პოლიტიკური პასეანსი - კვირის პალიტრა

პოლიტიკური პასეანსი

"ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთ ნავში სხედან და ერთი მიმართულებით უსვამენ ნიჩბებს. სამშვიდობო პოლიტიკური ნაპირი ორივეს ერთი აქვს - ან ერთად გავლენ პოლიტიკურ სამშვიდობოს, ან სხვა პოლიტიკური ძალებით ჩანაცვლდებიან. ეს არის დღევანდელი პოლიტიკური სივრცის უცნაური, მაგრამ მთავარი ლოგიკა"

19 სექტემბერს "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) მორიგი საზოგადოებრივი გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ გამოკვლევა მაშინ ჩატარდა, სანამ სამთავრობო ცვლილებები გატარდებოდა და პოლიტიკურ ასპარეზზე მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობით გამოვიდოდა, შედეგები, წესით, დამაფიქრებელი უნდა იყოს როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 45% თვლის, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს პარტია, რომელიც მის შეხედულებებთან ახლოს დგას. 19% ასეთ პარტიად "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 9% - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". ერთნაირია "ევროპული საქართველოსა" და "პატრიოტთა ალიანსის" მაჩვენებელი - 4-4%. გამოკითხულთა ნახევარზე მეტს, 57%-ს, ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს, 41% კი არჩევნებზე საერთოდ არ წავიდოდა.

ამ საზოგადოებრივი განწყობისა და დღეს არსებული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება დალაგდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური სპექტრი და ვის ხელში აღმოჩნდება გამარჯვებისთვის საჭირო ბანქო, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება:

- NDI-ს კვლევა შეიძლება კითხვებს აჩენს, მაგრამ ფაქტია, ის ქვეყანაში არსებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს. მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის ნიშანდობლივი უნდა იყოს კვლევის ის ნაწილი, სადაც პოლიტიკურ რეიტინგებზეა ლაპარაკი და რომლის მიხედვითაც მეორე ადგილზე გასული ოპოზიციური პარტია, "ნაციონალური მოძრაობა", სულ ცოტა, 2-ჯერ ჩამორჩება სახელისუფლებო გუნდს. ის ერთადერთია, რომელმაც მოქმედი საარჩევნო კოდექსით გადალახა 5%-იანი ბარიერი. 4-4%-იანი მხარდაჭერა აქვთ "ევროპულ საქართველოსა" და "პატრიოტთა ალიანსს", დანარჩენები უარეს მდგომარეობაში არიან.

საუკეთესო მდგომარეობაში არც მმართველი პარტიაა, მაგრამ ოპოზიცია გაცილებით სავალალო დღეშია, მით უფრო, თუ გავიხსენებთ შარშან ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ მიღებულ მხარდაჭერას, რომელიც 40%-ის ფარგლებში იყო. არ უნდა დავივიწყოთ 20-21 ივნისის მოვლენებიც, რასაც, წესით, ოპოზიციის წისქვილზე უნდა დაესხა წყალი. ფაქტია, ის მხარდაჭერა, რომელიც ოპოზიციურმა კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო, ოპოზიციას თვალსა და ხელს შუა შემოეფცქვნა - ჯამურად იმ პროცენტებსაც ვერ იღებს, რაც მაშინ ვაშაძემ აიღო. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას იმედი გაუცრუა არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ ოპოზიციამაც. მეორე მხრივ, ოპოზიციის საკვლევია, რატომ ვერ მოახერხა 20-21 ივნისის მოვლენების პოლიტიკურად გამოყენება საკუთარი რეიტინგის გასაზრდელად. უხეშად რომ ვთქვათ, 20-21 ივნისს ხალხმა და ამ საპროტესტო ტალღის უკან მდგომებმა ოპოზიცია ვერ მიიჩნიეს საკუთარ წინამძღოლად ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. საქმე ის არის, რომ 20 ივნისს ხალხი ქუჩაში გამოვიდა უპირველესად იმიტომ, რომ დაინახა ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის ნიშნები.

