"თუ პრეზიდენტი მორატორიუმს გამოაცხადებს, ესე იგი იტყვის, სახელმწიფო მე ვარო"
"თუ პრეზიდენტი მორატორიუმს გამოაცხადებს, ესე იგი იტყვის, სახელმწიფო მე ვარო"
ფოტო:სალომე ზურაბიშვილი
"როდესაც გადაწყვეტილებას იღებ შეწყალებაზე, უნდა გქონდეს ახსნა, რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, რა პროცედურებით, როგორ განასხვავე ეს საქმე სხვა საქმეებისგან, ერთი პირი მეორისგან, რამდენიმე ათასი განცხადებაა შესული და აქედან რამდენიმე ათეული როგორ ამოარჩიე, ვინ ამოარჩია"

იურისტ ლევან ალაფიშვილის აზრით, შეწყალების საქმეზე პრეზიდენტი და ყველა ის პირი უნდა დაჰკითხონ, ვისთანაც კითხვები გაჩნდა. ალაფიშვილის თქმით, პრეზიდენტის დასაკითხად ყველაზე ლეგიტიმური ადგილი პარლამენტი იქნება.

ლევან ალაფიშვილი, იურისტი:
- პრეზიდენტი, როგორც პირდაპირი ლეგიტიმაციის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ანუ ხალხის
მიერ არჩეული, უნდა წარდგეს პარლამენტის წინაშე ან საგამოძიებო ორგანოში. ყველა, ვისაც შეიძლება შეხება ჰქონდეს გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ფაქტებთან, უნდა დაიკითხოს.

- თუ არ მისცა ჩვენება სალომე ზურაბიშვილმა, რა მოხდება?
- პრეზიდენტს, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, უფლება აქვს ჩვენება მისცეს არა გამოძიების ორგანოს, ვთქვათ, პროკურატურას, არამედ შეუძლია სასამართლომ
დაჰკითხოს. ეს ადამიანის უფლებაა, მაგრამ ვალდებულებაა, აუცილებლად მისცეს ჩვენება.

მმართველი პოლიტიკური ძალა და მთავრობა ძალიან მძიმე დღეში ჩააყენა მათ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა. ვფიქრობ, ამიტომ დაიწყეს ე.წ. მაშველი რგოლის ძებნა. საზოგადოების ყურადღება რომ გადაეტანათ, მმართველ ძალას ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა, გამოძიება უნდა დაეწყო. თუ ამას არ იზამდა, მაშინ უნდა მოეხდინა ზეწოლა, რომ პრეზიდენტი თვითონ გადამდგარიყო. ეს უფრო დააზარალებდა მმართველ პოლიტიკურ ძალას, ამიტომ დაიწყეს გამოძიება. პროკურატურა როგორი ობიექტურია და როგორ იყენებს მას მმართველი გუნდი, ყველამ იცის. ამიტომ ერთი საშუალება რჩებათ - საზოგადოების დასანახავად ვითომ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, მაგრამ არ გვეტყვიან, რა შინაარსის ფაქტობრივი გარემოებები დაადგინეს, იტყვიან, ეს საიდუმლოაო. თუკი ვერ მიაღწიეს მიზანს, გამოგვიცხადებენ, ვერ ვნახეთ დანაშაულის ნიშნებიო.

- როგორც იურისტი, პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს ხედავთ?
- უფლებამოსილება არ ნიშნავს კანონსა და სახელმწიფოზე ძალადობას. შეწყალება ჰუმანურობის აქტია, სახელმწიფო შანსს აძლევს პირს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი უფლებამოსილება საკუთარ ნებაზე იყოს მიშვებული.

როდესაც გადაწყვეტილებას იღებ შეწყალებაზე, უნდა გქონდეს ახსნა, რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, რა პროცედურებით, როგორ განასხვავე ეს საქმე სხვა საქმეებისგან, ერთი პირი მეორისგან, რამდენიმე ათასი განცხადებაა შესული და აქედან რამდენიმე ათეული როგორ ამოარჩიე, ვინ ამოარჩია.

საზოგადოებას ყველაფერი უნდა აუხსნა, თორემ პასუხი, მე ასე მინდაო, კონსტიტუციიდან გასული ქმედება იქნება.

- კანონი აიძულებს პრეზიდენტს განმარტოს რამე?
- წარმოიდგინეთ, ვმსჯელობთ პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტზე, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ღირსადაც არ თვლის, რაიმე აუხსნას. რას ჰქვია, არ მიხსნი, რატომ შეიწყალე, შენ მე აგირჩიე, ჩემი გადასახადებით გინახავ შენ და შენს აპარატს და არ მთვლი იმის ღირსად, ამიხსნა რამე? ამით სალომე ზურაბიშვილი გვეუბნება, სახელმწიფო მე ვარო.

- როგორ ფიქრობთ, ამ საქმის გამოძიება ბოლომდე მივა?
- გამიხარდება, თუ მოლოდინი გამიცრუვდება, მაგრამ პროკურატურამ დანაშაულის ნიშნები რომც გამოკვეთოს, ყველაფერი იმპიჩმენტით უნდა დასრულდეს, ეს კი იმას ნიშნავს, ხელისუფლებამ საკუთარ თავს გამოუტანოს განაჩენი.

- მიხეილ სააკაშვილი ანალოგიურად იწყალებდა პატიმრებს.
- მე მაშინ გავაპროტესტე მიხეილ სააკაშვილის ქმედება, როდესაც მან შეწყალება კანონშეუსაბამოდ გამოიყენა. სამეგრელოს გუბერნატორად დანიშნა გუნავა და მას ნასამართლობა მოუხსნა მაშინ, როცა სასამართლო პროცესი არც იყო დამთავრებული. "ქართული ოცნება" დილემის წინაშეა, ქვეყნის გარეთ, ობიექტურ დამკვირვებელს როგორ უნდა აუხსნას, მიხეილ სააკაშვილი რისთვის გაასამართლა და სალომე ზურაბიშვილს რატომ დააფარა ხელი? ზურაბიშვილმა აღმასრულებელ უწყებასაც არ აუხსნა, რატომ შეიწყალა ეს ხალხი. მგონი, ეგონა, ძებნილი პირი ციხეში იჯდა და იმიტომ შეიწყალა.

- მორატორიუმის გამოცხადება რამდენად სწორი იყო?
- ჟურნალისტები სისტემატურად უნდა დაუკავშირდეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ყველამ უნდა ვუთხრათ, მორატორიუმი რომ გამოაცხადა, ეს ბრძანებულება წერილობით გვაჩვენოს. ამას წერილობით რომ არ გამოსცემს, დარწმუნებული იყავით, რადგან ეს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა იქნება. შეწყალება რომელიმე ინსტიტუტის უფლება კი არ არის, ის ინსტიტუტებზე, კონსტიტუციაზე მაღლა დგას. პრეზიდენტის უფლებამოსილებაა ხელი მოაწეროს რომელიმე კანონს, ეს ინსტიტუციურია, მაგრამ შეწყალება სახელმწიფოსია. თუ მორატორიუმს გამოაცხადებს, ესე იგი, იტყვის, სახელმწიფო მე ვარო, მაგრამ მეეჭვება, ეს წერილობით გააფორმოს და არ ჰყავდეს ადმინისტრაციაში ისეთი მრჩევლები, იურისტები, რომლებმაც იციან კონსტიტუცია, და არ აუხსნან, რომ ეს უხეში შეცდომა იქნება.

- მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ დაუკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და უთხრეს, პრეზიდენტმა არ იცოდა, დავით ოთხმეზურის მკვლელს თუ იწყალებდაო. ეს რას ნიშნავს?
- მედიით გავრცელებული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებისთვის არის საფუძველი იმისა, რომ კონკრეტული ქმედებები განახორციელოს - უპირველესად უნდა დაჰკითხოს ის პირები, ვისთანაც ზარი შევიდა და საქმეს ახალი მიმართულება მიეცემა, მაგრამ გამოდის, საქმე არც შეუსწავლიათ. დიახ, საქმის მნიშვნელოვანი დეტალია ზურაბიშვილის ადმინისტრაციიდან ოთხმეზურების ნათესავებთან განხორციელებული ზარი. რას ჰქვია, არ ვიცოდიო, განაჩენიც არ უნახავს? მარტო პატიმრის სახელი და გვარი ნახა?
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები