"იმ სიტუაციიდან გამომდინარე მომიწია ამის გაკეთება" - რას ამბობს მამუკა ხაზარაძე საარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე - კვირის პალიტრა

"იმ სიტუაციიდან გამომდინარე მომიწია ამის გაკეთება" - რას ამბობს მამუკა ხაზარაძე საარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე

მე და ჩემი მეგობრები ამ პროცესს სრულიად ვემიჯნებით და სრულიად პროტესტს ვუცხადებთ,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

ხაზარაძის თქმით, შეწყალების ინსტიტუტი უნდა არსებობდეს, თუმცა ის ფორმა, რა ფორმითაც ეს განხორციელდა, აბსოლუტურად მიუღებელია.

"მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, რომ ინსტიტუციონალურად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება. ეს არის ნორმალური, ჰუმანური აქტი ინსტიტუციონალურად, თუმცა თუ ეს არის არაგამჭვირვალედ, ეს არის საზოგადოებისთვის გაუგებარი, აღმაშფოთებელი და ამდენი კითხვა ჩნდება. მე და ჩემი მეგობრები ამ პროცესს სრულიად ვემიჯნებით და სრულიად პროტესტს ვუცხადებთ. მოვითხოვ ძალიან ღრმა ახსნა-განმარტებას," - განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ნანობს თუ არა ხაზარაძე სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევამდე გაკეთებულ განცხადებას, რომ რევანშის დრო არ არის, რაც საზოგადოებამ ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერად აღიქვა, ხაზარაძე აცხადებს, რომ მას აღნიშნული განცხადების გაკეთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მოუწია.

"მინდა გითხრათ, რომ ჩემს განცხადებებში ვარ გულწრფელი. მზად ვარ ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც გადამიდგამს, საზოგადოებას პასუხი ჩავაბარო. ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. ეს არ იყო განცხადება, რომელიც ძალიან მიხაროდა. იმ სიტუაციიდან გამომდინარე ამ განცხადების გაკეთება მომიწია. იმის გამო, რომ დეპოზიტარების, ჩვენი დამფინანსებლების უცხოეთიდან, ჩვენი კლიენტების, ჩვენი გუნდის მდგომარეობა იყო საფრთხის წინაშე, ამიტომ ჩემს თავზე ავიღე ეს, თუმცა აქვე მინდა განვმარტო, რომ მე არ მომიწოდებია რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერისკენ. მე მოვუწოდე და ახლაც ყველას მოვუწოდებ, რომ რევანში საქართველოში უნდა დამთავრდეს. არჩევნები შეიძლება მოიგო, მაგრამ არჩევნები, რომ შემდეგ ვიღაც ციხეში ჩასვა, იგივე პროკურატურით , იგივე სასამართლო, რომელიც ხელიდან ხელში გადადის და არაფერი იცვლება ამ ქვეყანაში, დაუშვებელია," - აცხადებს ხაზარაძე.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს ის მდგომარეობა, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოდის, წინა პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილ მართლმსაჯულების მახინჯ მანქანას პოლიტიკური რევანშისა და შურისძიებისთვის იყენებს.

"ინტერპრესნიუსი"