"ამაში არ ვარ გარეული... მეც მედიით გავიგე" - რას ამბობს დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებაზე - კვირის პალიტრა

"ამაში არ ვარ გარეული... მეც მედიით გავიგე" - რას ამბობს დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებაზე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია შეწყალების პროცესში მონაწილეობისა და კორუფციული გარიგების თაობაზე მის მიმართ არსებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების შესახებ თავადაც მედიისგან შეიტყო.

მისივე თქმით, ისრები მისკენ მიდის და მასაც აინტერესებს, ვინ ურჩია პრეზიდენტს მათი შეწყალება.

"ჩემთვის ეს მიუღებელია. ეს დავაფიქსირე თათბირზეც. მე შვებულებაში ვიყავი, გამოვედი 3 სექტემბერს და გავიგე მედიის საშუალებით. ბუნებრივია, დავსვი შეკითხვები. ეს იყო ჩემი დისკრეციული უფლებამოსილება და მე მივიღე გადაწყვეტილებაო.

ამისთვის ბუნებრივია, არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, ვის უფლებამოსილებაშიც შედიოდა ამ სიების შეტანა, გაფილტვრა და ა.შ. მეც მაინტერესებს თქვენთან ერთად. როცა დამიბარებენ პროკურატურაში, მე აუცილებლად დავსვამ ამ საკითხს. ყველას გვყავს ოჯახი. ჩემი ოჯახი არის ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად, იმიტომ, რომ ეს არის ბინძური ცილისწამება.

ისრები რომ ჩემსკენ მოდის, იმიტომ ვარ დღეს აქ. არ ვიცი, ვინ ურჩია პრეზიდენტს. მე მაინტერესებს პროკურატურაში დადგინდეს, ვინ შეადგინა ეს სია, ვინ ურჩია პრეზიდენტს, ვინ შეიტანა და რატომ მოაწერა პრეზიდენტმა ხელი, მე ამაში აბსოლუტურად არ ვარ გარეული",- განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

"ინტერპრესნიუსი"