგორ მოხდა. თქვენ არ იცით, რამდენწლიანი ბრძოლა იყო იმისთვის, რომ მკვლელი დასჯილიყო.

2004 წლიდან მოყოლებული ველოდით დათუნას მკვლელის დასჯას, წარმოიდგინეთ, 12 წელი ბეჟანიძე მიმალვაში იყო, ისმის კითხვა, თუ არ ხარ დამნაშავე, 12 წელი რატომ იმალები? ყველამ ისიც იცის, რომ მას მფარველები ჰყავდა და ამის წყალობით იყო გარეთ და ამდენი წელი ხელშეუხებელი. როგორც იქნა დააკავეს, როგორც იქნა უზენაესში აღსდგა სამართლიანობა, მკვლელი დაისაჯა. დღეს ვიგებთ, რომ თურმე 3 კვირაა გარეთ არის. პრეზიდენტი როცა ასეთ რამეს აკეთებს, ის უნდა ეცნობოდეს საქმის მასალებს. უნდა გაარკვიოს რეალურად საქმეში რა ხდება. არ გავაკეთებ აქცენტს იმაზე, რომ ეს საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ოჯახის ტრაგედიაა. გასაგებია ყველა ადამიანის მკვლელი უნდა დაისაჯოს, მაგრამ როცა ასეთი ცნობილი ოჯახი ვერ პოულობს ქვეყანაში სამართალს, წარმომიდგენია სხვა ადამიანები რა მდგომარებაში არიან. მთელი ჩვენი სანათესაო, დიდი და პატარა აღშოთებულები ვართ. თურმე სამი კვირაა მკვლელი გარეთ არის და არც იცოდა ოჯახმა არაფერი. გიორგი და კოტე საზღვარგარეთ იყვნენ წასულები და იმ პერიოდს ემთხვევა ბეჟანიძის შეწყალება. ვერ აგიხსნით, რა გადაიტანა ეს წლები ამ ოჯახმა, მამიდაჩემი ამ საქმეს გადაყვა, რომ იტყვიან ჩაჰყვა საფლავში თავის შვილს. სალომე ზურაბიშვილმა გონიერებას მოუხმოს - ფეხებზე არ უნდა დაგვიკიდოს ადამიანები. მან არაფრად ჩააგდო ჩვენი განცდები, ჩვენ ოჯახის წევრი მოგვიკლეს, რაც მოხდა ეს უფრო დიდი ტკივილია ახლა, ეს არის სულში ჩაფურთხება სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან.

გამოდის პროფესორ გიორგი ოთხმეზურის ოჯახს ზურგში დანა ჩაარტყა ამ ხელისუფლებამ. არავის ვუსურვებ ამ განცდების გადატანას. წარმოიდგინეთ ამდენი ვაივაგლახით, ამდენი ბრძოლით დასჯილი მკვლელი გარეთ გაუშვა. ალბათ არ კითხულობს საქმეებს და ისე იწყალებს ადამიანებს, რა ხდება ამ ქვეყანაში, მკვლელებით და კრიმინალებით უნდა გაივსოს ქალაქი?! მაქვს უფლება ისიც ვიფიქრო, რომ ის ამ საქმეებში შეიძლება ფულსაც იღებდეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბოლო ინსტანციამდე მიყვანილი დადანაშაულებული მკვლელები გარეთ გაუშვა. სად არის სამართალი, სად ვეძებოთ, სახელმწიფო არ გვაქვს?

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ასლან ბეჟანიძის ადვოკატს, ირაკლი ჩომახაშვილი ადასტურებს რომ ის თავისუფალია. ადვოკატის მტკიცებით, ის უდანაშაულოდ იხდიდა სასჯელს.

ირაკლი ჩომახაშვილი: - ასლან ბეჟანიძე სამი კვირის წინ გამოვიდა ციხიდან. თავად მან მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით და შეიწყალეს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, მის უდანაშაულობაში. ამიტომ მოვიგეთ პირველ და მეორე ინსტანციაში ეს საქმე, მაგრამ უზენაეს სასამართლოში მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ გააუქმა გამოტანილი განაჩენი და ასლან ბეჟანიძის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანა. მან წელიწად-ნახევარი გაატარა ციხეში, მანამდე თავიდან 9 თვე იყო წინასწარ პატიმრობაში. ის ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას ისე, როგორც ეს 12 წელი ცხოვრობდა. დარწმუნებულები ვართ 100 პროცენტით, რომ ეს დანაშაული მისი ჩადენილი არ არის.

- მაშინ ის 12 წელი რატომ იმალებოდა?

- ეს არ არის სწორი ინფორმაცია, ის ჩვეულებრივ იყო საქართველოში. საქმე იყო გაუხსნელი, ეს ნიშნავს, რომ ძებნა მასზე არ იყო გამოცხადებული. საქმე გახსნილად 2016 წელს გამოაცხადეს, ამის შემდეგ დაიწყო შსს-მ დევნა და ჩვენ დღესაც ვთვლით, რომ ოთხმეზურის მკვლელობა გაუხსნელია.

- მოკლულის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ეს მკვლელობა ბეჟანიძის ჩადენილია...

- ოთხმეზურების ოჯახს აქვს თავისი პოზიცია და ეს დამსახურებაა იმის, რომ პროკურატურასთან აქვთ კავშირი. პროკურატურა არწმუნებს მათ ასე. არადა, მოწმეებად მოიყვანეს პროცესზე რამდენჯერმე ნასამართლევი პირები. შანიძე, რომლის ჩვენების საფუძველზე დააკავეს ბეჟანიძე 4-ჯერ ნასამართლევია და იხდის სასჯელს. არც ერთი მოწმე არ შესწრებია ოთხმეზურის მკვლელობას. მას დარჩენილი ჰქონდა 6 წელი და შეიწყალეს.

ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით ბატონ გიორგი ოთხმეზურს და მისი პოზიციაც მოგვესმინა, მაგრამ მასთან დაკავშირება ვერ შევძელით. როგორც ახლობლები ამბობენ, ის ძალიან განიცდის მომხდარს. "კვირის პალიტრის" არქივში შემონახულია ბატონი გიორგის ინტერვიუ, რომელშიც დეტალურად საუბრობს ამ საქმეზე და 100 პროცენტით დარწმუნებულია, რომ ბრალდებულმა ნამდვილად მოკლა მისი შვილი.

აი რას ამბობდა გიორგი ოთხმეზური ბრალდებულზე: -2004 წლის 27 ოქტომბერს ჩემმა შვილმა დამირეკა, რომ დათო გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. სამი ჭრილობა მიაყენა მკვლელმა. ჩემს შვილს უთხოვია ტელეფონი, რომ დაერეკა, ის არ აძლევდა და ამაზე წაკამათდნენ. ჯერ კიდევ საავადმყოფოში მითხრეს ჩემი შვილის მეგობრებმა, რომ ამის ჩამდენი იყო ასლან ბეჟანიძე, რომელსაც ზოგი ატატოს სახელით იცნობდა. ფეხში მიყენებული ჭრილობა არ აკმარა და დანა კიდევ ორჯერ დაარტყა გულში და ხელში. აბსოლუტურად ყველამ პირველივე დღიდან ვიცოდით მკვლელის ვინაობა. მომხდარიდან მეორე დღეს დარეკა დედაჩემთან  (ლაპარაკია ცნობილი ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძეზე - თ.ხ.) მიხეილ სააკაშვილმა და უთხრა, ქალბატონო მარიკა, ამ საქმეს პირად კონტროლზე ავიყვანო, მერე დარეკა გურამ დონაძემ, ორსაათში დამნაშავე ჩაგვბარდებაო. მაგრამ ასე არ მოხდა, დამნაშავე გააპარეს და ის დაუსჯელი იყო ეს წლები. სამარცხვინო იყო მოსამართლე დარახველიძის განაჩენი. მან მკვლელი გაამართლა, არადა, მას 5 მოწმე პირდაპირ ამხელდა. ბრალდებულის ადვოკატი ამბობდა სასამართლოზე, - ეს ჭკუასუსტია და სახლში გაუშვითო... დარახველიძე ცნობილია თავისი "მოღვაწეობით". მან ბაჩო ახალაია გაამართლა რამდენიმე ეპიზოდში, ასევე გაამართლა ჯალათებად ცნობილი "მასტერა" და სხვები, მისი წყალობით დღეს გარეთ არის ჯალათი გაგა მკურნალიძე. უფრო მეტსაც გეტყვით, გლდანში დედის თვალწინ 4 ბიჭმა ცემით მოკლა ახალგაზრდა ბიჭი, და დარახველიძემ ოთხივე გაუშვა სასამართლოდან. იხილეთ სრულად