"ცამდე მართალი ვარ!" - კვირის პალიტრა

"ცამდე მართალი ვარ!"

არ არის გამორიცხული პროკურატურას მივმართო, გამოიძიონ კონკრეტულად რა მოხდა და ვისი ინტერესი იყო ჩემი სახელის და გვარის წამოწევა და დასახელება, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის "ცამდე მართალია" და და მის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა.

"მე ამ საკითხს ასე არ დავტოვებ, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ჩემთვის. ასეთი ცრუ ბრალდებები, რომელიც ამ კვირების განმავლობაში მოხდა, ასეთი ტერორი... გეუბნებით გულწრფელად, ჩემი ოჯახის წევრები და სამეგობრო არის განადგურებული. ასე არ შეიძლება, ხალხო, თითის დადება. ვის ინტერესი იყო ჩემი სახელის და გვარის წამოწევა და დასახელება, არ არის გამორიცხული პროკურატურას მივმართო და გამოიძიონ კონკრეტულად რა მოხდა. ეს ყველაფერი რომ დასრულდება, დარწმუნებული ვარ, ღმერთის და ადამიანების წინაშე, რომ ცამდე მართალი ვარ და საზოგადოება არის შეცდომაში შეყვანილი, მერე, ყველა ის ადამიანი, ვინც ეს დაგეგმა, ვინც ეს გააჟღერა სარჩელით, უმკაცრესად, კანონის სრული პასუხისმგებლობით მოვითხოვ ცილისწამებისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის პასუხისგებას", -აცხადებს გაბუნია.

მისივე თქმით, ის გამოძიებას მიაწვდის ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც აქვს. მისივე თქმით, გამოძიება ასევე უახლოეს დღეებში დაიბარებს სხვა პირებსაც, მათ შორის, გაბუნია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეზეც საუბრობს.

"იმ ცილისწამებასთან და იმ ტალახთან, რაც ამ დღეების განმავლობაში ჩემს მიმართ განხორციელდა, საზოგადოება ელის ლოგიკურ განმარტებებს. არსად, არავისთან დასამალი არ არის. იყო პაუზა აღებული. როგორც კი გამოძიებაში დამიძახებდნენ და დამიძახებენ, შესაბამის განცხადებას გავაკეთებდი. არ ჩავთვალე აქამდე საჭიროდ, იმიტომ, რომ პრეზიდენტის მიერ ნათლად იქნა განმარტებული ჩემ ნაწილთან დაკავშირებით, მაგრამ რადგან არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ყველა შეკითხვას უნდა გაეცეს პასუხი.

მივესალმები გამოძიების დაწყებას. როგორც კი დამიბარებენ, მე აქტიურად ვითანამშრომლებ და რაც ჩემს ხელშია ინფორმაცია, ბუნებრივია, მივაწვდი და დავიკითხები.

კატეგორიულად მიუღებელია თითის გაშვერა საპარლამენტო მდივნისკენ, რომლის არც უფლებამოსილებაში, არც სტრუქტურულად და არც ისე, არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. ამისთვის ადმინისტრაციაში არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს თავისი კურატორი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელიც ჩემი ინფორმაციით, იყო დაკავებული თავიდან ბოლომდე, თვეების განმავლობაში ამ სიის შედგენით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიბრძანდება ეს ადამიანი და ადამიანები გამოძიებაში. ანრი ბუსიშვილი არის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. ამ დღეებში მიბრძანდებიან ეს ადამიანი გამოძიებაში,"- აცხადებს დიმიტრი გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია პატიმართა შეწყალების პროცესში აქტიურადაა ჩართული და ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას.

"ინტერპრესნიუსი"