"მე ვარ პასუხისმგებელი და..." - სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ შეწყალებებზე - კვირის პალიტრა

"მე ვარ პასუხისმგებელი და..." - სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ შეწყალებებზე

სპეკულაციები ჩემს საპარლამენტო მდივანზე, თუ ვინმე სხვაზე ჩემს ადმინისტრაციაში, უნდა დამთავრდეს, რამეთუ მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი და არ მჩვევია, რომ ვინმე სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პატიმართა შეწყალების საკითხზე განმარტება გააკეთა.

ზურაბიშვილის თქმით, მან გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და მისი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია პროცესში ჩართული არ ყოფილა.

"იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანების ჩარევაზე ამ გადაწყვეტილებებში, მათ შორის ნახსენები იყო ჩემი საპარლამენტო მდივანი, რომელიც არც კომპეტენციით და არც არანაირად არ იყო ამ პროცესში ჩართული. მისგან არც არანაირი რჩევა მიმიღია და არც თვითონ არავის უკითხავს მისთვის, რას ფიქრობდა რომელიმე გადაწყვეტილებაზე. ასე რომ, ეს არ არის მისი კომპეტენცია და არ შეიძლება, რომ არეული იყოს, მითუმეტეს ეს ეხება ყოფილ ადვოკატს. ეს გამორიცხულია," -განაცხადა ზურაბიშვილმა.

სპეციალურ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას გამოსვლა იყო დაანონსებული, თუმცა მედიასთან განცხადება სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

"მე არ მელოდებოდით, მაგრამ მე აქ ვარ. ჩავთვალე, რომ საჭირო არის თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას, მივმართო საზოგადოებას, რადგან მესმის წუხილი, როცა საზოგადოება შფოთავს, რომელიმე ჩემ გადაწყვეტილებაზე ეს ჩემთვისაც წუხილის მიზეზია, ამიტომაც გამოვედი პირველი განცხადებით ცოტა ხნის წინ და ახლა პირდაპირ თქვენთან და საზოგადოებასთან. მე მინდა ვთქვა, რომ შეწყალება არ არის, ის რაც ზოგს ჰგონია. ეს არ არის ვინმეს გამართლება, ეს არ არის ამავე დროს არც რევიზია სასამართლოსი, ეს არ არის რაღაც მეოთხე ძალაუფლება, რომელსაც აქვს სასამართლოზე ზემოთ რამე გამოცდილება. ეს არის სუბიექტური, პერსონალური, პრეზიდენტის გადაწყვეტილება - მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის შეფასება გარემოებების, ეს არის შეფასება მოცემულობის და შეფასება ადამიანის, რომელიც ამავე დროს არის პრეზიდენტი, რაც არ გამორიცხავს არც შეცდომას და არ გამორიცხავს რომ სხვას ჰქონდეს სხვა შეფასება ამ გარემოებების", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ასევე: "ტელევიზიით გავიგეთ, რომ დათუნას მკვლელი გარეთ არის. მამიდაჩემი ამ საქმეს გადაყვა, პრეზიდენტმა კი არაფრად ჩაგვაგდო, ეს არის სულში ჩაფურთხება"

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო