"არ გამოვრიცხავ, რომ წულუკიანი ივანიშვილს აშანტაჟებდა" - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, რომ წულუკიანი ივანიშვილს აშანტაჟებდა"

"ექსტრადიციის საკითხებში ჩავარდნებიც თეა წულუკიანის კისერზეა, კეზერაშვილი, ახალაია, ადეიშვილი არ ჩამოიყვანეს იმიტომ, რომ არ იყო პოლიტიკური მოთხოვნა"

საქართველოს ორი ვიცე-პრემიერი ჰყავს და ორივე ქალი მინისტრია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და "მარად მწვანე" იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. რით აიხსნება მისი დაწინაურება, რომლის გადადგომას სამოქალაქო სექტორი წლებია ითხოვს და რა სტრატეგიით მოქმედებს "ოცნება", ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრა" იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს ესაუბრა.

- შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მთავრობის ახალ შემადგენლობაში პოზიტიური ელემენტები ვერ დავინახე, მაგრამ დავინახე სერიოზული აქცენტირება ძალოვანებზე.

ირაკლი ღარიბაშვილის ფუნქცია, ალბათ, საარჩევნოდ ჯარის მობილიზება იქნება. მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილს არჩევნები ავღანეთშიც წაგებული აქვს, ამიტომ თავდაცვის მინისტრი ავღანეთში აღარ დაუშვებს ოპოზიციურ განწყობას. ასევე კითხვებს აჩენს გახარიას დაწინაურება.

- თეა წულუკიანის დაწინაურება არ გიჩენთ კითხვებს? - მაია ცქიტიშვილის კისერზეა დაუხარჯავი მილიონობით ლარი. სახელმწიფოს ინფრასტრუქტურაში ფული რომ დაეხარჯა, უამრავი ადამიანი დასაქმდებოდა.

თეა წულუკიანის კისერზეა სასამართლო სისტემაში არსებული სავალალო სიტუაცია.

სავარაუდოდ, ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც ეს ადამიანები შეარჩიეს, არის ბიძინა ივანიშვილის ერთგულება.

- გახარიამ ვიცე-პრემიერად დანიშნა ადამიანი, რომლის გადადგომასაც სამოქალაქო სექტორი წლებია ითხოვს. - წულუკიანის გადადგომის საკითხი მეც არაერთხელ დავსვი. მას არც ერთ რეფორმაში არა აქვს რაიმე მიღწევა. საზოგადოებრივ ცენტრებს რომ ხსნის, ეს წულუკიანის მიღწევაა? 8 წელია მინისტრია და ერთადერთი, რასაც "მიაღწია", სასამართლოში ბაკქანალიაა.

- საერთაშორისო არენაზე საქართველოს იმიჯის შელახვასა და პროკურატურის ე.წ. რეფორმირებაზე პასუხისმგებლობა თეა წულუკიანს არ ეკისრება? - პროკურატურაში რეფორმა არ გატარებულა, არც თადუმაძეს გაუკეთებია რამე და არც თეა წულუკიანს. პრობლემა ის არის, რომ "ოცნებას" სისტემური ცვლილებები არა აქვს. სადღაც გზას რომ დააგებენ, ეს სისტემური ცვლილება არაა. რომელიღაც შენობის გახსნა არ შეიძლება საამაყო იყოს.

ექსტრადიციის საკითხებში ჩავარდნებიც თეა წულუკიანის კისერზეა, კეზერაშვილი, ახალაია, ადეიშვილი არ ჩამოიყვანეს იმიტომ, რომ არ იყო პოლიტიკური მოთხოვნა. ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო...

საარჩევნო წელი მოახლოვდა და როგორც პოლიტიკური, ისე საჯარო სამსახურების მობილიზება დაიწყეს. თავდაცვის, პოლიციის და სხვა საჯარო სექტორის ხმა იმდენია, რომ არჩევნებს მოგაგებინებს. ამ საქმეში აუცილებლად საჭიროა იუსტიციის სამინისტრო, თუმცა გამიჭირდება თქმა, რომ არჩევნებს მასობრივად გააყალბებენ, ამ ინტერნეტის ეპოქაში ეს უთუოდ გამომჟღავნდება.

- თეა წულუკიანი ერთადერთი მინისტრია, რომელიც 7 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. - ის გუნდის წევრია და აქვს ინფორმაცია კლანის შეთანხმებებზე, სასამართლოს ამბებიც კარგად იცის, მაგალითად, ის, თუ რატომ გადაიფიქრა "ოცნებამ" სამართლიანობის აღდგენა.

აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ წულუკიანი ივანიშვილს აშანტაჟებდა.