გენერალი ბენ ჰოჯესი: "საოცნებო სცენარი იქნება, თუ ჩვენი გემები ანაკლიის პორტში შევლენ" - კვირის პალიტრა

გენერალი ბენ ჰოჯესი: "საოცნებო სცენარი იქნება, თუ ჩვენი გემები ანაკლიის პორტში შევლენ"

"საქართველო დღეს უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი ქვეყანა"

"რუსეთს ნება არ უნდა მივცეთ, საქართველოს მომავალი განსაზღვროს", - გვითხრა ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა სარდალმა, სამვარსკვლავიანმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა.

არსებობს თუ არა ეს დოქტრინა მხოლოდ ქაღალდზე და შესწევს თუ არა დასავლეთს ძალა, საქართველოსა და უკრაინის გამო რუსეთს რეალურად დაუპირისპირდეს? - ამაზე "კვირის პალიტრა" გენერალ ჰოჯესს მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე ესაუბრა.

- წლის დასაწყისში "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადეთ, რომ "ნატომ საქართველოს წევრობა შემდეგ სამიტზე, ლონდონში უნდა შესთავაზოს". როგორ გგონიათ, რამდენად სავარაუდოა ეს მართლაც მოხდეს?

- რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ სამიტამდე 3 თვეღა რჩება და ამ საკითხსა და საქართველოსთვის მაპ-ის მიცემაზე მსჯელობა ჯერ არ გვსმენია, შეგვიძლია განსაზღვრული დასკვნა გამოვიტანოთ. თუმცა მე ვერც საქართველოს მთავრობისგან ვერაფერი მოვისმინე ამის შესახებ. ვფიქრობ, მათაც უნდა მოინდომონ ამის გაკეთება - მათ უნდა განაცხადონ, რომ საქართველოს [მაპ-ი] სჭირდება, არ უნდა არსებობდეს კითხვის ნიშნები იმის შესახებ, რომ ნატოში გაწევრება შეიძლება საქართველოს მთავრობის ინტერესებში არ შედიოდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში მსგავსი განცხადების მომსწრენი გავხდებით.

- შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ მათ ამის სურვილი უფრო ნაკლებად აქვთ, ვიდრე ადრე ჰქონდათ? რატომ? - მე ვერ მოვისმინე მკაფიო, მკვეთრი პოზიცია, რომ მათთვის ეს მნიშვნელოვანია. მე თუ მკითხავთ, საქართველო დღეს უკვე უნდა იყოს ნატოში. ვფიქრობ, ნატოს წევრი საქართველო შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დონეს გაზრდის, რადგან რუსეთს არ სურს ნატოს პირდაპირ დაუპირისპირდეს. ასე რომ, თუ ალიანსი ერთსულოვნებას გამოიჩენს, არ გვექნება საფუძველი ვიფიქროთ, რომ მსგავსი ნაბიჯი რუსეთის პროვოცირებას ნიშნავს.

- თქვენ ამბობთ, რომ რუსეთი მხოლოდ ძალას სცემს პატივს. არის კი მზად დასავლეთი იმისთვის, რომ რუსეთს საკუთარი სიძლიერე დაუმტკიცოს? - ვფიქრობ, 5 წლის წინ უელსის სამიტზე, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის დაპყრობა სცადა, ალიანსმა გაიაზრა ახალი რეალობა და იმოქმედა უფრო სწრაფად, ვიდრე მე ოდესმე მინახავს. რა თქმა უნდა, სიტუაცია იდეალური არ არის და კიდევ ბევრად მეტის გაკეთებაა საჭირო, მაგრამ ფაქტია, რომ ვნახეთ მეტი ცვლილება - თავდაცვის ბიუჯეტის გაძლიერება, ჯარების მოდერნიზება, წვრთნები აღმოსავლეთ ევროპაში და ა.შ. მოვისმინეთ გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები. ეს ყველაფერი ძალიან კარგია და მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ დასავლეთი ამისკენ მიდის. რუსეთი არ უნდა წყვეტდეს, რა უნდა სურდეს საქართველოს.

- ქაღალდზე, ალბათ, ასეა, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვაგვარად არის. - მე ვგულისხმობდი, რომ ჩვენ, სხვა ერებმა, არ უნდა მივცეთ რუსეთს უფლება, განსაზღვროს საქართველოს მომავალი. ანალოგიურად არც საქართველომ უნდა მისცეს რუსეთს ამის უფლება. ასე რომ, მთავრობა უნდა იყოს ძალიან კატეგორიული და გააქარწყლოს ნებისმიერი ეჭვი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა დასავლეთისკენ, ნატოსკენ სვლა არ გსურთ.

- თუ ნატო საქართველოს ალიანსში გაწევრების საკითხზე ყოყმანს განაგრძობს, რას იტყოდით ასეთ სცენარზე: ორმხრივი შეთანხმება საქართველოსა და აშშ-ს შორის, რომლის შედეგადაც ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ბაზებს ვიხილავდით? რეალურად მიგაჩნიათ თუ არა ასეთი სცენარი და იქნებოდა თუ არა ეს ეფექტიანი შემაკავებელი რუსეთისათვის? - ვფიქრობ, რაც უფრო მეტი საზიარო წვრთნა გვექნება, რაც უფრო მეტ რამეს გავაკეთებთ ერთად, ეს კრემლისთვის მით უფრო მკაფიო სიგნალი იქნება, რომ ამერიკა საქართველოს ერთგულია. მეხუთე პუნქტის მსგავსი მექანიზმის არქონა არ ნიშნავს, რომ ამერიკა არ იზრუნებს ისეთი მნიშვნელოვანი მეგობრის დაცვაზე, როგორიც საქართველოა. ძნელი წარმოსადგენი არ მეჩვენება მნიშვნელოვანი შეთანხმებები ამ კუთხით, მაგალითად, ის, რომ საქართველო იქცეს ადგილად, სადაც აშშ-ის ფლოტი ვიზიტებს განახორციელებდა მონტროს კონვენციის ფარგლებში.

საოცნებო სცენარი იქნება, თუ ჩვენი გემები ანაკლიის პორტში შევლენ, იქნება ეს ტექნიკური თუ აღდგენითი სამუშაოებისთვის. მინდა ვნახო საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო თავდაცვის ავტომატური სანაოსნო სისტემების კუთხით.

ეს არ არის განსაკუთრებით დიდ ფინანსებთან დაკავშირებული და ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია ამაში ინვესტირება. ვიცი, რომ მიმდინარეობდა დისკუსიები საერთო ავიაბაზის შესახებ. ვფიქრობ, ესეც დიდი უპირატესობის მომტანი იქნება თქვენთვის.

- მაგალითისთვის ავიღოთ აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოსთვის "ჯაველინების" თავდაცვითი სისტემის მიყიდვის შესახებ. როგორ ფიქრობთ, გაგრძელდება თუ არა მსგავსი ტრენდი? არის თუ არა შანსი, აშშ-ისგან უფრო მეტი თავდაცვითი საშუალება მივიღოთ? - ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად ის იქნება, რომ მთავრობამ გააქარწყლოს ყველანაირი ეჭვი, თუ ისინი არსებობს იმის შესახებ, რომ ის შეიძლება რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდეს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვან როლს ითამაშებს აშშ-ის გათვლებში, თუ რა სურთ გააკეთონ საქართველოში. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის ხელსაყრელია შავი ზღვის აუზში წარმოდგენილი იყვნენ ის ქვეყნები, რომლებიც ან ნატოს მოკავშირეები არიან, ან პარტნიორები. თუ რუსეთს, როგორც შავიზღვისპირა ქვეყანას, შეუძლია დაუბრკოლებელი ნავიგაცია შავი ზღვის აუზში, სხვა ქვეყნებსაც უნდა ჰქონდეთ ამის შესაძლებლობა. საქართველო შავი ზღვის სივრცის ნაწილი უნდა იყოს, რომლის ფარგლებში მოხდება თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა, წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ ბრძოლის უნარების დახვეწა, წვრთნები, ტექნიკური და ინფრასტრუქტურული საკითხები და ნაოსნობის თავისუფლების რეალიზება.

თუ საქართველო ლოგისტიკური ჰაბი გახდება - და მე მჯერა, რომ ეს შესაძლებელია - თუ თქვენი ქვეყანა ევრაზიასა და ევროპას შორის კარიბჭე გახდება, მაშინ ეკონომიკური კეთილდღეობა მთლიანად შავი ზღვის რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

თქვენი რუმინელი პარტნიორები კონსტანცის პორტში ანაკლიის პორტიდან წამოსულ ტვირთებს მიიღებენ. ამჟამად კონსტანცის პორტი თავისი რეალური შესაძლებლობების 1/3-თაც კი არ ფუნქციონირებს, თუმცა თუ ანაკლიის პორტი გაიხსნება, რუმინეთიც მიიღებს სარგებელს. ეს ერთგვარი სტიმული იქნება რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც - ბულგარელებიც შეეცდებიან უზრუნველყონ გადაზიდვა, სარკინიგზო ქსელები; პოლონეთიც მოგებული დარჩება, რადგან სარკინიგზო ქსელის გაზრდის აუცილებლობა დადგება. როგორც ხედავთ, ანაკლიის პორტი სამი ზღვის (ბალტიის, ადრიატიკისა და შავი) სურათს შეცვლის. ანაკლიის პორტი ამ ზღვებს სარგებელს მოუტანს. ამიტომაცაა, რომ რუსეთს არ სურს ამ პროექტის განხორციელება. ეს ასევე უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებასა და ხელს შეუწყობს საქართველოს ნატოში გაწევრებას, ვინაიდან ყველა დაინტერესებულია საკუთარ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის და სუვერენიტეტის პატივისცემის გამო, ან იმის გამო, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია, ხოლო მისი ჯარისკაცები კი მამაცები არიან, ასევე უნდა გავითვალისწინოთ ეკონომიკური კომპონენტიც.

- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა რუსეთის ზეწოლამ ანაკლიის პროექტი "გაყინოს"? არის თუ არა ამის რეალური საფრთხე? - ვფიქრობ, აუცილებელია თქვენი მთავრობის მხრიდან ამ პროექტის ძლიერი მხარდაჭერა. მიუხედავად საჯარო განცხადებებისა, მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ მთავრობის მზადყოფნას, ისევე შეეხიდოს ამ პროექტს, როგორც, მაგალითად, აშშ-ში მივუდექით ჰუვერის კაშხლის მშენებლობას - ეს იყო უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელმაც ამერიკის უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია მიაწოდა და ჩვენი მთავრობა 100%-ით იყო ამაში ჩართული. მსგავს მიდგომას საქართველოში ვერ ვხედავ - რასაც ვხედავ, არის ბოდიშები და სამართლებრივი დავები, რომელიც, გულწრფელად გითხრათ, სკეპტიციზმის გარდა, არაფერს იწვევს.

- მცოცავ ოკუპაციაზეც გკითხავთ - მანევრირების რა სივრცე არსებობს საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის, რა შეიძლება გავაკეთოთ? - ვფიქრობ, უნდა ვეცადოთ, რომ ამ საკითხმა აქტუალურობა არ დაკარგოს, რუსეთი ვამხილოთ და ამის გამო საერთაშორისო საზოგადოებრიობამ რუსეთს პასუხი მოსთხოვოს. აქაც ამიტომ ვართ - ყველამ უნდა გაიაზროს, რომ რუსეთი უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს და ევროპულ ქვეყნებს, ფაქტობრივად, Fuck You-ს ეუბნება.

ინტერვიუ მომზადდა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის (GiSP) პროექტის "Talking NATO for Georgia" ფარგლებში.

ვაჟა თავბერიძე