"პირისპირ შეხვედრების შემთხვევაში, რუსეთისგან იმგვარ შემოთავაზებას ველოდები, რაც შეიძლება ხაფანგი აღმოჩნდეს საქართველოსთვის" - კვირის პალიტრა

"პირისპირ შეხვედრების შემთხვევაში, რუსეთისგან იმგვარ შემოთავაზებას ველოდები, რაც შეიძლება ხაფანგი აღმოჩნდეს საქართველოსთვის"

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით კი, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილეს, ასევე, გაცვალეს აზრები რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემატიკასთან დაკავშირებით.

ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებით, გადაიდგა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლის შედეგებსაც ქვეყანა უნდა დაელოდოს. მათივე თქმით, თუ საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყება დღის წესრიგის მთავარი მიზანი იქნება მხოლოდ დეოკუპაციის თემა.

ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ არსებობს რუსეთთან ურთიერთობების ორმხრივ ფორმატში გადასვლის საფრთხე, რასაც საქართველო უნდა მოერიდოს.

შეხვედრის შეფასება ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს ვთხოვეთ:

- ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა დღეს არსებულ გლობალურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. დავიწყებ იმის განხილვით, რაც საქართველოს ოფიციალური პირებისგან მოვისმინე, როგორც ამბობენ, სტრატეგიულმა პარტნიორებმა და მოკავშირეებმა რუსეთთან პირდაპირი დიალოგი გვირჩიესო. ეს თუ მართლაც ასეა, ეს ძალიან ჰგავს ხელის დაბანის პოლიტიკას სქართველოს პრობლემებზე დასავლეთის მხრიდან, ვგულისხმობ, ტერიტორიულ მთლიანობას. მეორე მხრივ, როცა ვამბობ, რომ ეს გლობალურ კონტექსტში უნდა გავაანალიზოთ, ვგულისხმობ იმას, რომ გუშინვე, ამერიკულ მედიაში გამოქვეყნდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის ტრანსკრიპტი, სადაც ტრამპი რამდენჯერმე ხაზს უსვამს იმას, რომ თქვენ ხართ ევროპა და ევროპამ უფრო მეტი მონაწილეობა უნდა მიიღოს თქვენი პრობლემების მოგვარებაში, ვიდრე ამერიკამ და ასევე, თქვენ უნდა გქონდეთ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან და იქაც, ფაქტობრივად, უბიძგებს იმისკენ, რომ უკრაინა რუსეთთან პირისპირ დატოვოს.

უკრაინის პრობლემების მოგვარების პერსპექტივის თვალსაზრისით, ძალიან მძიმე მოსასმენი და აღსაქმელი იყო ის, რის პედალირებასაც ტრამპი აკეთებდა ზელენსკისთან შეხვედრის დროს, ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ რასაც სტრატეგიული პარტნიორები გვეუბნებიან რუსეთთან პირდაპირ დიალოგთან დაკავშირებით, შეესაბამებოდეს რეალობას, ხოლო თუ დასავლეთი გვერდზე გადის და ხელს იბანს ეს ძალიან ცუდი პერსპექტივაა. მართალია ასეთივე ფრაზები ტრამპისგან საქართველოს მიმართ არ მოგვისმენია, მაგრამ დიდი ალბათობით, რადგან ასეთი განწყობა აქვს უკრაინასთან მიმართებაში, არ არის გამორიცხული ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდეს საქართველოს პრობლემების მიმართაც.

რუსეთთან საქართველოს მარტო დატოვება კარგს არაფერს მოასწავებს. მათთან ერთი ერთზე ლაპარაკი იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ გვერდზე სტრატეგიული პარტნიორი გეგულება. თუ ერთიერთზე დიალოგის ფორმატში ვერაფერს გახდი, ასეთ დროს გაქვს იმედი, რომ სხვა ფორმატებში, სადაც შენი სტრატეგიული პარტნიორები მონაწილეობენ დიალოგში, ისინი რაღაცა სახის გავლენას მოახდენენ რუსეთზე, მაგრამ თუ ისინი ხელს იბანენ და შენ მარტო გტოვებენ, ასეთ დროს ამ ტიპის დიალოგი ძალიან სახიფათოა.

პირისპირ შეხვედრების შემთხვევაში, რუსეთისგან იმგვარ შემოთავაზებას ველოდები, რაც შეიძლება დიდი საფრთხის შემცველი ხაფანგი აღმოჩნდეს საქართველოსთვის. ისევ უკრაინას, მინდა, დავუბრუნდე იმიტომ, რომ ნათლად გამოჩნდეს რას ვგულისხმობ. ზელენსკიმ თქვა, რომ მოკლე შეხვედრა ჰქონდა ლავროვთანაც, რომელმაც უთხრა, რომ დონბასის საკითხი გადავჭრათო. ხოლო იმ ფორმულით, რომელსაც რუსეთი უკრაინას დონბასის დაბრუნებას სთავაზობს, საერთაშორისო ექსპერტების თქმით, უკრაინისთვის ეს იქნება ის ტვირთი, რომელიც მას სამუდამოდ მიაბავს რუსეთის გავლენის სფეროს, ასეთ რაღაცას კი რუსეთი აუცილებლად შესთავაზებს საქართველოსაც.

რუსეთთან შეხვედრაზე უარის თქმა ერთი მხრივ შიშს, ხოლო მეორე მხრივ საკუთარ ძალებში თუ რესურსებში დაურწმუნებლობის ქმნის, ამიტომ გონივრული არ მგონია უარის თქმა ამ ტიპის შეხვედრაზე. დარწმუნებული ვარ, რუსეთი იმიტომ არ დათანხმდა ამ შეხვედრას, რომ საოკუპაციო ზოლზე არსებულ ვითარებაზე გული ეწვის, რაღაცა შეთავაზება ექნება, რომელიც ჩვენთვის იქნება რეალურად საფრთხის შემცველი. უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და მობილიზებულად.

იმ სიტუაციაში, როცა დასავლეთი და ამერიკა გიბიძგებს დიალოგისკენ, დიალოგი უნდა შედგეს, მაგრამ რუსეთის პირისპირ მარტო დატოვებას მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი. ურთულეს ფაზაში შევედით ჩვენც და უკრაინაც და ხელისუფლებას ახლა ისე, როგორც არასდროს სჭირდება მობილიზება და წინდახედულობა.

(სპეციალურად საიტისთვის)