"საერთაშორისო დღის წესრიგში დავაბრუნოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხი"
"საერთაშორისო დღის წესრიგში დავაბრუნოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხი"
საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტი შეაფასა და გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სამუშაო და ოფიციალურ შეხვედრებზე განსახილველ საკითხთა პრიორიტეტებს შორის ორი უმთავრესი თემა გამოყო - საქართველოში არსებული კონფლიქტი და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მთავარია საერთაშორისო დღის წესრიგში დავაბრუნოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხი, რათა უფრო ახალმა კონფლიქტმა არ გააქროს და გადაფაროს ჩვენი მთავარი ტკივილი.

პრეზიდენტის თქმითვე, ქართული მხარის მთავარი მოთხოვნაა, ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიამ
შეძლოს სადამკვირვებლო მანდატის განხორციელება არა მხოლოდ საოკუპაციო ხაზზე, არამედ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე, ჟენევის ფორმატი დაუბრუნდეს თავის პირველად ფორმატს - მაღალ პოლიტიკურ დონეს, სადაც განხილული იქნება ოკუპირებული ტერიტორიების საკითხები.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს პარტნიორების მიერ ორმხრივი შეხვედრების შემდეგ გაკეთებული არაერთი განცხადება საქართველოს ოკუპირებული რეგიონებთან და
კონფლიქტებთან დაკავშირებით, ნიშანია იმისა, რომ მათი მხრიდან საქართველოს მიერ დასმული საკითხები უკეთაა გაგებული, მხოლოდ სხვა კონფლიქტზე, მხოლოდ უკრაინაზე არ საუბრობენ და საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგს უბრუნდება.

პრეზიდენტის განმარტებით, მისი ორმხრივი შეხვედრების მეორე მთავარი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ქართული მხარე სთხოვს და მოუწოდებს საკუთარ პარტნიორებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, რათა მოიძებნოს საქართველოს პრაქტიკული ინტეგრაციიის გზები.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირში გარკვეული პრობლემებია და იგი არ არის მზად დღეს მიიღოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო ელოდება, მაგრამ ქართული მხარე ამ მიმართულებით იმუშავებს, რადგან ზუსტად იცის, რომელ პროგრამებში, რომელ პოლიტიკებში სურს გაწევრიანება.

"იყოს დე-ფაქტო ინტეგრაცია. ამ გზაზეც გარკვეულწილად მოგვყვებიან ჩვენი პარტნიორები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაში იმ შეხვედრებზეც ისაუბრა, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მიღმა გაიმართა და მნიშვნელოვანი შეფასება მისცა ებრაელთა საერთაშორისო მსხვილ ორგანიზაციებთან და აშშ-ს კულტურულ ინსტიტუტებთან - მეტროპოლიტენ ოპერისა და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელებთან შეხვედრას.

"ჩვენი სურვილია, რომ რომელიმე ქართული ოპერა დაიდგას მეტროპოლიტენ ოპერაში, რათა საერთაშორისო საზოგადოებისათვის საქართველო თავისი კულტურით უფრო აქტიურად იყოს წარმოჩენილი.

შევთანხმდით იმაზე, რომ უკვე გაზაფხულზე ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა საქართველოში და გაეცნობა ჩვენს შესაძლებლობებს ამ მიმართულებით. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან შეხვედრისას მას გავაცანით მოსაზრება, რომ საქართველოს ოციანი წლების ავანგარდი, როგორც ჩვენი კულტურის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და ძალიან ევროპული მიმართულება იყოს აქ წარმოდგენილი. შევთანხმდით, რომ სამუშაო ჯგუფი ჩამოვა საქართველოში და განიხილავს ამ თემას", - აღნიშნა პრეზიდენტმა

"ინტერპრესნიუსი"

საყდრიონელი
29 სექტემბერი 2019 21:58
ჯერ ერთი, ეს სეპარატიზმია და არა ოკუპაცია, ქ-ნო პრეზიდენტო; მეორე, აქედან გამომდინარე, აფხაზებსა და ოსებს უნდა დაელაპარაკო და არა რუსებს, მით ნაკლებ, ამერიკელებს. ამისათვის კი უნდა ისწავლოთ რუსული ენა. ფრანგული და ინგლისური იცით, მაგრამ, იმ კახელი გლეხისა არ იყოს, „გამაადგა რო“-ო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები