"არ ვნანობ, რომ ზურაბიშვილს დავუჭირე მხარი და ვაშაძე არ გვყავს დღეს პრეზიდენტად!" - კვირის პალიტრა

"არ ვნანობ, რომ ზურაბიშვილს დავუჭირე მხარი და ვაშაძე არ გვყავს დღეს პრეზიდენტად!"

"რაც 20 ივნისს მოხდა, ეს მგონია იმის შედეგიც, რომ კოაბიტაციას ასეთი გემო ჩაატანა "ქართულმა ოცნებამ". მას მერე, რაც პოლიტიკური ჟღურტული გააბეს "ნაციონალებთან", ეს შედეგი მივიღეთ"

28 ოქტომბერს იორდანიის დედაქალაქ ამანში კავკასიის ხალხთა კონგრესის ფარგლებში გაიმართება პოეტ დავით მაღრაძის წიგნის ჩერქეზული, აფხაზური და ოსური თარგმანების პრეზენტაცია, რომლის ინიციატორებიც არიან საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრი და იორდანიაში ჩერქეზული დიასპორა. ღონისძიებას პოეტთან ერთად დაესწრებიან მისი ლექსების აფხაზურ და ჩერქეზულ ენაზე მთარგმნელებიც. ამ მნიშვნელოვან მოვლენასა და ქვეყნის სხვა საჭირბოროტო საკითხებზე "კვირის პალიტრას" პოეტი დავით მაღრაძე ესაუბრება:

- ჩემი ლექსების აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე გამოცემა საზოგადოების წიაღში წარმოშობილი ინიციატივით მოხდა. ჩემი აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე თანამედროვე ქართველი პოეტის აფხაზებისა და ოსების მშობლიურ ენებზე გამოცემული წიგნების გავრცელებით მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლექსები აფხაზებმა და ოსებმა თარგმნეს. მათგან ერთი მთარგმნელი აფხაზეთში ცხოვრობს, მეორე კი ცხინვალში. მადლობა უნდა ვუთხრა "საზოგადოებრივ მაუწყებელს", რომელმაც ამ თარგმანების ამბავი ფართოდ გააშუქა. არ ვიცი, ხელისუფლებიდან ვინ მეთვალყურეობს ტელეკომპანია "იმედის" პრაიმტაიმს, სადაც ამ ფაქტის მნიშვნელობა ვერ გაისიგრძეგანეს, ან უბრალოდ, არ შეიმჩნიეს. ამას ვამბობ უფრო იმ სისტემური პრობლემის გამო, რაც წინა ხელისუფლების დროსაც იყო. მაშინ ჩემი გაჭაჭანება არ შეიძლებოდა "რუსთავი 2"-ზე, დღეს, ფაქტობრივად, იმავეს სხვა ტელევიზია აკეთებს...

ნიუ-იორკში ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე ვთქვი, რომ პოეზია ჩემთვის გადარჩენაა და არა ნევროზის გაზიარება, რამაც წალეკა ჩვენი თანამედროვეობა-მეთქი. ამიტომაც აქვს დიდი მნიშვნელობა ჩემთვის ამ წიგნის აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე თარგმნას.

არსებობს ქართული ლიტერატურა და ქართული მაკულატურა, ვფიქრობ, ჩემი არჩევანი სწორედ ლიტერატურისკენ არის. იცოდეს ყველამ - როგორც ფალსიფიცირებული ღვინო ვერ მოუტანს საქართველოს სახელს და დიდებას, ისე მაკულატურის გავრცელება. ამ თარგმანებმა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ აჩვენა - ხელოვნებას საზღვრები არა აქვს, ეკლიანი მავთული და მესაზღვრეები მას ვერ დააკავებენ.

- რას ფიქრობთ დღეს ქართველ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე, რამდენად დიდ პრობლემად მიგაჩნიათ ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციის მცდელობა, რასაც პოლიტიკოსებიც ახალისებენ? - მოდი, ასე დავიწყებ, ღმერთმა შექმნა ადამიანი, სახელმწიფომ კი ადამიანი აქცია მოქალაქედ. პოეტის სურვილი ის არის, რომ მოქალაქეში მუდმივად გადარჩეს ადამიანი. ჩემი განზრახვაც და წადილიც სწორედ ესაა, რაც მაწერინებს. დღეს საქართველოში ყველა მხრიდან ცდილობენ, გააქრონ ქართველი საზოგადოება, რომელიც, ჩემი შეფასებით, არის მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც განსაცდელის დროს ღირსებას ინარჩუნებს. ამ საზოგადოების იგნორირებას ცდილობენ ხელისუფლება, ოპოზიცია და ა.შ., იმიტომ, რომ საზოგადოებასთან თანაცხოვრების კულტურის ნაკლებობაა ქვეყანაში. თუ აღიარებ, რომ საზოგადოება არსებობს, მაშინ ანგარიში უნდა გაუწიო, ანუ მისი აზრი გაითვალისწინო, ვინაიდან ამპარტავნებითაა მოცული ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ეს არ სურთ. თუ სადმე, ოდესმე საზოგადოების მიმართ პატივისცემა გამოხატეს და რაღაც გაითვალისწინეს, ამას წარმოადგენენ როგორც მათ მიერ გამოჩენილ დიდ წყალობას და არა როგორც თანაცხოვრების კულტურის განცდით გამოწვეულ ვალდებულებას. ეს არის ქართველი საზოგადოების იგნორირების, დაკნინების მთავარი მიზეზი.

ჩვენ გაცხადებული გვაქვს ევროპისკენ სწრაფვა, მაგრამ, ასე მგონია, კალენდარში ცდომილებაა - ვგულისხმობ იმ ტენდენციებს, რაც აქ მოდურია, ევროპაში კი აშკარად მიილია. როდესაც ფლორენციაში სინიორიის მოედანზე განავლის ქანდაკება დადგეს, მერე აიღეს, მაგრამ თუ შენ ახლაღა გაიგე, რომ ის დაიდგა, შეიძლება ანალოგიური "დიადი იდეის" ხორცშესხმა მოგინდეს, თანამედროვე ტრენდი გეგონოს, მოდის ხმას აჰყვე. ჩვენში არსებობს მოსახლეობის მცირე ნაწილი, რომელსაც პროგრესისტებად მოაქვს თავი, დანარჩენ დიდ ნაწილს კი სიკვდილზე მეტად გოიმობის ეშინია და იმ პროგრესულებმა რომ არ ჩათვალონ ჩამორჩენილებად, თამაშს იწყებენ - რასაც არ ფიქრობენ, იმას ამბობენ, რაც არ მოსწონთ, ისე იქცევიან, მოკლედ, პოლიტკონიუნქტურის ტყვეობაში არიან. ამ ტყვეობაშია ხელისუფლებაც. არადა, აგორა თავისუფალი უნდა იყოს და არც ერთ საკითხს ტაბუ არ უნდა ედოს, როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესს შეეხება. ღმერთმა ნუ ქნას და, შეიძლება ომის დაწყების გადაწყვეტილების მიღებამაც მოგიწიოს, მაგრამ ესეც უნდა იყოს თავისუფალი პოლემიკის შედეგი და არა პოლიტიკური კონიუნქტურით შეშინებული ხალხის გადაწყვეტილება. ვფიქრობ, აგორა გასათავისუფლებელია პოლიტკონიუნქტურისგან.

არის ხალხი, ვინც ლიბერალობას იბრალებს, ისევე როგორც იბრალებენ კონსერვატიზმსა თუ ქრისტიანობას. სინამდვილეში, ეს ვითომ ლიბერალიზმი სხვა არაფერია, თუ არა შეთქმულება ღირსების წინააღმდეგ. არსებობენ ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რაც კანონით დაშვებულია, ყველაფერი მოსულა. ამგვარი დამოკიდებულება ხელს აძლევს იმათ, ვინც კოჭლი ლექსები დაწერეს და ახლა ისე წარმოაჩენენ, რომ ეს არის ნამდვილი პოეზია, ანუ ჭეშმარიტის მიჩქმალვით სიცრუის გაბატონებას ცდილობენ. ასეთი ხალხი საკმაოდ ბევრია და ისინი ამყოფებენ ჩვენს სამშობლოს ტყვეობაში. ამ ტყვეობიდან გათავისუფლებაში ვხედავ ქართველი საზოგადოების უმთავრეს დანიშნულებას, რომელიც მან უნდა შეასრულოს.

- იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რას გულისხმობთ? - ჩვენში თუ ვინმე არის მიშისტი, ის თავს დასავლური ღირებულებების მატარებლად წარმოადგენს, არადა, თუ ამ ღირებულებებს იზიარებ - აღიარებ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, მაშინ ადამიანის წამებას არ უნდა უჭერდე მხარს. არადა, უჭერდნენ. თუ საჯარო მკვლელობებს ამართლებ, როგორ შეიძლება ამტკიცებდე, რომ ლიბერალი ხარ?!

მე ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება გამოვხატე 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ, მაგრამ მათ ნაწილს, ვინც მომხდარს დღეს ასე ხმამაღლა გმობს, მინდა ვკითხო, სად იყვნენ 2007 წლის 7 ნოემბერს ან 2011 წლის 26 მაისს? კი, 20-21 ივნისს ხალხი დაშავდა, გოგონამ დაკარგა თვალი, ამას გამართლება არა აქვს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, იქ მოქალაქეთა ნაწილმა პოლიციის კორდონზე იერიში მიიტანა და ეს იყო იერიში ქართულ სახელმწიფოებრიობაზე.

ცინიზმი იქამდე მივიდა, რომ ჟურნალისტი სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტის უფროსს, ჩუბინიძეს ეკითხებოდა, თქვენ აქ რა გინდათო? იმას ეკითხებოდა, ვისაც ევალებოდა დაცვა. რაც 20 ივნისს მოხდა, ეს მგონია იმის შედეგიც, რომ კოაბიტაციას ასეთი გემო ჩაატანა "ქართულმა ოცნებამ". მას მერე, რაც პოლიტიკური ჟღურტული გააბეს "ნაციონალებთან", ეს შედეგი მივიღეთ.

პოლიტკონიუნქტურის კიდევ ერთი მაგალითისთვის გავიხსენებ სალომე ზურაბიშვილის გაეროში გამოსვლას, სადაც დიდწილად ილაპარაკა ოკუპაციაზე, თუმცა გამოვიდნენ ვიღაცები და ამტკიცებდნენ, არ ულაპარაკიაო, სხვების თქმით, ეს არ იყო საკმარისიო. იქიდან, ალბათ, ომი უნდა დაეწყო და ეს იქნებოდა მისაღები. ეს არის ფაქტების, პროცესების ფალსიფიცირების მცდელობა. ესენი არიან პროვოკატორები, რომლებიც ყოველთვის სისხლს ითხოვენ.

- პარლამენტში ხმაურით მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა. - სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" რიგ საკითხებში "ნაციონალურ მოძრაობას" დაემსგავსა.

მურუსიძის მსხვერპლად გამოცხადებით და ამას მოყოლილი მთელი შლეიფით "ქართულმა ოცნებამ" ბრძოლა გამოუცხადა საზოგადოებას. ყველამ იცოდეს - ეს ბრძოლა აუცილებლად საზოგადოების გამარჯვებით დასრულდება. ქართველი საზოგადოება უკვდავია, ჩვენ ყველანი მოკვდავები ვართ, ამიტომ მასთან დაპირისპირებაში ყველა მარცხისთვის არის განწირული. ასე დამარცხდა მიხეილ სააკაშვილი, ასევე დამარცხდება "ქართული ოცნებაც".

თავის დროზე, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე სკანდალი აგორდა, ეკა ბესელიაზე ვთქვი, მან იმ რამდენიმე ადამიანთან ერთად, ვინც ამ პროცესის წინააღმდეგ წავიდნენ, "ქართულ ოცნებას" მისცა ღირსების გადარჩენის შანსი, თუ გამოიყენეს-მეთქი. არ გამოიყენეს და, განხეთქილებამდე მიიყვანეს საქმე, საბოლოოდ კი ამ "ევროალიყურით" მხოლოდ ბატონი ზარდიაშვილი კი არ დაჯილდოვდა, არამედ მთელი "ქართული ოცნება", განსაკუთრებით კი მისი ე.წ. ახალგაზრდული ფრთა.

- სალომე ზურაბიშვილი, რომლის პრეზიდენტობისთვის მხარდაჭერამ თქვენც მოგიწიათ, მორიგ სკანდალში გაეხვია - მან მკვლელობისთვის გასამართლებული არაერთი პირი შეიწყალა. - მე პირველ ტურში არ ჩავრთულვარ, თუმცა მეორე ტურის წინ ჩემი პოზიცია მკაფიოდ გამოვხატე და მივაღწიე იმას, რომ ვაშაძე არ არის დღეს პრეზიდენტი! რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, ჩემთვის მის გაპრეზიდენტებაში მნიშვნელოვანი იყო ერთი რამ - ჩვენი ტრაგიკული ემიგრაცია, ადამიანები, რომლებიც აიძულეს უცხოობაში წასულიყვნენ. მიმაჩნდა, რომ სიმბოლური იყო, სწორედ ამ წიაღიდან დაბრუნებული ადამიანი გამხდარიყო საქართველოს პრეზიდენტი. დღესდღეობით ქალბატონ სალომეს თან სდევს სკანდალები. ამ შეწყალებით ქართველმა საზოგადოებამ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. პრეზიდენტს მეტი სერიოზულობა მართებს. ამ მორატორიუმის გამოცხადება კიდევ ერთი უბედურება მგონია. რას ნიშნავს მორატორიუმი, ადამიანს შეწყალების უფლება როცა აქვს, როგორ შეიძლება ეს წაართვა?!

- საზოგადოების ნაწილი იმედით შეხვდა პოლიტიკურ ასპარეზზე მამუკა ხაზარაძის შემოსვლას, თუმცა თქვენ მკაცრად შეაფასეთ მისი განცხადება, რომ 20 ივნისი მისთვის წყალგამყოფი იყო... "პალიტრანიუსთან" საუბრისას ბრძანეთ: "ბევრად მნიშვნელოვანი და ბევრად მეტი სიმძაფრის წყალგამყოფები არსებობდა - სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, აგვისტოს ომი, 7 ნოემბერი, 26 მაისი.... თუ ეს წყალგამყოფები მე სიზმარში ვნახე და ამათ დღეს გაიგეს?! დღეს გაგახსენდა ღირსება, დალოცვილო?! აქამდე სადმე თაროზე იყო შემოდებული?! როგორც თვითონაც ამბობენ, ეს ხელისუფლება უნიათოა. ე.ი. უნიათოს წინააღმდეგ ბრძოლა ხომ ადვილია? და ორგანიზებული რეპრესიული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლა ხომ ძნელია?.." - აღარ ვაპირებ ამ თემაზე ლაპარაკის გაგრძელებას და ხაზარაძის მტრად მუშაობას, ისევე როგორც არც სხვა არავის მტრად არ ვიმუშავებ.

- ბოლო ხანს მითქმა-მოთქმაა, რომ აღარსად ჩანხართ, არადა, გაზაფხულზე თქვენც და მოძრაობა "დაიცავი საქართველოც" აქტიურობდით? - "დაიცავი საქართველო" არის იდეა და არა ორგანიზაცია. ეს მოძრაობა სამართლიანობისა და ზნეობის პრინციპებზე შეიქმნა და არა აგრარული რეფორმების გამო.

- თუმცა აცხადებდით, რომ უნდა ქცეულიყო პლატფორმად, რომელიც ახალი ადამიანების, ახალგაზრდების პოლიტიკაში შემოსვლას შეუწყობდა ხელს. - ჩვენ დავდეთ ფორმულა, - "ოცნება" ისე უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, რომ "ნაციონალები" არ დაბრუნდნენ. ჩვენს წიაღში ჩამოყალიბდნენ ახალგაზრდა პოლიტიკოსები: ლევან გოგიჩაიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ვატო შაქარაშვილი... მათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის აღმშენებლობაში და შეიტანენ კიდეც. სწორად უთხრა ჯაბა ჯიშკარიანმა ირაკლი კობახიძეს, რამდენი წლისაც ხარ, იმდენი ნასამართლობა მაქვსო. სამართლიანობისთვის მებრძოლი რომ არის, იმიტომ აქვს ამდენი ნასამართლობა.

რაც შეეხება მითქმა-მოთქმას, რომ აღარ უპირისპირდება ხელისუფლებასო, ეს იმიტომ ააგორეს, რომ მიშისტებს არ შევუერთდი. ივანიშვილისგან რაც უნდა რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები მქონდეს, მიშასი და მისი რეპრესიული მანქანის გვერდით ჩემი ადგილი არასდროს იქნება. მე ქართული სივრციდან ვერც "ნაციონალები" გამაქრობენ და ვერც "ოცნება"... ორივე დიდი ფინანსების პატრონია, შეუძლიათ აცდუნონ ადამიანები და ჩემს წინააღმდეგ გამოიყენონ, მაგრამ რაც მე ბოტები და ტროლები დამასიეს, რა დამაკლეს ამით? თავის თავს ავნეს... ასე მოუვიდა "ოცნებასაც" - აგერ პარლამენტში უკვე ცემა დაუწყეს და ასე მოუვა ყველას. ყოველთვის ვცდილობ, შეურაცხყოფა არ მივაყენო ადამიანებს, მათ ღირსებას არ შევეხო, ვინაიდან ამით ჩემს ღირსებას ვუფრთხილდები.

თქვენი ნებართვით, ჩემი ერთსტროფიანი ლექსით დავასრულებ ჩვენს საუბარს, რომელსაც "პოეზია" ჰქვია:

"დიდი ამბიდან დეტალი არ ჩანს, დეტალიდან ჩანს დიდი ამბავი...

იმ ეპოქიდან სტრიქონი დარჩა,

ამ ეპოქაში დაუსტამბავი".