"ნაქირავებ ბინაში ახორციელებდნენ საქმიანობას" - ახალი დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიაზე დაკავებულების საქმეზე
"ნაქირავებ ბინაში ახორციელებდნენ საქმიანობას" - ახალი დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიაზე დაკავებულების საქმეზე
არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადების საქმეზე შსს-მ გამსაღებელთა ჯგუფიც დააკავა. ამის შესახებ "პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემაში "დღის თემა" შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, საქმის მასალებით და ფინანსურ ტრანზაქციებზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა საბავშვო პორნოგრაფიული მასალების რეალიზაცია მოახდინეს.

"გასაღების ბრალდებითაც დაკავებულია გარკვეული ჯგუფი. მათ აქვთ დახურული პლატფორმები, რომლებიც ასეთი ტიპის დანაშაულის და ასეთი მასალების გავრცელებისთვისაა შექმნილი. ანგარიშგებისთვის ისინი დახურულ ფინანსურ რესურსებს იყენებენ, კრიპტოვალუტის გამოყენებით ახდენდნენ ფინანსურ
ტრანზაქციებს, რაც მიუთითებს იმას, რომ ნამდვილად მოხდა გარკვეული მასალების მხარეებს შორის გაცვლა, რის სანაცვლოდაც ფინანსური უკუგებაც ჰქონდათ დამნაშავეებს. საქმე გამოძიებაში აქვს კიბერდანაშაულთან ბრძოლის დანაყოფს და ჩვენი ტექნიკური ჯგუფი სრულადაა ჩართული, რათა ასეთი ტიპის დახურულ პლატფორმებზე წვდომა შეიზღუდოს. გარკვეული ინფორმაციები დავბლოკეთ უკვე საქართველოს ინტერნეტ სივრცეში. შესწავლილი
გვყავს ის წრე, სადაც პოტენციურად შესაძლებელია ასეთი ტიპის ინფორმაციის დაგენერირება და საერთაშორისო პარტნიორები საკმაოდ ეფექტურად ებრძვიან იმ პროცესს, რომ არ მოხდეს მთავარი რამ, ამ ბავშვების ვიდეო მასალის თუ ფოტოების საჯარო წყაროებზე დაშვება და წვდომა. ნებისმიერი საშუალება იქნება გამოყენებული მათი ბლოკირებისთვის", - განაცხადა ჭელიძემ.

შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიების პროცესში ყველა შესაბამისი პირია ჩართული, რათა ბავშვთა უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული.

"გამოძიების პროცესში ჩავრთეთ სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები. ეს ხალხი დღესაც აგრძელებს ამ ბავშვებთან მუშაობას. ბავშვების ნაწილის დისტანცირება მოვახდინეთ მშობლებისგან და იმ სახიფათო წრიდან, სადაც ისინი შეიძლება გარკვეული საფრთხის წინაშე ყოფილიყვნენ და ამ კუთხით გრძელდება მუშაობა, რათა ბავშვების უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული", - განაცხადა ჭელიძემ.

რაც შეეხება დანაშაულში მხილებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების წარსულს, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამერიკულ და ავსტრალიურ მხარესთან მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა, მათი წარსული საქმიანობის თაობაზე.

"ამერიკის და ავსტრალიის მოქალაქეები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ საქართველოში და ნაქირავებ ბინაში, სპეციალურად მოწყობილ სტუდიაში ახორციელებდნენ საქმიანობას. საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს ადამიანები საკმაოდ დიდი ხანია აკეთებდნენ ამას, რამდენიმე თვეზეა საუბარი. პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლის რეჟიმში ასევე ვიღებთ ინფორმაციას, მათი წარსულის და მათი წარსული საქმიანობის შესახებ. გამოძიების მთავარი საგანი არის ის, რომ დღეს გავარკვიოთ და გამოძიებას ჰქონდეს სრული სურათი საქართველოში ჩამოსვლამდე და დაკავების დღემდე რა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები ისინი", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.


"ინტერპრესნიუსი"


რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა