"მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს "გაუჩალიჩეს" - კვირის პალიტრა

"მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს "გაუჩალიჩეს"

"თუ სალომე ზურაბიშვილს ვიღაცამ "გაუჩალიჩა" ეს შეწყალებები, მაშინ მან უნდა გააკეთოს განმარტება, ვინ იყო ეს პირი. მინდა მჯეროდეს, რომ მას "გაუჩალიჩეს," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულებს. მისი თქმით, საქართველოში პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალებამ ძალიან მახინჯი ფორმა მიიღო.

"ჩემთვის ეს შეწყალებების თემა არის ძალიან მძიმე და საქართველოში შეწყალებებმა ყველა პრეზიდენტის პირობებში ძალიან მახინჯი პრაქტიკა მიიღო. წინა პრეზიდენტების პირობებში გავიხსენებ მარგველაშვილის მიერ ქორიძის შეწყალებას, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო მსჯავრდებული. ასევე, გავიხსენებ სააკაშვილის მიერ ეკა ბესელიას ძებნილი შვილის შეწყალებას, ესეც უპრეცედენტო შეწყალება იყო და ასევე, ახლა ქალბატონი სალომეს შეწყალებებიც. ამიტომ ამან ძალიან მახინჯი ფორმა მიიღო ყველა პრეზიდენტის პირობებში, რომელიც საზოგადოების ინტერესებს ნამდვილად არ აკმაყოფილებს. ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილის, პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ შეწყალებული პირები და ჩემთვის ასევე, გაუგებარია სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებილი პირები. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მათ შორის როგორც "ქართული ოცნების" წევრისთვის, მიუღებელია პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული ადამიანის შეწყალება. კითხვები არსებობს და თუ ქალბატონ სალომეს ეს ვიღაცამ მოუწყო, "გაუჩალიჩა", მაშინ მან უნდა გააკეთოს განმარტება, ვინ იყო ეს პირი. თუარადა, უნდა გაკეთდეს განმარტება, რას ეფუძნებოდა ეს შეწყალებები. ჩემი აზრით, ასე ხელაღებით არ შეიძლება მსჯავრდებულების შეწყალება. მე მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს "გაუჩალიჩეს". ეს საკითხი მთლიანად ნეგატიურია, თუმცა ერთადერთი პოზიტივი ის აქვს, რომ ყველა ერთად, პოზიციაც, ოპოზიციაც მზადყოფნას გამოხატავს, რომ დავიწყოთ საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, პრეზიდენტების ხასიათზე არ ვიყოთ დამოკიდებული,"- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"