გამოკითხულთა რამდენი პროცენტი აფასებს მთავრობის საქმიანობას უარყოფითად და რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ახლოს - NDI-ის კვლევის შედეგები - კვირის პალიტრა

გამოკითხულთა რამდენი პროცენტი აფასებს მთავრობის საქმიანობას უარყოფითად და რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ახლოს - NDI-ის კვლევის შედეგები

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია გამართა.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. უფრო კონკრეტულად, რესპონდენტთა 60%-ის აზრით, მთავრობა "ცუდად" მუშაობს, 32%-ის შეფასებით - "კარგად", ხოლო კითხვაზე პასუხი "არ ვიცი" 6%-მა დააფიქსირა.

კვლევის თანახმად, გამოკითხული ქართველი ამომრჩევლის 45% ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს. ამავე კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 19%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" დგას.

კითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? - გამოკითხული მოსახლეობის 9% პასუხობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", 6%-მა პასუხი არ იცის, 4%-მა უარი თქვა პასუხზე, 4% - "პატრიოტთა ალიანსი", ასევე 4% - "ევროპული საქართველო", 9%-მა აირჩია კატეგორია "სხვა".

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 26%-ს არ აქვს მეორე არჩევანი.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 40% ცუდად აფასებს, რაც 10%-ით მეტია აპრილის თვის მონაცემებთან შედარებით. აპრილში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად 30% მიიჩნევდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგებით, პრეზიდენტის საქმიანობის უარყოფითად შეფასების ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კერძოდ: კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის საქმიანობას, პასუხი "კარგად" გამოკითხულთა 12%-მა გასცა, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასევე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კონკრეტულად აპრილის თვესთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 8 %-ით გაუარესდა. აპრილში ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 20% მიიჩნევდა.

ასევე ყველაზე დაბალია იმ რესპონდენტების მაჩვენებელიც, რომლებიც პრეზიდენტის საქმიანობას "საშუალოდ" აფასებენ. კერძოდ, გამოკითხულთა 28 % მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა "საშუალოა". აღსანიშნავია, რომ 12 %-მა "არ იცის" კითხვაზე პასუხი.

ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს. გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ პარლამენტის საქმიანობს ცუდად, ხოლო 10% მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 39 % მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო საშუალოდ საქმიანობს. მხოლოდ 8% თვლის, რომ პარლამენტი დადებითად საქმიანობს.

სასამართლოების საქმიანობას ცუდად გამოკითხულთა 26% აფასებს, ძალიან ცუდად - 11% საშუალოდ 34 და დადებითად მხოლოდ 10%.

მთავარი პროკურატურის საქმიანობას უარყოფითად გამოკითხულთა 21% მიიჩნევს; 6% თვლის, რომ პროკურატურა ძალიან ცუდად მუშაობს; 34 % მიიჩნევს, რომ უწყების საქმიანობა საშუალოა, დადებითად 11% აფასებს.

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას გამოკითხულთა 43% დადებითად აფასებს, ძალიან კარგად 21%; საშუალოდ 20 %-ი, ხოლო ცუდად 4%-ი.

იუსტიციის სახლების საქმიანობას კარგად მოსახლეობის 49% აფასებს, ხოლო ძალიან კარგად 8% ; საშუალოდ 25%, ხოლო ცუდად 7%.

საქართველოს ჯარის საქმიანობას ძალიან კარგად 8% ახასიათებს, 45% კარგად, 28% მიიჩნევს, რომ ჯარის საქმიანობის შეფასება საშუალოა, ხოლო 6 % მიიჩნევს, რომ ჯარის საქმიანობა ცუდია.

საქართველოს პოლიციის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 37 % აფასებს, 5% ძალიან კარგად, საშუალოდ 37%, ხოლო ცუდად 12% .

სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას საშუალოდ გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, დადებითად 22%,ხოლო უარყოფითად 11%.

კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, 59% აცხადებს, რომ მიიღებდა მონაწილეობას, 41% არ მიიღებდა.

რაც შეეხება კითხვას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემდით ხმას, თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 39 % გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, 56 %-ს გადაწყვეტილი აქვს ხმას ვის მისცემს.

ასაკობრივ ჭრილში 18-34 წლის ამომრჩევლების 59 % გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, 34 %-ს გადაწყვეტილი აქვს ხმას ვის მისცემს. 35-54 წლის ამომრჩევლების 58 % გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, 37%-ს გადაწყვეტილი აქვს ხმას ვის მისცემს.

ამავე კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 20 % მხარს "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა, 19 % -არც ერთ პარტიას, ენმ - 9% , უარი პასუხზე - 9%, "პატრიოტთა ალიანსი" - 4%, "ევროპული საქართველო" - 4%, სხვა პარტია - 9%. ამავე ამომრჩევლის 29 %-ს არ აქვს მეორე არჩევანი.

იხილეთ ასევე: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ხელისუფლებამ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა - NDI-ის კვლევის შედეგები

"ინტერპრესნიუსი"