"კულუარებიდან ვიცი, რომ ხელისუფლებაში შესაძლოა, მალე არაერთი თავი დაგორდეს" - კვირის პალიტრა

"კულუარებიდან ვიცი, რომ ხელისუფლებაში შესაძლოა, მალე არაერთი თავი დაგორდეს"

"სალომე ზურაბიშვილმა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. ჩემთვის აუხსნელია, როგორ მიიყვანა საქმე აქამდე"

შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ გასული კვირის, არამედ უახლოესი ისტორიის სკანდალადაც კი იქცა მარიამობის დღესასწაულისთვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოცემული შეწყალების აქტი, რომლის 34-კაციან სიაში სამი განზრახ მკვლელობაში მსჯავრდადებული, ერთი კი ეკონომიკური დანაშაულისთვის გასამართლებული და ძებნილი აღმოჩნდა. ეს თემა უპრეცედენტოდ იქცა იმიტომაც, რომ პირველი შეთხვევაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა პრეზიდენტის შეწყალების აქტით პროკურატურა დაინტერესდა და საკითხის შესწავლა დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, რადგან ეს საზოგადოებას ვითარების გარკვევაში დაეხმარება და ბოლოს მოუღებს ეჭვებსა და ინსინუაციებს, რაც მომხდარს მოჰყვა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციასთან გააპროტესტა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, სოციალურ ქსელში კი არ წყდება მითქმა-მოთქმა მომხდარის თაობაზე. ამ სკანდალმა, ფაქტობრივად, გადაფარა მამუკა ხაზარაძის დაფუძნებული ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" 12 ლიდერის წარდგენა. ექსპერტ მამუკა არეშიძესთან საუბარი შეწყალების სკანდალზე საუბრით დავიწყეთ:

მამუკა არეშიძე

- სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა ძალიან სერიოზული შეცდომა თავიდანვე. გახსოვთ, ალბათ, მისი პირველი ნაბიჯები შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, როდესაც თქვა, რომ არ სურდა შეწყალების უფლება შეენარჩუნებინა. საბოლოოდ აღარ შეიქმნა შეწყალების კომისია, რომელიც მანამდე მუდმივად არსებობდა; შესაწყალებელთა სიებიც ბუნდოვან ვითარებაში დგებოდა. როგორც ვიცი, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს ჯგუფი, რომელიც შეწყალების საკითხებზე მუშაობს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი პრეზიდენტის მოვალეობაა. რატომ დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა ამის წინააღმდეგ გალაშქრება, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო თავიდანვე და გაუგებარია ახლაც.

ჩემი აზრით, ბოლო შეწყალების აქტისას აშკარად ჩანს კონკრეტული პირების დაინტერესება, რომლებმაც ეს ბუნდოვანი ვითარება სათავისოდ გამოიყენეს. გამიჭირდება იმაზე ლაპარაკი, ჩაიდინეს თუ არა დანაშაული იმ ადამიანებმა, ვინც პრეზიდენტს ამ სიას უმზადებდა, თუმცა ჩემთვის ძალიან საეჭვოა, რომ მაგალითად, შეწყალებულთა შორის მკვლელობაში მსჯავრდადებული სამი პირიდან ორი აჭარიდანაა... ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ვიღაცებს მიანდო მასალების მომზადება და, სავარაუდოდ, ამ საქმეებს პირადად საფუძვლიანად არ გაეცნო. ეს მას ბუმერანგივით დაუბრუნდა უკან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტის ზურგს უკან მოხდა დანაშაული და ვიღაცამ მართლაც აიღო ქრთამი, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელი მაინც პრეზიდენტია, ასე რომ, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. ჩემთვის აუხსნელია, რატომ გააკეთა ეს, როგორ მიიყვანა საქმე აქამდე და არ ვიცი, როგორ დააღწევს თავს ამ რთულ ვითარებას. ქვეყანაში არსებული ისედაც მძიმე მდგომარეობის ფონზე ამ ნაბიჯით მან, ფაქტობრივად, კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა ქართულ სამართალს.

- ეს საკითხი იქცა პროტესტის მიზეზად აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორებისთვის, რომლებმაც მორიგი საპროტესტო აქცია 20 სექტემბერს გამართეს. მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს გახარიას გადადგომა. ამ აქციაზე გამოჩნდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მათ შორის იყო მამუკა ხაზარაძეც... აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ აქვთ ახალი სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც აპირებენ, შექმნან და გააძლიერონ აქტივისტთა ჯგუფები, რომლებიც მოსვენებას არ მისცემს ხელისუფლებას. "შევქმნით ახალ მედიაპლატფორმებს, რომლებიც დაამარცხებენ ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტულ მედიებს. შევქმნით ელფების არმიას, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილის ტროლებს. დაიწყება ფართომასშტაბიანი კამპანია, რათა ამომრჩეველმა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი," - ვკითხულობთ მათ განცხადებაში... - ჩემი აზრით, აქცია "სირცხვილიას" უკან აშკარად იკითხება "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი განაყოფების ინტერესები, რომელთაც შანსი არა აქვთ, ამ ტიპის მოძრაობას ჩაუყარონ საფუძველი და ეს მასობრივი გახადონ.

მოვისმინე განცხადებები, რომ ისინი აპირებენ რეგიონებში ჩასვლას, არადა, ნებისმიერ რეგიონში, სადაც უნდა ჩავიდნენ, აუცილებლად დახვდებათ ორი-სამი ადამიანი, რომლებსაც თავის დროზე სწორედ "ნაციონალების" გამო დაატყდათ თავს უბედურება.

ისინი, ვისაც თვითონ არაერთი დანაშაული აქვთ ჩადენილი, სხვის დანაშაულზე ლაპარაკით შედეგს ვერ მიიღებენ. ბევრს არ უნდა ამ ადამიანების გვერდით დგომა და არა იმიტომ, რომ ან სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მოსწონთ, ან ის, რაც 20-21 ივნისს მოხდა, მაგრამ როდესაც ამას აკრიტიკებს ძალა, რომელსაც თვითონ არაერთი ამგვარი და უარესი აქვს ჩადენილი, ეს ისევ ხელისუფლების პოზიციას ამაგრებს.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის "სირცხვილიას" აქციაზე მისვლას და სიტყვით გამოსვლას...

იმ დროს, როცა ხაზარაძე რუსთაველზე მივიდა, დამირეკა ერთმა ნაცნობმა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო დაპატიმრებული და ჯოჯოხეთი გამოიარა; დამირეკა რომ ეთქვა, რუსთაველზე ვარ, მამუკა ხაზარაძე მოვიდა, უნდა მივიდე და ვკითხო, მე რომ დაჭერილი ვიყავი ან 2011 წლის 26 მაისს აქ რომ ხალხი დახოცეს, მაშინ სად იყოო? დიდი ხვეწნა-მუდარით გავაჩერე, თორემ ამას, სავარაუდოდ, ექსცესი მოჰყვებოდა.

ეს კითხვა ბევრს გაუჩნდება, მით უმეტეს, თუ ის "ნაცმოძრაობის" გვერდით დაინახეს - ეს უნდა იცოდეს მამუკა ხაზარაძემ და პასუხისთვისაც მოემზადოს! რაც შეეხება მის წარმოდგენილ გუნდს, მასში ბევრი პატივსაცემი ადამიანია, მაგრამ ამ გუნდით რთულია სერიოზულ პოლიტიკურ გარღვევაზე ფიქრი, მით უფრო, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი. არ ვიცი, მამუკა ხაზარაძე რა პროგრამას, მოქმედების რა ტაქტიკას შესთავაზებს საზოგადოებას; ვნახოთ, მალე იქნება მისი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია და ამის შემდეგ უფრო ადვილი იქნება მის შანსებზე ლაპარაკი. საზოგადოების ნაწილს აუცილებლად ექნება მისი ბიოგრაფიის მიმართ პრეტენზია - ვგულისხმობ მის საბანკო საქმიანობას.ესეც უნდა გაითვალისწინოს და ამ წინააღმდეგობისთვისაც იყოს მზად.

- რას ფიქრობთ ენ-დი-აის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევის შედეგზე, რომლის თანახმად, ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა არ იცის, ვის უნდა მისცეს ხმა? - ენ-დი-აის დასკვნებს მაინცდამაინც არ ვენდობი, რაც, ძირითადად, ამ ორგანიზაციის ქართველი პარტნიორების ბრალია, თუმცა ამჯერად აშკარაა, რომ კვლევის შედეგი საზოგადოების განწყობას მეტ-ნაკლებად ასახავს. საზოგადოებაში არსებობს პოლიტიკური ნიჰილიზმი. რა გასაკვირია, რომ ამომრჩეველს არავინ, არც ერთი პოლიტიკური პარტია აღარ აინტერესებს?! საქმე ის არის, რომ ყველა არჩევნების წინ გაიცემა უამრავი დაპირება, რომელთა ნახევარიც არ სრულდება, ეს კი დიდ იმედგაცრუებას იწვევს.

ადამიანი მსჯელობს საკუთარი სოციალური მდგომარეობით, თავისი ოჯახის შემოსავლის დონით. როდესაც ხედავს, რომ მისი მდგომარეობა წლიდან წლამდე არ იცვლება ან უარესდება, ბუნებრივად უჩნდება ნიჰილიზმის განცდა. დღეს ჩვენ ნიჰილიზმის ზეობის დროში ვცხოვრობთ. კიდევ ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი - დღევანდელი ქართული პოლიტიკური იდეა არის ცარიელი! როდესაც ვამბობთ, პოლიტიკური სივრცეა ცარიელიო, არასწორია; ეს სივრცე გადავსებულიც კია, მაგრამ დაცლილია პოლიტიკური იდეებისგან.

ერთადერთი იდეა, რაც ასულდგმულებს პოლიტიკურ სპექტრს, იმის მტკიცებაა, ის ცუდია და მე კარგი ვარო!

თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია ამას მიაშველებს, პირობითად, 20 ლარსაც, საზოგადოების ნაწილი შეიძლება მიიმხროს კიდეც. ეს ადამიანები განა ვერ ხვდებიან, რომ ტყუილში ერევიან, მაგრამ აკეთებენ ამას, რადგან ეს 20 ლარი სჭირდებათ. მაგრამ ეს ამომრჩეველი არ არის ის, ვინც იმ პოლიტიკური ძალის დაძახილზე, რომელსაც ხმას აძლევს, რევოლუციაში მიიღებს მონაწილეობას ან ახალი ქვეყნის მშენებლობისთვის დაიკაპიწებს ხელებს. ხალხი მხოლოდ მაშინ არის უანგარო და კონსოლიდირებული, როდესაც არის იდეა - ეს არის აქსიომა და ისტორიული გამოცდილებაც ამას გვკარნახობს!

თუ პოლიტიკა დაცლილია იდეისგან, შედეგები არის ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს. რაც უნდა შემოიხიონ ტანსაცმელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, ან გინდაც სახელისუფლებო პარტიის ზოგიერთმა ლიდერმა, ისინი პოლიტიკურ ამინდს ვერასდროს შექმნიან...

- საინტერესოა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა პერსონალურ რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა კახა კალაძე. ის უსწრებს პრეზიდენტსაც და პარლამენტის თავმჯდომარესაც... - ვფიქრობ, ეს სრულიად ობიექტური შედეგია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ "ქართულ ოცნებაში" ამ შედეგს სიმშვიდე ბევრისთვის დაეკარგა. ძლიერ პოლიტიკურ ფიგურას მუდმივად ჰყავს მტრები შიგნითაც და გარეთაც... კახა კალაძე არის ლიდერი, რომელსაც აქვს თავისი მოქმედების სტილი და უამრავი ნაცრისფერი პოლიტიკოსის ფონზე ის ამ სტილით ძალიან მკაფიოდ ჩანს... ასევე ჩანს მისი გაკეთებული საქმეები, რაც ხარისხიანადაც გამოიყურება. ძალიან საინტერესოა, რომ მისი პოლიტიკური მესიჯების უპირველესი ადრესატები ახალგაზრდები არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სეგმენტი პოლიტიკურად ინერტულია, არადა, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესია მათი აქტიურობა. ჩაცმულობის სტილით დაწყებული, ტექნოლოგიურ სიახლეებზე ლაპარაკით დამთავრებული, კალაძე სწორედ ახალგაზრდობის ყურადღების ცენტრში ყოფნას ახერხებს.

ჩვენ გვყავს დასავლეთზე ორიენტირებული ახალგაზრდობა, შესაბამისად, ისინი მასში სწორედ დასავლური ტიპის ლიდერს ხედავენ. რასაკვირველია, მას ჰყავს მტრები, რომელთაც ის ძლიერ კონკურენტად მიაჩნიათ. ფაქტია, რომ გიორგი გახარია და კახა კალაძე "ქართული ოცნების" ლიდერებად იქცნენ. ახლა ხიფათი ის არის, რომ ისინი არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, მათ გარემოცვაში ბევრი იქნება ისეთი, ვინც შეეცდება, ეს ორი ადამიანი ერთმანეთს დააჭიდოს. მით უფრო, რომ წინ საპარლამენტო არჩევნებია და საპარლამენტო სიაა დასაწერი. იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი მოახერხებენ, დააღწიონ თავი შიდა ინტრიგებს...

- გახარია ახსენეთ და საინტერესოა, რას ფიქრობთ მის პრემიერობაზე. ხომ ფაქტია, რომ მისი დაწინაურებით "ქართულმა ოცნებამ" შექმნა დაძაბულობის მუდმივი კერა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს შეიძლება განზრახაც კი იყოს გაკეთებული, რადგან მუდმივი დაძაბულობისა და საზოგადოების პოლარიზაციის ფონზე "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობისგან" მტრის ხატს კიდევ ერთხელ გამოკვეთს და იოლად შეძლებს წარმატების მიღწევას... - რასაკვირველია, ამაში არის სიმართლის მარცვალი. ეს არის ტაქტიკური სვლა. როდესაც ოპონენტად გყავს "ნაციონალური მოძრაობა", უკვე წინ ხარ. შენი მოქმედების შედეგად ორმა ადამიანმა კი დაკარგა თვალი და ეს ტრაგედიაა, მაგრამ შენი ოპონენტის მოქმედების შედეგად გაცილებით მეტმა დაკარგა თვალიც და სიცოცხლეც. ვის არ აძლევს ხელს ასეთი მოწინააღმდეგე?!

ერთიც არის - როდესაც არსებობს ქარიზმატული ფიგურა, რთულია, მას კლიშეებით ებრძოლო ან მართო. ქარიზმატულ ფიგურას ახასიათებს ვითარების შემობრუნება ან ემოციური მუხტის გამოყენებით, ანაც მშრალი პრაგმატული ლოგიკით. მხარდამჭერები გახარიაში ხედავენ ამ მშრალი ლოგიკის მიმდევარს, რომელსაც აქვს ქარიზმა. ეს კარგად დაინახა "ოცნების" ხელმძღვანელობამაც. ამ ოპოზიციის ხელით გახარიას წაქცევა, ჩემი აზრით, წარმოუდგენელია, თუ გავლენების გაძლიერების გამო ისევ პარტიაში არ დაუპირისპირდნენ.

ერთ რამესაც მინდა მივაქციო მკითხველის ყურადღება - რატომ არის დაცემული "ქართული ოცნების" რეიტინგი? ამის მიზეზია შეუსრულებელი დაპირებები, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები, სამართლიანობის არაღდგენა და კოაბიტაცია. ამის გამოსწორება ერთ წელიწადში წარმოუდგენელია, თუმცა "ქართული ოცნება" შეეცდება, ამ საყოველთაო ნეგატიური ფონის პირობებში როგორმე მოახერხოს პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა. ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა სწორედ ამის მაგალითია. ეს ნამდვილად უმნიშვნელოვანესი პროექტია, მაგრამ ერთი ამგვარი პროექტი გაზაფხულს ვერ მოიყვანს.

წინასაარჩევნო პროცესში ეს შეიძლება იქცეს ელექტორატის ნაწილის მოზიდვის მიზეზად, მაგრამ ეს ვერ იქნება საკმარისი ქვეყნის რეალური განვითარებისთვის. ამისთვის საჭიროა რაც შეიძლება დიდი ეკონომიკური პროექტების განხორციელება და ეს არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ იმისთვის, რომ ვიღაცამ არჩევნები მოიგოს. იმედია, "ქართულ ოცნებაში" ბოლოს და ბოლოს დაინახეს პოზიტიური დღის წესრიგის აუცილებლობა, გაიგეს, რომ იმ დაპირებებს, რომლებიც 2012 წელს გაიცა, შესრულება სჭირდება. ვფიქრობ, გიორგი გახარიას აქვს რესურსი, განახორციელოს მნიშვნელოვანი ცვლილებები. როგორც კულუარული ინფორმაციებით ვიგებ, სახელისუფლებო ვერტიკალში შეიძლება მალე არაერთი თავი დაგორდეს. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, ვფიქრობ, არჩევნებამდე კიდევ ვიხილავთ მის ცვლილებებს. როგორც ვიცი, ზოგიერთ მათგანს გამოსაცდელი ვადა აქვს მიცემული...

- 4 სექტემბერს ჩაკეტილი ოკუპირებული ახალგორის გზის გახსნის პერსპექტივა ისევ ბუნდოვანია... პარალელურად, რთულება აფხაზეთში გალელების ცხოვრებაც... - დღეს აფხაზეთში მდგომარეობა უფრო შეცვლილია, ვიდრე იყო გუშინ.კვიწინიას მარცხმა აფხაზების ნაწილი გვარიანად აღაშფოთა. უფრო ის აბრაზებთ, რომ საბოლოოდ ისევ მოსკოვში გადაწყდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დე ფაქტო პრეზიდენტი. ამ პროცესმა ძალიან სერიოზული პრობლემები ამოიტანა ზედაპირზე. ეს არის, უპირველესად, ის ეთნოსურათი, რაც აფხაზეთშია შექმნილი - ვგულისხმობ აფხაზურ-სომხურ დაპირისპირებას, რამაც სერიოზული მასშტაბი მიიღო. ეს არ არის მარტივი დაპირისპირება. რომ გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, იქ ისეთი ომი მიმდინარეობს, აფხაზების მხრიდან ისეთი ზიზღი იფრქვევა სომხების მიმართ!.. არადა, ამ ცოტა ხნის წინ ეს წარმოუდგენელი იყო... ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს მომავალში.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს... ახალგორში ვითარება უკიდურესად მძიმეა. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას ადგილობრივ ოსებს შორის ჰყავს მოწინააღმდეგეები; ნახავთ განცხადებებს, რომლებშიც ისინი კითხულობენ, როცა ნათესავები გვყავს საქართველოში, ჩრდილოეთ ოსეთიდან სამკურნალოდ თუ სავაჭროდ არაერთი ოსი დადის თბილისში, რატომ ვიქცევით ასე, რატომ ვამწვავებთ ვითარებასო?! სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც ასე ფიქრობენ, ჯერჯერობით ცხინვალში ამინდს ვერ ქმნიან, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ განწყობის გამოყენებით შესაძლებელია კულუარული მოლაპარაკებები და ამ პრობლემის მოგვარება... უფრო გააზრებული პოლიტიკის წარმოება გვმართებს.