"საქართველოში დასავლელი მეგობრები მოულოდნელად ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ" - რას ამბობს დევიდ კრამერი ინაშვილთან დაპირისპირებასა და თბილისურ შთაბეჭდილებებზე - კვირის პალიტრა

"საქართველოში დასავლელი მეგობრები მოულოდნელად ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ" - რას ამბობს დევიდ კრამერი ინაშვილთან დაპირისპირებასა და თბილისურ შთაბეჭდილებებზე

19 სექტემბერს "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც გადმოცემულია თბილისში ამ დღეებში ჩატარებული კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილის - ფლორიდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების სკოლის დირექტორის დევიდ კრამერის შთაბეჭდილებები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"როცა საქართველოს დედაქალაქ თბილისში კონფერენციაში მონაწილეობისთვის ჩავედი, არ ველოდი, რომ აშშ-ის საელჩოს წინ გამართული განრისხებული დემონსტრანტების ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდებოდი ან პროსამთავრობო ტელეარხის თავდასხმის ობიექტი გავხდებოდი. მომხდარმა ამბებმა იმდენად არ გამანაწყენა, რამდენადაც გამაოგნა: მე ხომ უკვე დიდი ხანია საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი ვარ მის ევროატლანტიკურ სწრაფვაში.

და მაინც ის ფაქტი, რომ ზოგიერთებმა თბილისში მე და საქართველოს სხვა მხარდამჭერები ანტიდასავლური კამპანიისათვის გამოგვიყენეს, ბევრ რამეზე მეტყველებს.

მას შემდეგ, რაც ოცდარვა წლის წინათ ეს ოთხმილიონიანი ქვეყანა საბჭოთა კავშირის ნანგრევებიდან გამოვიდა, საქართველო ავტორიტარიზმის ზღვაში დემოკრატიის კუნძულად იქცა, გარსშემორტყმული მეზობლებით - აზერბაიჯანით, რუსეთით, თურქეთით.

ათეული წლების განმავლობაში ქართველებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს ევროპულ, დემოკრატიულ ერად ჩამოყალიბების გზაზე. და ეს ყველაფერი მოხერხდა უდიდესი გამოწვევების მიუხედავად, უპირველესად კი რუსეთის მხრიდან, რომელიც 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა და ხანმოკლე, მაგრამ სასტიკი ომის შემდეგ დღემდე ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს დაკავებული. მაგრამ ახლა პრორუსული ძალები აღმავლობას განიცდიან, რაც მეხმარება იმის ახსნაში, თუ რატომ აღმოვჩნდი ხანმოკლე დროით ქართული პოლიტიკის ყურადღების ცენტრში.

თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა, ჯონ მაკკეინის სახელობის ინსტიტუტთან ერთად, კონფერენცია გამართა, ამ უკანასკნელის დაფინანსებით. ღონისძიება გახსნა სინდი მაკკეინმა, ინსტიტუტის მზრუნველთა საბჭოს წევრმა და გაიხსენა, თუ როგორ მტკიცედ უჭერდა მხარს აწ განსვენებული სენატორი საქართველოს დასავლურ კურსს. 2008 წლის ომის დროს სენატორმა ჯონ მაკკეინმა გაბედულად განაცხადა: "ჩვენ ყველა ქართველები ვართ".

მაგრამ საქართველოში დრო იცვლება. ახლა პოლიტიკური ვითარება უფრო დაძაბული და პოლარიზებული მეჩვენა, ვიდრე წინა ვიზიტების დროს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციას გაანადგურებენ. ამ მოქმედებით საზოგადოებაში განხეთქილება ღრმავდება. არსებობს რისკი, რომ დაძაბულობა შეიძლება დუღილში გადაიზარდოს.

ივნისის თვეში დემონსტრანტები თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ. მათი პროტესტი მიმართული იყო საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, კომპარტიის წევრისა და ქვეყნის სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მხარდამჭერ [სერგეი გავრილოვის] გამოსვლის წინააღმდეგ. საპროტესტო აქციის მიმართ ქართველმა ძალოვანებმა მკაცრი რეაგირება მოახდინეს: დაახლოებით 240 ადამიანი დაშავდა, ხოლო რამდენიმემ თვალი დაკარგა რეზინის ტყვიებით მიზანმიმართული სროლის გამო. ოპოზიციის ლიდერებმა მოითხოვეს იმ ჩინოვნიკის გადადგომა, რომელიც ამ სასტიკ რეპრესიებს კურირებდა - შს მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლა.

მაგრამ გადადგომის ნაცვლად, ივნისის ამბებიდან სამი თვის შემდეგ გიორგი გახარია, რომელიც უაღრესად პოლარიზებულ ფიგურას წარმოადგენს, "ქართული ოცნების" წინააღმდეგობრივმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წამოაყენა. თავისი პოლარიზებული პოზიცია გიორგი გახარიამ პარლამენტშიც გამოავლინა, როცა მისი დამტკიცების პროცესი მიმდინარეობდა: მან პირდაპირ მიმართა ოპოზიციას: "მე თქვენ დაგასრულებთ", - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

ამასობაში "ქართული ოცნების" ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება და მათი სამართლებრივი დევნა გრძელდება. ასევე არ წყდება მთავრობის მხრიდან ზეწოლა და დაშინება მასმედიის იმ საშუალებებისა და არასამთავრობო სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მმართველი პარტიის ხაზს არ ემხრობიან. 'პატრიოტთა ალიანსის' აქცია აშშ-ის საელჩოსთან

სამოქალაქო საზოგადოების წამყვანი ორგანიზაციების ჯგუფმა ამას წინათ ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი გმობენ "საშინელ სიტუაციას, დემოკრატიის უკანდახევას და სახელმწიფოს ზეწოლას", აგრეთვე "ხელისუფლების კონცენტრირებას მმართველი პარტიის ხელში, რაც ძალთა ბალანსს არღვევს და ძირს უთხრის სახელმწიფოს ინსტიტუტების სიცოცხლისუნარიანობას".

ამასწინანდელი საზოგადოებრივი გამოკითხვა, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ეგიდით ჩატარდა, აჩვენებს, რომ ქართველების უმრავლესობა რუსეთს ყველაზე დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხედ თვლის, მაშინ როცა რესპოდენტთა 52% მთავრობას მოსკოვთან მისი რბილი დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს.

ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება რუსეთში დააგროვა. ახალ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც რუსეთში ღრმად აქვს გადგმული ფესვები.

ეს გარემოება გვეხმარება იმის ახსნაში, თუ რატომ ჩაშალა თბილისური კონფერენციის სესია რუსეთის შესახებ, ჩემი მოდერატორობით, პროსამთავრობო მასმედიამ და ისეთმა პოლიტიკოსებმა, როგორიცაა ირმა ინაშვილი, პრორუსული პარტიის ლიდერი - თავისი სატელევიზიო ჯგუფით. მათ გადაწყვიტეს თავიანთი რისხვა ჩემზე გადმოეტანათ, ჯონ მაკკეინზე და საქართველოს სხვა მომხრეებზე დასავლეთთან ინტეგრაციის საკითხში.

უკვე ათ წელზე მეტი ხანია საქართველო ნატოსთან და ევროკავშირთან მჭიდრო ინტეგრაციას ესწრაფვის. მას სურს დაცული იყოს რუსული აგრესიისაგან და ევროპაში თავისი კანონიერი ადგილი ჰქონდეს. საქართველომ რამდენიმე შეთანხმება გააფორმა ევროკავშირთან 2014 წელს, რომელთა საფუძველზე ვაჭრობა გაფართოვდა და მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლა იქნა შემოღებული.

საქართველო მუდმივად იღებს მონაწილეობას მსოფლიოს რიგ ადგილებში აშშ-ისა და ნატოს ეგიდით მიმდინარე სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში. ავღანეთში არსებული ქართული კონტინგენტი ყველაზე მრავალრიცხოვანია ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის. სხვათა შორის, ავღანეთში ქართული ქვედანაყოფების 32 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამჟამად საქართველო ბევრი პარამეტრით უფრო მეტად მზადაა ნატოში გასაწევრიანებლად, ვიდრე ის ქვეყნები, რომლებიც ალიანსის წევრები უკვე გახდნენ.

ქართველები უარს აცხადებენ მოსკოვისადმი დამორჩილებაზე, მაგრამ მათ დასავლეთის მხარდაჭერაც ჭირდებათ, განსაკუთრებით კი აშშ-ის დახმარება - დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაში, რუსული აგრესიის შემდგომ შეკავებაში.

საქართველოს ზოგიერთი მომხრე თავშეკავებულად აკრიტიკებს ბოლო მოვლენებს და ფრთხილობს, ვაითუ დასავლელმა ლიდერებმა ამ ქვეყნისადმი - დემოკრატიის კუნძულისადმი - ინტერესი დაკარგონო. არადა, სინამდვილეში ქართველები იმსახურებენ იმას, რომ მათმა უცხოელმა მეგობრებმა ხელისუფლებას სიმართლე უთხრან და ერთად გამოვიდნენ იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყნის არასწორი მიმართულებით წაყვანას ცდილობენ. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