"თუ გაუჩალიჩეს, კიდევ უარესი. ე.ი. არც კითხულობს ხელს რას აწერს?!" - "ქართული ოცნების" დეპუტატი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს უჭერს - კვირის პალიტრა

"თუ გაუჩალიჩეს, კიდევ უარესი. ე.ი. არც კითხულობს ხელს რას აწერს?!" - "ქართული ოცნების" დეპუტატი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს უჭერს

"თუ ზურაბიშვილმა დანაშაული ჩადინა, ის ივანიშვილის კი არა, ქვეყნის თავის ტკივილი იქნება"

"ქართული ოცნების" დეპუტატი რევაზ არველაძე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, სკანდალური შეწყალებების გამო, მხარს უჭერს. დეპუტატი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებებთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება არ ისურვა, რაც იმპიჩმენტის დაწყების ნიშნებს აჩენს.

"სწორი იქნებოდა სალომე ზურაბიშვილს ეთქვა, თუ რატომ მიიღო ასეთი ადამიანების შეწყალების გადაწყვეტილება",  - ამბობს დეპუტატი.

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის არის სამი მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირი, ერთი ძებნილი და ერთი ნარკორეალიზატორი. თავდაპირველად პრეზიდენტმა უარი უთხრა ჟურნალისტებს, განემარტა, თუ რატომ შეიწყალა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული და ბრალდებული პირები და განაცხადა, რომ შეწყალება მისი დისკრეციული უფლება იყო. მოგვიანებით კი აშშ-ში მყოფმა განაცხადა: "ეს უცებ გახდა რაღაც სალაპარაკო პრობლემა იმ დროს, როცა აქ ამდენი არის პოზიტივზე სალაპარაკო. ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადება არის უფრო დეტალური გასაკეთებელი, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში". აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

რევაზ არველაძე:

- ნამდვილად არ ვიცი, დაიწყება თუ არა ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა, მაგრამ იმ ფონზე, როცა შეწყალებების მოტივთან დაკავშირებით პრეზიდენტი განმარტებებს არ აკეთებს, განწყობილი ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი დავუჭირო. ასეც მოვიქცევი თუ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონი დაარღვია. მესმის, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, მაგრამ მეტი პასუხისმგებლობისა და დაფიქრების გამოჩენაა საჭირო, როდესაც მკვლელებს, მოძალადეებს და ნარკორეალიზატორებს ეხებათ საქმე. შევარდნაძის დროსაც კი არ ექვემდებარებოდა შეწყალებას ასეთი ტიპის დამნაშავეები.

- თქვენ როგორ გგონიათ, პრეზდენტმა ზურაბიშვილმა კანონი დაარღვია, თუ როგორც თქვენი გუნდის ზოგიერთი წევრი, მაგალითად, ზურაბ ზარდიაშვილი ამბობს "გაუჩალიჩეს"?

- არც კი ვიცი, რა გითხრათ, თუ ეს ასე მოხდა, კიდევ უარესი. ე.ი. არც კი კითხულობს ხელს რას აწერს?! თუ წაიკითხა, ხომ უნდა დაინტერესებულიყო, რატომ იყო ესა თუ ის მსჯავრდებული. რა გამოდის, ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ხელს თვალდახუჭული აწერს?

- გუნდში თუ გქონდათ მსჯელობა სალომე ზურაბიშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით?

- არა, ყოველ შემთხვევაში მე არ ვარ საქმის კურსში.

- თქვენ ერთადერთი არ ხართ "ქართული ოცნებიდან", რომელიც ზურაბიშვილს, ამ სკანდალური შეწყალების გამო ღიად დაუპირისპირდა. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე იქცა ბიძინა ივანიშვილის თავის ტკივილად?

- არასწორია, ასეთი ფორმულირება, რომ ზურაბიშვილი შეიძლება ივანიშივლის თავისტკივილად იქცეს. ასე ის ბოღმიანი ადამიანები ლაპარაკობენ, ვისაც უნდათ რომ ბატონ ბიძინას გული ატკინონ. თუ გაირკვა რომ სალომე ზურაბიშვილს დანაშაული აქვს ჩადენილი, ის ივანიშვილის კი არა, ქვეყნის თავის ტკივილი იქნება. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მთელი ქვეყანაა, მაშინ, კი ბატონო, ყოფილა ზურაბიშვილი, მისი თავისტკივილი.

- ე.ი არის უკვე ზურაბიშვილი ქვეყნის თავის ტკივილი? - ჯერჯერობით ასე ჩანს. მე არც ის მომეწონა, მორატორიუმი რომ გაამოაცხადა. რა გამოდის, პრეზიდენტი თავის უფლებამოვალეობაზე უარს ამბობს? ხომ არიან ისეთი მსჯავრდებულები, რომლებსაც ნამდვილად ეკუთვნით და იმსახურებენ შეწყალებას? მათ რა დააშავეს? ე.ი ამბობს, რომ სანამ რამე არ მოხდება, სანამ კანონში ცვლილება არ შევა, არავის შეიწყალებს. პრეზიდენტმა თავისი უფლებამოვალეობა პირნათლად უნდა შეასრულოს. განა რა ბევრი უფლებამოვალეობა მაგას აქვს დარჩენილი, რომ საქმეს თავი ვერ გაართვას?

- როგორ აფასებთ ზურაბიშვილის მცდელობას, შეხვედროდა გოგი ოთხმეზურს?

- სწორად მოიქცა გოგი ოთხმეზური რომ არ შეხვდა. რა უნდა ეთქვა? ბოდიში უნდა მოეხადა? მისი შვილის მკვლელი გაათავისუფლა, რა თემაზე უნდა დალაპარაკებოდა?! თუ ბოდიშის მოხდა უნდოდა, რატომ დანარჩენბსაც არ დაურეკა?

- თქვენ თავიდანვე არ გინდოდათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" სალომე ზურაბიშვილისთვის დაეჭირა მხარი. რა იყო ამის მიზეზი?

- განსაკუთრებული არაფერი. სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი, რიგითი დეპუტატი იყო, სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა. მაშინ ვთქვი, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა არ იყო სწორი იდეა, რადგან "ქართულ ოცნებას" საკმაოდ ბევრი ღირსეული პიროვნება ჰყავდა, რომელიც ბევრად უკეთესი პრეზიდენტი იქნებოდა ვიდრე ზურაბიშვილი. მე შევთავაზე კიდეც კანდიდატები, მაგრამ უარი მივიღე და საბოლოოდ მეც გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილე.

- თქვენ მიერ შეთავაზებული კანდიდატები ვინ იყვნენ?

- ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი, ვიღაცას გული უნდა დავწყვიტო ან გავახარო.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)