"შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება - საერთოდ, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს" - კვირის პალიტრა

"შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება - საერთოდ, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს"

შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში ვიზიტის შეჯამებისას ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნულით ზურაბიშვილი მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულთა შეწყალებას გამოეხმაურა და განმარტა, მის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი არის ფრთხილი გადაწყვეტილება.

"გადაწყვეტილება ჩემით მივიღე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეწყალება არ არის ახალი სასამართლო, რომელიც ექვემდებარება ობიექტურ კრიტერიუმებს, ეს არის შეფასება ერთი ადამიანის მიერ, რომელიც არის პრეზიდენტი და რომელსაც აქვს ეს უფლება, რომ შეაფასოს გარემოებები და არა, გამართოს ახალი სასამართლო. ეს მე მგონი, ცოტა ცნებების არევაა. კიდევ ერთხელ ვიტყვი ძალიან ხაზგასმით, შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება. საერთოდ, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს. ეს არის სიტუაცია, რომელშიც ვიმყოფებით.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე გამოვედი ინიციატივით, რომ წესების სხვანაირად ჩამოყალიბება და დახვეწა დაიწყოს. ეს სამუშაო დაწყებულია, მიმდინარეობს. მეორეს მხრივ, რადგან იყო ცილისმწამებლური წამოძახილები, პროკურატურა ამ კუთხითაც მუშაობს, დაველოდოთ მათ დასკვნებს. საზოგადოებაში ამდენი ვნებათაღელვა რომ ატყდა ამ საკითხების შესახებ, ამიტომ გამოვაცხადე მორატორიუმი. რადგან ამაზეც იყო რეაქციები, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ არ არსებობს უფლება, იყო შეწყალებული და მორატორიუმი არ არის არავის უფლებების ამ კუთხით დარღვევა. ეს არის ფრთხილი გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რაც მოხდა. გამოძიება მიდის, დაველოდოთ გამოძიებას, მე მაქვს სრული ნდობა გამოძიების მიმართ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, შეწყალების პროცესში კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი, რომელშიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნიაა ჩართული, თუმცა თავად გაბუნიას განცხადებით, შესასწყალებელ პატიმართა სიის შედგენას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი კურირებდა.

სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შეწყალების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი.

"ინტერპრესნიუსი"