"რუსეთი მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოში ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციას ატარებდა" - კვირის პალიტრა

"რუსეთი მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოში ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციას ატარებდა"

"შესაძლოა, რუსეთს აქვს რაღაც ახალი ტიპის წინადადება, ახალი ან არცთუ ახალი განზრახვა, რითაც შეეცდება საქართველო მოლაპარაკებებში შეითრიოს"

საქართველოში დიდი რეზონანსი მოჰყვა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით გამართულ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების - დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დასვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, ლაპარაკი შეეხო საოკუპაციო ხაზთან არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში პრობლემურ საკითხებს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით კი შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილეს და გაცვალეს აზრები რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკის შესახებ. თუმცა კონკრეტულად რა ითქვა ან რა გაგრძელება ექნება ამ შეხვედრას, ჯერჯერობით ორივე მხარე დუმს. რუსულმა მედიამ რამდენიმე კულუარული ინფორმაცია არაოფიციალურად გაავრცელა. ერთ-ერთი ვერსიით, შიდაპოლიტიკური დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად ქართულმა მხარემ მოითხოვა, რომ შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გამართულიყო და ლავროვი და ზალკალიანი შეხვედრაზე პირისპირ დარჩნენ.

შვეიცარიული მხარის წარმომადგენელმა მათ თურმე მხოლოდ შვეიცარიული შოკოლადი შესთავაზა და შემდეგ დატოვა ოთახი. რუსული მედია იმასაც აღნიშნავდა, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი და ბოლოდროინდელი განსაკუთრებული დაძაბულობის ფონზე რუსი და ქართველი მინისტრების შეხვედრა""სრულ გადატვირთვაზე თუ არა, ურთიერთობის მნიშვნელოვან დათბობაზე" მაინც მიანიშნებს. როგორ შეიძლება შეფასდეს და რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ შეხვედრას? - გვესაუბრება ისტორიკოსი და პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია:

გრიგოლ გეგელია

- უპირველესად უნდა ითქვას, რომ დიალოგსა და მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ ჩნდება კითხვა, როგორი უნდა იყოს დიალოგი და როგორი მშვიდობა? სწორედ ეს "როგორია" ხშირად ყველაზე პრობლემურიც და მნიშვნელოვანიც. სამწუხაროდ, არა ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთთან ურთიერთობის დიალოგისა თუ მშვიდობის ის მოდელები, რაც დღემდე გვინახავს, ან დღეს გვაქვს, სწორია. რთულია ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრის შეფასება, რადგან დანამდვილებით არ ვიცით, რა ითქვა შეხვედრაზე და რა გაგრძელება მოჰყვება მას. ღმერთმა ქნას, ჩვენთვის შედეგიანი იყოს, მაგრამ მე ამის დიდად არ მჯერა. უკვე მესამე საუკუნეა ვუყურებთ და არც საქართველოსთან და არც სხვა მეზობლებთან რუსეთის პოლიტიკა იოტისოდენადაც არ შეცვლილა. გაუგებარია, ამ ისტორიული რაკურსის გათვალისწინებით, 2019 წელს ზალკალიანი რას შეცვლის. რაც შეეხება დიალოგს, აქამდეც არაერთხელ თქმულა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებაზე მარტო დარჩენა არ შეიძლება. მასთან დიალოგი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად - აი, ეს ფორმატია ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი, პრაგმატული და სწორი. ამგვარ დიალოგს ყოველთვის აქვს აზრი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან გვაქვს საქმე და დიდ შედეგს არასდროს უნდა ველოდოთ. იგივე ითქმის მშვიდობაზეც. კარგია მშვიდობა, მაგრამ მასაც უნდა ჰქონდეს თავისი წესები და აუცილებლად ორმხრივად იყოს უზრუნველყოფილი. დღევანდელი მშვიდობის ფორმატი, რაც გვაქვს, ფაქტობრივად, მშვიდობა არც არის, რადგან რუსეთი ყოველდღიურად რაღაცას გვტაცებს - ავლებს მავთულხლართებს და რკინის ღობეებს, გვტაცებს დამატებით მიწას და ადამიანებს, აკეთებს შეურაცხმყოფელ განცხადებებს და გვიყალბებს ისტორიას, ლახავს ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ღირსებას. განა შეიძლება ამას სრულყოფილი, ორმხრივი მშვიდობა ეწოდოს? ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ კონსტრუქციულები, ადეკვატურები, კეთილმეზობლურიც, კრემლი კი მუდმივად ოკუპანტივით იქცევა.

- სანამ განვიხილავთ ამ შეხვედრას წინ გასულ თვეებში რა პროცესები უძღოდა, მინდა გკითხოთ საერთაშორისო გამოხმაურებაზე. ფაქტობრივად, შეხვედრის დასრულებიდან მოკლე ხანში განცხადებები გაავრცელეს ეუთომ, ევროკავშირის წარმომადგენელმა, აშშ-ის საელჩომ საქართველოში, ცოტა მოგვიანებით გავრცელდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციაც. თითქმის ყველა ეს მხარე ამ შეხვედრას მიესალმება, თუმცა აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამ გამოხმაურებების შემდეგ გაჩნდა ასეთი მოსაზრებაც, რომ დასავლეთში დაიღალნენ საქართველოს პრობლემებით და ეს რეაქციებიც თითქოს ამაზე მეტყველებს. - ვერ გავიზიარებ ამ აზრს. ზალკალიანმა განაცხადა, რომ შეხვედრა წინასწარ იყო შეთანხმებული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რაც, ვფიქრობ, მართალია და ეს რეაქციებიც ამაზე მიანიშნებს. დასავლეთი საქართველოს დიდ დახმარებას უწევს, ზრუნავს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, იმაზე, რომ ვიყოთ უფრო დაცული და უფრო მეტის მიღწევის შანსი ჰქონდეს თითოეულ ჩვენგანს. გავიხსენოთ უსაფრთხოების სფერო, დღეს ქართული ჯარი წვრთნითა და აღჭურვით იმ დონეზეა, აქამდე რომ არ ყოფილა. იხარჯება მილიონები სხვა არაერთ სფეროზეც. დასავლეთი საქართველოთი რომ დაღლილიყო, დამერწმუნეთ, დახმარებას არავინ გაგვიწევდა. მათ ამის არანაირი მორალური ვალდებულება არა აქვთ. ევროასოცირების ხელშეკრულებამ და უვიზო მიმოსვლის უფლებამ ჩვენს ქვეყანას მისცა განვითარების ახალი შანსი, რასაც ხშირად ვერც ვაცნობიერებთ და არც გვესმის კარგად, რამხელა და რა მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ. ჩემი აზრით, საქართველო წინ მიდის, მაგრამ შეიძლება არც ისე სწრაფად, როგორც გვინდა. ეს ძალიან რთული პროცესია და მოთმინება გვმართებს.

დავუბრუნდეთ ისევ უსაფრთხოებას. არა მგონია, ვინმემ დაგვივიწყა, მაგრამ ჩვენი საქმიანობაა უმნიშვნელოვანესი. რასმუსენის განცხადებას ნატოს შესახებ დიდი მღელვარება მოჰყვა, არადა, რასმუსენს არც ახალი უთქვამს რამე და არც ცუდი. პოლიტიკოსების ნაწილმა ძალიან არასწორად მიაწოდა საზოგადოებას. ამ განცხადების მთავარი შინაარსი, რაც ნამდვილად მისაღებია, ის იყო, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, სადაც ქართული პოლიტიკური კლასი იქნება გამართული, ჩამოყალიბებული, რაციონალური და არა ინფანტილური, როგორიც დღეს არის. უნდა დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ შევქმენით გამართული სახელმწიფო სისტემა, რომ არ ავყვებით ვინმეს აგრესიულ პოლიტიკას და სადმე არ შევიჭრებით. რასმუსენმა თქვა, რომ ჩვენ ვართ მზად ნატოში გასაწევრებლად სამხედრო კომპონენტით, მაგრამ არა ვართ მზად პოლიტიკურად. რაც ხდება ჩვენთან, სწორედ ეს აბრკოლებს ჩვენს უფრო სწრაფ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ვგულისხმობ სასამართლო სისტემას, ადამიანის პირადი ცხოვრების დაუცველობას, მუშათა გათელილ უფლებებს, უმუშევრობას, ეკოლოგიურ პრობლემებს და ა.შ. აბრკოლებს ისიც, თუ რა ინერტულად უყურებს ამ ყველაფერს პოლიტიკური კლასი.

- არაერთხელ ითქვა, რომ ჟენევის ფორმატმა ამოწურა თავისი თავი და რუსეთთან მოლაპარაკების ახალი ფორმატია საჭირო... - თუ გადავხედავთ ისტორიას, რუსეთთან ურთიერთობის ლამის ყოველგვარი ფორმატი ვცადეთ. შორს აღარ წავალ, სააკაშვილის მმართველობიდან დავიწყებ. მიუხედავად იმისა, ითვლება, რომ ის უკიდურესად რადიკალური იყო რუსეთთან, ისიც კი პუტინს 2008 წლის ომამდე რაღაც ერთი წლით ადრე შეხვდა, თვალციმციმით იჯდა მის გვერდით და პუტინიც მეგობრულად უტყაპუნებდა მხარზე ხელს, მაგრამ ამან არ გაჭრა. საბოლოოდ რუსეთს რაც სურდა, ის გააკეთა. ამის მერე "ქართული ოცნების" დროს ვითარება აშკარად უფრო მშვიდი გახდა, ჩვენი ხელისუფლება ნაკლები აგრესიულობით გამოირჩეოდა, ჟენევის ფორმატის პარალელურად გაჩნდა კარასინი-აბაშიძის ფორმატი, მაგრამ ამან რა შეცვალა? შეწყდა მცოცავი ოკუპაცია ან რაიმე გაკეთდა დეოკუპაციისთვის? თუ ვიმსჯელებთ ისტორიული პრაქტიკით, სამწუხაროდ, საფუძველი ოპტიმიზმისთვის არ ჩანს. რუსეთს არ სურს პოლიტიკური დისკურსის შეცვლა, მან თითქმის ყველა შეთანხმების შემდეგ დააღალატა საქართველო. სამწუხაროდ, არა მაქვს ნათელი წარმოდგენა იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ალტერნატივა, მაგრამ მიმაჩნია, რომ მოლაპარაკება უნდა წარმოებდეს, ოღონდ, როგორც უკვე ვთქვი, საერთაშორისო ფორმატით - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით. ამასთან, ეს უნდა იყოს უფრო მკაცრი და მომთხოვნი მოლაპარაკებები, ვიდრე აქამდე ყოფილა. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სუვერენული სახელმწიფო, გვაქვს ჩვენი ინტერესები და გარკვეული ბერკეტებიც. საქართველოს პრობლემა ის მგონია, რომ ბოლო წლებში იმდენად დაგვისუსტდა ჩვენი, როგორც სუვერენული სახელმწიფოს განცდა, რომ არა მარტო რუსეთს, სხვა სახელმწიფოებსაც ვაძლევთ შანსს, ზემოდან გვიყურონ. კი, ნამდვილად არა ვართ ზესახელმწიფო, მაგრამ ჩვენც გვაქვს ბერკეტები, მათ შორის კარგი მდებარეობა, ჩვენს ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ენერგოხაზები გადის. ამ ყველაფრით საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მეტად და კარგად უნდა ვაჭრობდეს და ითხოვდეს მშვიდობასა და სტაბილურობას. მე ვემხრობი უფრო მკაფიო, უფრო მომთხოვნ და მშვიდობიან საგარეო პოლიტიკას. აღარ გვჭირდება ეს პასიური მშვიდობა, როდესაც ლამის წაიღეს მთელი ქვეყანა და პოლიტიკური კლასი სიტყვა "ოკუპაციას" ლამის არ ახსენებს.

- მოკლედ, განხილვის მთავარ თემად ლამის ის იქცეს, ვინ იყო ამ შეხვედრის ინიციატორი - რუსული მხარე ხელს საქართველოსკენ იშვერს, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ინიციატორი და მომწყობიც შვეიცარიული მხარე იყო. როგორც უნდა მოენდომებინა შუამავალ ქვეყანას ან საქართველოს, ხომ ფაქტია, რომ რუსეთი ამ შეხვედრაზე საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ არ წავიდოდა. რა შეიძლება იყოს ამ კონკრეტულ მომენტში რუსეთის ინტერესი და მიზანი? - რთული კითხვაა. ერთი ვერსია შეიძლება ის იყოს, რომ რუსეთი ყოველთვის ცდილობს ე.წ. დემოკრატიული მიდგომა ფასადად აიფაროს, რათა დამალოს თავისი ნამდვილი სახე, რომელიც აგრესიული, დამპყრობლური და ექსპანსიურია.

რუსეთისთვის არსებობს ერთი მიდგომა - ან უნდა იყო მისი ყურმოჭრილი მონა შენი ნებით, ან ძალით უნდა აიღოს შენი ტერიტორია და ასე დაგიმორჩილოს. შესაძლოა ამას ფარავდეს მშვიდი დემოკრატის და მომლაპარაკებლის ნიღბის მიღმა.

მეორე ვერსია შეიძლება ის იყოს, რომ შესაძლოა, რუსეთს აქვს რაღაც ახალი ტიპის წინადადება, ახალი ან არცთუ ახალი განზრახვა, რითაც შეეცდება საქართველო მოლაპარაკებებში შეითრიოს.

გაზაფხულიდან მოყოლებული რუსეთი მაქსიმალურად ტესტავდა საქართველოს: ჯერ პანკისით; შემდგომ სექსუალური უმცირესობების თემაზე წამოჭრილი დისკუსიითა და ვითარების უკიდურესად დაძაბვის მცდელობით; შემდგომ იყო "გავრილოვის ღამე"; სკანდალი ავაქიანის ძეგლის დადგმის მცდელობის გამო; დავითგარეჯის პრობლემის წამოჭრა და ა.შ. აშკარა იყო, რუსეთი, ფაქტობრივად, მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოში ატარებდა რამდენიმე სერიოზულ ფსიქოლოგიურ და იდეურ სპეცოპერაციას, რასაც კე-გე-ბეს ენაზე "აქტიურ ღონისძიებას" უწოდებენ. იმედია, ეს ყველაფერი კარგად გააანალიზა ხელისუფლებამ. არ ვიცი, შესაძლოა იმასაც ტესტავდა, ხომ არ შეიცვალა საქართველოს მოსახლეობის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ჩემი აზრით, ჩვენ მოვახერხეთ და ვაჩვენეთ, რომ იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, მოსახლეობის კრიტიკული მასის დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა და არ დავუშვებთ წითელი ხაზების გადაკვეთას. თუმცა საკითხავია, რუსეთმა რა დასკვნები გამოიტანა. ამიტომაც საინტერესოა, რაზე ესაუბრნენ ზალკალიანს. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვისმინოთ ის კონკრეტული თემები, რაზეც იყო დისკუსია. არ შეიძლება ეს დახურული იყოს. იმედია, უახლოეს მომავალში ამას ბატონი მინისტრისგან მოვისმენთ.

- ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ კვირისპალიტრა.გე-სთან საუბრისას განაცხადა: "დარწმუნებული ვარ, რუსეთი იმიტომ არ დათანხმდა ამ შეხვედრას, რომ საოკუპაციო ზოლზე არსებულ ვითარებაზე გული ეწვის, რაღაც შეთავაზება ექნება, რომელიც ჩვენთვის მორიგი მახე იქნება". თქვენც ახსენეთ მსგავსი რამ. რა შეიძლება იყოს ამგვარი შეთავაზება და როგორ შეიძლება უკავშირდებოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებს? - მათ აქვთ მომზადებული ერთი ასეთი ხაფანგი საქართველოსთვის, რის თაობაზეც არაერთხელ მოგვისმენია როგორც რუსული საექსპერტო წრეების, ასევე ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებები. ვგულისხმობ იმას, რომ ისინი თითქმის ერთხმად დაიწყებენ ლაპარაკს ნეიტრალიტეტის იდეაზე და ეს ჩვენთვის ძალიან საშიში თემაა. დაახლოებით ამგვარი სოუსით შემოგვაპარებენ - თუ საქართველო გამოაცხადებს ნეიტრალიტეტს, მაშინ რუსეთი თითქოს აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს ლანგრით მოგვართმევს, რაც აბსოლუტური ტყუილია.

საქართველომ რომ ეს გააკეთოს, ის გამოეთიშება საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებს, გამოეთიშება ყველა პროგრამას, დახმარებას, მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგს და დაკარგავს თავის ხმას საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ბედით აღარავინ დაინტერესდება, რეალურად გავხდებით ანკლავი სამხრეთ კავკასიაში და კიდევ დიდი ხნით დავრჩებით რუსულ ორბიტაზე, რაც კატასტროფა იქნება საქართველოსთვის.

თუ ნეიტრალიტეტი გამოვაცხადეთ, რუსეთი არათუ გაიყვანს საკუთარ ჯარებს აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან, დარწმუნებული ვარ, ჩვენს დანარჩენ ტერიტორიაზეც შემოიყვანს. შეიძლება ისეთი აბსურდიც კი თქვან, ნეიტრალური სახელმწიფოა და მეტი დაცვა სჭირდებაო. ნეიტრალიტეტის ხაფანგი ძალიან საშიშია, რადგან მართლაც შეიძლება ბევრ ძალიან კარგ ქართველს დააჯერონ, რომ ჩვენი ნანატრი ოცნება ახდება და დავიბრუნებთ ტერიტორიებს, მით უფრო პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსებისგან არაერთხელ მოგვისმენია, ნატოში მაინც არ გვიღებენ და არც მიგვიღებენო.

ჩვენთვის ერთადერთი დასავლური გზაა, ეს არის განვითარების საშუალება იმის მიუხედავად, როდის მიგვიღებენ ნატოში ან ევროკავშირში. ჩვენს და რუსეთს შორის არის ერთი, ფაქტობრივად, დაუძლეველი პრობლემა - საქართველოს სურს იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რუსეთს კი სურს პოსტსაბჭოთა სივრცე კვლავაც საკუთარ უკანა ეზოდ აქციოს, რაც გამორიცხავს საქართველოს განვითარებას და პატარა, მაგრამ ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ამიტომაც არ სურს ჩვენი ნატოში ინტეგრირება, რადგან თვლის, რომ ეს იქცევა ჩვენი განვითარების და ძლიერების გარანტიად - გზად, რომლითაც საბოლოოდ დავაღწევთ თავს რუსულ გავლენას. ამიტომაც

დღეს ნატოსა და ევროკავშირისკენ სვლა არის არა პროდასავლური კურსი, არამედ პროქართული გზა. ეს არის ერთადერთი გზა ქართული ეროვნული სახელმწიფოს გადარჩენისთვის, განვითარებისა და დაცვისთვის. ყველა სხვა გზა გადაგვარებისა და არასტაბილურობისკენ მიდის.

თუ უარს ვიტყვით ამაზე, ვიქცევით დაუცველ კოლექტივად, აღარც ერი ვიქნებით და აღარც სახელმწიფო გვექნება.

გვაქვს შანსი, რომ ნატოს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოვახერხოთ ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა, ჩამოვყალიბდეთ ისეთ ძლიერ სახელმწიფოდ, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

საქართველო თავისთავად გახდება მიმზიდველი ქვეყანა. უკვე მიმზიდველიც არის ბევრი აფხაზისთვის - ისინი სარგებლობენ ჩვენი ჯანდაცვის პროგრამით, ხედავენ, რომ ლამის 20 ევროდ შეგვიძლია მილანში გაფრენა, ქუთაისი კი ნახევარი მსოფლიოს აეროპორტების ტაბლოებზე წერია. ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის, ამგვარი განვითარების პირობებში უფრო ადვილი იქნება აფხაზებისა და ოსების დარწმუნება, რომ საქართველოს ფარგლებში გაცილებით უკეთესად იქნებიან. თანდათან უფრო და უფრო არ იმუშავებს რუსული დისკურსები, რომ ქართველები კაციჭამიები ვართ. ორივე მხარის ახალ თაობას სულ უფრო მეტად გაუადვილდება დაშვებული შეცდომების აღიარება და საერთო ინტერესების გამონახვაც. თუ ჩვენ მოვახერხებთ სტაბილურ განვითარებას, ეს გარდაუვალია.