ხვალ რომ იმართებოდეს არჩევნები, თანაც ბარიერი ნულოვანი იყოს, ცხადია, მომავალი პარლამენტი იმდენად ფრაგმენტირებული და ბრინჯივით დაშლილი იქნებოდა, რომ "ოცნება" უმარტივესად შეძლებდა მოეხვეტა ეს დაფანტულ-დაშლილი ოპოზიცია და საკუთარ ყულაბაში ჩაეგდო. შესაბამისად, მართლაც არსებობს საფრთხე, მივიღოთ ფორმალურად მრავალპარტიული კოალიცია, თუმცა რეალურად კვლავაც ერთპარტიული მმართველობა იქნება - სათავეში "ქართული ოცნებით". ის პარტიები, რომლებიც ამ კვლევით 1, 2 ან 3%-ს ეთამაშებიან, ძალიან ნუ დაიმშვიდებენ თავს, რადგან კონკურენცია იმდენად მაღალი იქნება საპარლამენტო არჩევნებზე, იმდენი პარტია მიიღებს მონაწილეობას, ისე იქნება სატელევიზიო სივრცე გადავსებული პოლიტიკური გამოსვლებით, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას პოზიციონირება გაუჭირდება. ხმები ძალიან დაიქსაქსება - ვინც ამ კვლევით, ვთქვათ, 3% მიიღო და ფეხის ფეხზე გადადებას აპირებს, შეიძლება საერთოდ ხელცარიელი დარჩეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავის დაზღვევის მიზნით "ქართული ოცნება" ხელს შეუწყობს სატელიტი პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბებას და პარლამენტში შეყვანას. ეს მიმიკრიები, რომლებიც "ოცნების" სხეულს არიან მიკრული და უკვე მეორე პარლამენტში არიან მოკალათებული, უკვე ცალკე სუბიექტებად მოგვევლინებიან. თუმცა, თუ არსებითად არაფერი შეიცვალა ოპოზიციურ სპექტრში, მათ გარეშეც არ გაუჭირდება "ქართულ ოცნებას" პარლამენტში 1-2 კაცით შესული პოლიტიკური ძალების საკუთარ ყულაბაში ჩაყრა და მრავალპარტიულობის "ფერუმარილად" გამოყენება.

- რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, ეს შედეგი რომ არ მიიღოს?

- ის ტაქტიკა, რომლითაც დღემდე მუშაობდა ოპოზიცია, არაფერში გამოდგება - ჯერ ერთი, ამ ტაქტიკამ გამოიწვია სრული იმედგაცრუება და მეორე, ვერ მიიტანენ სათქმელს ხალხამდე, რადგან არავის სცალია ამდენი, საკუთარ ჯიბეზე გადაგებული ადამიანის ქადაგების მოსასმენად. ამასთან, ოპოზიციური პარტიები ვერ აანალიზებენ შექმნილ ვითარებას, ჰგონიათ, რადგან არ იარსებებს ბარიერი, პარტიული ლიდერები მაინც მოყუჩდებიან პარლამენტში. თუ მართლაც სურთ ამ ხელისუფლების შეცვლა, ახალი ტაქტიკა უნდა შეიმუშაონ. დღეს ოპოზიციური ძალების ტაქტიკა მხოლოდ ერთმანეთის დაძირვას ითვალისწინებს.

- და ამ პოლიტიკურ ვითარებაში შემოდის ახალი მოთამაშე - მამუკა ხაზარაძე. რა შანსები აქვს მას? - კვლევამ ცხადყო, რომ უამრავი ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველია: 41% აცხადებს, რომ არჩევნებზე არ მიდის, ხოლო წამსვლელთა 59%-დან 57 ამბობს, რომ არ იცის, ვის მისცემს ხმას. გამოდის, თითქმის 70%-ზე მეტია მათი რიცხვი, ვინც იმდენად იმედგაცრუებულია, რომ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას, სხვა ნაწილი კი მიდის, მაგრამ ელოდება ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მისი ფავორიტი გახდება. ეს არის ნანატრი 70% ნებისმიერი ახალი პოლიტიკური ძალისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება ის მთლიანად ერთი პოლიტიკური ძალის ყულაბაში წავიდეს. დღეს საქართველოში იმგვარი ლიდერის კონტურიც არ ჩანს, ვისაც ექნება რესურსი, რომ ამხელაპროცენტიანი მხარდაჭერა მიიღოს. ვფიქრობ, ასეთი ლიდერების ეპოქა სოციალურმა ქსელებმა დაასრულა, რომელთა მეშვეობითაც წუთში შეიძლება ადამიანის იმიჯის დანგრევა. ის 70% სამ პოლიტიკურ ძალაზე რომ გადანაწილდეს, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ისინი იქნებიან გამწევი.

ეს 70% ხაზარაძისთვისაც უზარმაზარი შანსია, მაგრამ ჯერჯერობით იმის თქმაც ძნელია, 70%-დან 7-ს მაინც თუ მიიღებს. მის შანსს ზრდის ისიც, რომ ჯერჯერობით სხვა ახალი პოლიტიკური ძალები არ ჩანან ასპარეზზე.

ხაზარაძე დაახლოებით იმ ტიპის ლიდერია, რომელსაც დიდი სიხარულით გაჰყვება "ოცნების" ყოფილი ამომრჩეველი, პროდასავლური განწყობის ელექტორატი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი განაყოფი პოლიტიკური ძალების დანახვა არ უნდა.

უმნიშვნელოვანესია, ხაზარაძემ შეძლოს, რომ მისი და მისი მომავალი პარტიიდან წამოვიდეს გამარჯვების მუხტი, რწმენა იმისა, რომ სწორედ ის ძალაა, რომელიც ამ დამყაყებულ პოლიტიკურ სივრცეს შემოარღვევს. თუმცა ასეთი შთაბეჭდილება ვერც პირველმა პრეზენტაციამ მოახდინა და ვერც იმ 12 კაცის წარდგენამ. გაცილებით შთამბეჭდავი იყო ხაზარაძის სატელევიზიო ინტერვიუები. ამასთან, უნდა იცოდეს, რაც მის წინააღმდეგ ხდება, მხოლოდ ყვავილებია და თუ ჩამოყალიბდა როგორც პერსპექტიული ძალა, მის გასაცამტვერებლად მთელი მანქანა ამუშავდება - ერთი მხრივ, სახელისუფლებო, მეორე მხრივ, ოპოზიციური.

ერთი საფრთხეც ემუქრება - არ დავიდეს დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრის დონეზე, რომელიც ყველანაირად შეეცდება, ის საკუთარ მარაქაში ჩაითრიოს და გახადოს ერთ-ერთი რიგითი - ანუ შეეცდებიან დაიმსგავსონ და ამით ხაზარაძე, როგორც კონკურენტი, გაანეიტრალონ. სწორედ ეს უნდა "ნაციონალურ მოძრაობას".

- 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოში არჩევნები, ფაქტობრივად, იყო ორი ჯოკერის - ივანიშვილისა და სააკაშვილის თამაში. "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" დღესაც ამ რეჟიმში ცდილობენ წინასაარჩევნო პროცესის წარმართვას. სავარაუდოდ, ელექტორატის სწორედ ამგვარ დაყოფას ემსახურებოდა, ერთი მხრივ, გახარიას მუქარა, დაგასრულებთო, მეორე მხრივ კი სააკაშვილის განცხადება, ან ჩვენ, ან ისინიო. - ახალი მოთამაშეების გამოჩენა რაში აწყობს ხელისუფლებას? მოთამაშეებისა, რომელთა სვლები მისთვის უცნობია. "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ერთ ნავში სხედან და ერთი მიმართულებით უსვამენ ნიჩბებს. სამშვიდობო პოლიტიკური ნაპირი ორივეს ერთი აქვს - ან ერთად გავლენ პოლიტიკურ სამშვიდობოს, ან სხვა პოლიტიკური ძალებით ჩანაცვლდებიან. ეს არის დღევანდელი პოლიტიკური სივრცის უცნაური, მაგრამ მთავარი ლოგიკა. ამიტომაც არც ერთსა და არც მეორეს ახალი პოლიტიკური მოთამაშეები არ აწყობს. ამასთან, "ქართულ ოცნებას" სულაც არ უნდა იმ იმედგაცრუებული 70%-ის საარჩევნო ურნებთან მისვლა, თუმცა ეს სჭირდება ოპოზიციას. ხაზარაძემ ამის გარღვევა უნდა მოახერხოს, თუ ამისთვის პოლიტიკური ალღო, გამოცდილება და ბრძოლის უნარი ეყოფა - ანუ ის შეიძლება საარჩევნო ბანქოს კოზირად იქცეს.

- "პატრიოტთა ალიანსს" ამ გამოკითხვით 4%-იანი მხარდაჭერა აქვს. თუ ლევან ვასაძემაც გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა, ჯამურად რა მხარდაჭერის მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს პრორუსულ ძალებს, რომელთაც, სავარაუდოდ, რუსეთის სერიოზული მხარდაჭერა ექნებათ? - პრორუსული ძალების ყველაზე მაქსიმალური ჯამური შედეგი შეიძლება 15%-მდე იყოს, ისიც მხარდამჭერების მაქსიმალური მობილიზების შემთხვევაში. თუ ასე მოხდა, მომავალ პარლამენტში ეს წარმომადგენლობა მცირე ნამდვილად არ იქნება. ვფიქრობ, "ქართული ოცნება" მათთან კოალიციის შექმნას ვერ გაბედავს. ერთიცაა - ამ ფლეგმატური პოლიტიკოსების ფონზე ირმა ინაშვილმა თუ ასე გააგრძელა სვლა, აკრეფს პოლიტიკურ რეიტინგს. მოგვწონს თუ არა მისი აშკარად პრორუსული პოზიცია, ის არის დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკოსი, რომელმაც იცის, რა უნდა, და ისიც იცის, მიზნისკენ როგორ წავიდეს. სხვა საკითხია, რომ მისი და ქართული სახელმწიფოს მიზნები ერთმანეთს აცდენილია.