"ჩვენი მთავარი პრობლემა არ არის ის, თუ რაზე შეთანხმდება ამერიკა და რუსეთი... რამდენადაც დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, იმდენად გაგვითვალისწინებენ სხვებიც"
"ჩვენი მთავარი პრობლემა არ არის ის, თუ რაზე შეთანხმდება ამერიკა და რუსეთი... რამდენადაც დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, იმდენად გაგვითვალისწინებენ სხვებიც"
ფოტო:გიორგი გობრონიძე
ხელისუფლება NDI- ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს უნდობლობას უცხადებს. შეგახსენებთ, რომ NDI--ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა 30 % თვლის, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. 18% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევის შედეგებსა და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ქვეყანაში არსებული პრობლემების მიმართ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გვესაუბრება:

- ძალიან საინტერესოა, რას ფიქრობს საზოგადოება ქვეყნის განვითარების გზებზე. მნიშვნელოვანია, იმ ფაქტის დანახვა, რომ საზოგადოების
დიდი ნაწილში თანდათან მცირდება ნდობა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შიდა პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარების კურსისადმი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანას აქვს პრობლემები.

შესაძლოა, ყველა მონაცმემის მხრივ ქვეყანაში არ იყოს ძალიან საგაგნგაშო მდგომარეობა, მაგრამ მეორეს მხრივ სახეზეა ძალიან ბევრი პრობლემა, რომელსაც საზოაგდობის ნაწილი აშკარად ხედავს. ამ კონკრეტულ
შემთხვევაში ორი პრობლემა იკვეთება, პირველი - მთავრობა არ არის სათანადოდ ეფექტური, და მეორე - მთავრობას არ აქვს საკუთარ ხალხთან ურთიერთობისას სწორი სტრატეგიული მიმართულება აღებული.

ფაქტია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს რეალობის, ინფორმაციის სათანადოდ აღქმისა და ინტერპრეტირების პრობლემა აქვთ. მხედველობაში მყავს არამხოლოდ მმართველი გუნდი, არამედ მთლიანად პოლიტიკური კლასის ძალიან ბევრი წარმომადგენელი. NDI- ის კვლევა არის საზოგადოებრვი აზრის კვლევა. მათ არ შეუსწავლიათ ქვეყნის მიკროეკონომიკური და მაკროეკონომუკური პარამეტრები, სახელმწიფოს უსაფრთხოების და თავდაცვის სისტემა, მათ შეისწავლეს ის საკითხი, თუ როგორ აღიქვავს საზოგადოება პრობლემებს. ხელისუფლებას მოსწონს თუ არა ეს, საზოგადოება პრობლემებს აღიქვავს. წესით, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები კლასი უნდა დაჯდეს და დაფიქრდეს იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში ისეთი, რომ საზოდგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, ანუ 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. როგორც კველვებმა გვიჩვენა, ადამინების დიდ ნაწილს უმუშევრობა აწუხებს, იყო საუბარი იმაზეც, რომ მათ არ შეუძლიათ 300 ლარის უპროცენტო კრედიტის აღება. ე.ი. ცხოვრების სტანდარტი ეცემა. დავანებოთ თავი NDI- ის კვლევას, ჯინის ინდექსის მიხედვით, პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ ყველაზე მაღალი სოციალური უთანასწორობის ხარისხი გვაქვს. შესაბამისად, ამის რეფლექსიაა საზოგადოებრივი განწყობებიც. როგორ ფიქრობთ, ადამიანი, რომელსაც ათიათასლარიანი ხელფასი აქვს, პრობლემებზე დაიწყებს ფიქრს?..

- თქვენ როგორ ხედავთ, საზოგადოებისთვის საგარეო ვექტორებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია თუ სოციალური ფაქტორები?
- საფრთხეების მატრიცა რომ ავიღოთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ტიპის საფრთხეების წინაშე დგას სახელმწიფო ყველა მიმართულებით საკმაოდ რთულ მდგომარეობას დავინახავთ. ავიღოთ ოთხი ძირითადი საყრდენი, ეროვნული უსაფრთხოებისა - სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკური პოტენციალი და კულუტურული თვითმყოფადობა. ყველა მიმართულებით სერიოზული გამოწვევების წინაშე ვგავართ. სუვერინიტეტის მხრივ გვაქვს ეგზისტენციური საფრთხეები ჩვენი ცალკეული მეზობელი და არაკეთილმოსურნე სახელმწიფოებისგან, რომლებიც ახორციელებენ განგრძობად ოკუპაციას. ეკონომიკური პოტენციალის თვალსაზრისით, ქვეყანას აქვს საკმაოდ მყიფე ეკონომიკა, რაც აისახება კიდეც სხვადასხვა მიკრო თუ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე. ასევე განათლების სისტემა საჭიროებს რეფორმების სერიოზულ რევიზიას და გაუმჯობესებას. გარდა იმისა სახელმწიფოს არ აქვს სამუშაო ადგილები, ასევე არ ჰყავს კვალიფიციური მუშახელი იმ ადგილებზეც კი, რომელიც აქვს. ამ ყველაფრიდან გამოდინარე რთულია იმაზე საუბარი, რომელი მიმართულებით არ გვაქვს გამოწვევა.

- როგორ გგონიათ, რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ასეთი მნიშვნელევანი პრობლემების, გამოწვევების ფონზე ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური ძალის "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი სადაო თემა ერთმანეთის პრორუსოლობაში დადანაშაულება და საკუთარი თავის პროდასავლურად წარმოჩენაა, მათი პოლიტიკური დებატები კი მხოლოდ ერთმანეთის ლანღვას და დისკრედიტაციის მცდელობას ეძღვნება?
- ქვეყანაში რეალურად არ არსებობს პოლიტიკა, არ არსებობს ფორმირებული პოლიტიკური კლასი. ამის ყველაზე ნათელი რეფლექსია იყო წინასაპრეზიდენტო არჩევნები. ნახეთ, საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის სამი საგარეო მინისტრი იყრიდა კენჭს - ბაქრაძე, ვაშაძე, ზურაბშვილი. ე.ი. ჩვენ ვხედავთ მუდმივად ერთ წრეზე მოტრიალე პერსონებს, რომლებიც განფენილნი არიან სხვადასხვა პოლიტკურ ჯგუფებში. ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმისთვის, რომ ქვეყანაში პასუხმგებლიანი პოლიტიკური კლასი შეიქმნას და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენც მოგვეცეს საშაულება ვნახოთ პოლიტიკური დებატები პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც დაეფუძნება დისკუსიას ღირებულებებზე, ეკონომიკური თუ სხვა სახის პრობლემებიდან გამოსავლის ძიებას. პირადა მე ასეთი საუბარი, მსჯელობა არცერთ თქოშოუში არ მომისმენია.

ვისმენთ მხოლოდ პოპულისტური ხასიათის, იაფფასიან ბრალდებებს, პრორუსულობასა და პროდასავლურობასთან დაკავშირებით. რეალურად რომ შევხედოთ, დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში არცერთი პროდასავლური ჯგუფი არ გვყავს. არავინ ლაპარაკობს ისეთ დასავლურ ღირებულებებზე, როგორიც არის ადამიანის უფლებების, უცირესობების უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერბა. რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური აქტორები თამაშობენ ნულოვანი ჯამის თამაშს, ანუ "ჩვენს მერე ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილას" პრინციპით. ბოლო არჩევნებმა მე ნამდვილად დამიტოვა იმის განცდა, რომ მთავრობაც და ოპოზიციაც მათი წაგების შემთხვევაში ქვეყნის დაქცევას წინასწარმეტყველებდნენ. თუმცა ამ მხრივ მთავარი პასუხისმგებელი მაინც გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკური ძალაა, რომლის წარმომადგენლებმაც პირდაპირ თქვეს, რომ მათი წაგების შემთხვევაში სამოქალაქო ომი დაიწყებოდა. და ეს გაიმეორეს არაერთხელ.

- როგორ გგონიათ, ასეთი რეალობა დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას ხომ არ უწყებს ხელს?
- რა თქმა უნდა. საზოგადოებაში დასავლური ღირებულებების სწორ ინფორმირებაზე არავინ ზრუნავს. როდესაც სახელმწიფო რეგულაციებს იღებს ხშირად ამას დასავლური ღირებულებებით და ფასეულობებით, დასავლური რეკომენდაციებით ამართლებს. არადა, რეალურად დასავლეთის რეკომენდაციებში მსგავს ვერაფერს ნახავთ, ძალიან ხშირად არასწორადაა გაგებული დასავლური სტანდარტებთან შესაბამისობა. ასევე არავინ საუბრობს ნატოსა და ევრიოკაშვირის ცნობადობის გაზრდაზე რეგიონში, თავად ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის გარდა. ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა, რომ ქვეყანაში შედგეს კონსესუსი საგარეო კურსთან დაკავშირებით, მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად იზრუნოს საზოგადოებას რეალურად დაანახოს ნამდვილი ევროპული ღირებულებები, რომ ეს არის ქრისტიანული ღირებულებები, რომ ევროპული სამყარო ქრისტიანული ცივლიზიაცია და ჩვენ მისი ნაწილი ვართ, რომ არაფერი განსაკუთრებული და ჩვენთვის მიუღებელი არ დევს ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულებებში, რომ ჩვენ საქმე არ გვაქვს დასავლეთიდან მომდინარე რაიმე ფორმის გარყვნილებაზე. არადა ყველაფერი პირიქით ხდება, პოპულისტები ისე წარმოაჩენენ ვითარებას, რომ თითქო ამერიკლი სახელმწიფო, ან ევროპული ერთობა შეიქმნა იმისთვის, რომ მერე 21ე საუკუნეში ქართველებს მოგვდგომოდნენ და ჩვენთვის ეროვნული იდენტობა წაერთმიათ.

- დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციის ფონზე რუსული გავლენა რომ იზრდება ეს ვისი პასუხისმგებლობა?
მე ვერ ვიტყვი, რომ რუსული გავლენა იზრდება. მოსახლეობის ნახევარზე მეტი ნამდვილად ემხრობა დიალოგს რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ასევე ფიქრობს, რომ საქართველო უნდა ინტეგრირდეს ევროკავშირში ან ნატოში. პრორუსული ჯგუფები ცდილობენ კრემლი დაარწმუნონ, რომ თითქოს საქართველოს მოსახლოების  მნიშვნელოვანი ნაწილი პრორუსულ იდეაზეა ორიენტირებული. ეს არ არის სიმართლე. საქართველოში არ ცხოვრობს მთლად გაუნათლებელი და სულელი ხალხი, ისინი ამბობენ მტერს უნდა ელაპრაკო მშვიდობაზე, მაგრამ ამავდროულად, მათ გააზრებული აქვთ რომ საქართველოს ადგილი არის დასავლურ იჯახში. სხვათა შორის თავის მხრივ მოსკოვიც ცდილობს შექმნას ისეთი აღქმა, თითქოს ქართველების დიდი ნაწილი რუსულ პოლიტიკურ დღის წესრიგს ემხრობა. მაგალითისთვის, გაიხსენეთ "რუსთავი2"-ის წინ, გაბუნიას გადაცემის შემდეგ გამართული აქცია. რუსულმა ტელეარხებმა ვითარება წარმოაჩინეს იმდაგავრად, რომ თითქოს ქალაქი პუტინის დედის ღირსების დამცველთა აქციებმა წალეკა.

- მაშინ როდესაც საქართველოში ასეთი ჩამოუყალიბეებლი პოლიტიკური სიტუაციაა, როგორი იქნება ჩვენი როლი მშოფლიოში შექმნილ ახალ პოლიტიკურ რეალობაში?
- პირველ რიგში ძალიან ცუდია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდით იმაზე ჩვენს პრობლემებს ჩვენს გარდა სხვა ვერავინ მოაგვარებს. ჩვენი მთავარი პრობლემა არ არის ის, თუ რაზე შეთანხმდება ამერიკა და რუსეთი. ამერიკის მიერ ჩვენი დათმობა ან არ დათმობა დამოკიდებულია იმაზე, როგორი პარტნიორები ვიქნებით მისთვის. თუ გვინდა, რომ ვიყოთ კარგი პარტნიორი მაშინ უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი, როგორც მდგრადი და კეთილსაიმედო ქვეყანა. თუ ჩვენდ დავრჩებით უძირო ქვევრად, რომელშიც მუდმივად უნდა ჩაყარო დახმარება, ამერიკისთვის აუცილებლად დადგება დღის წესრიგსი კითხვა, როდემდე შევინახოთ ესენი? ჩვენ სუპერეალისტურ სამყაროში არ ვცხოვრობთ და დიდი სახელწიფოები პატარა სახელწიფოების ბედს ისე არ განაგებენ, როგორც მოჭადრაკეები პაიკების ბედს. ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოლიტიკას ვაწარმოებთ ჩვენ. რამდენადაც დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, იმდენად გაგვითვალისწინებენ სხვებიც.

ხათუნა ბახტურიძე
(სპეცილაურად საიტისთვის)



გელა
20 სექტემბერი 2019 10:25
გეთანხმებით.სანამ ჩვენ არ გავხდებით ანგარიშგასაწევი ქვეყანა,სანამ დამოკიდებული ვიქნებით ამერიკის,ევროპის ,ნატოს თუ კიდევ სხვა ქვეყნების ნებასურვილებზე და ინტერესებზე,ნორმალურ ქვეყნად ვერ ჩამოვყალიბდებით.საკუთარი ეროვნული დღესასწაულიც კი ვერ დაგვიწესებია სხვისი შიშით,ამაშიც ნატო უნდა დაგვეხმაროს?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა