"ჩვენ უკუნითი უკუნისამდე უკვდავვყავით სააკაშვილის მართლმსაჯულების სისტემა" - კვირის პალიტრა

"ჩვენ უკუნითი უკუნისამდე უკვდავვყავით სააკაშვილის მართლმსაჯულების სისტემა"

პარლამენტში მოსამართლეების მოსმენასა და მომავალ მთავარ პროკურორზე თბილისის ყოფილ პროკურორ მაია მწარიაშვილს ვესაუბრეთ.

- პარლამენტში მოსამართლეების მოსმენა ფარსია. ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი. ყველაზე დიდი პრობლემა კლანური მმართველობა და იუსტიციის საბჭოა. მივიღეთ ჩაკეტილი საბჭო, სადაც თვითონ ინიშნავენ თავს და ნიშნავენ ერთმანეთის ახლობლებს. თავად არიან ერთმანეთის არსებობის გარანტია და ახლა სწორედ ურთიერთგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებთ.

- როგორც ამბობენ, კლანს ზარდიაშვილი მფარველობს. მას ამხელა გავლენა აქვს?

- ეს კლანი მხოლოდ იუსტიციის საბჭოთი არ მთავრდება. მათი გავლენები გადადის პარლამენტზეც - მმართველი გუნდის ნაწილზე, პროკურატურასა და საკონსტიტუციო სასამართლოზე. კლანის განაყოფები და საცეცები ყველგან არის.

- მოსამართლეთა 20-კაციან სიაში მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეც არიან. რა თამაშს თამაშობს იუსტიციის საბჭო? - შალვა თადუმაძის, მისი მოადგილისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ამ სიაში შეყვანა თავიდანვე მიანიშნებდა, რომ ეს წინასწარ გარიგებული იყო და მათ გარანტიები მისცეს. ასე რომ არ ყოფილიყო, მოქმედი გენპროკურორი, რომელსაც ძალიან მაღალი თანამდებობა უკავია, არც ერთ შემთხვევაში არ გამოთქვამდა სურვილს, მოსამართლეობისთვის ეყარა კენჭი.

- რა გარიგება შეიძლება არსებობდეს? - რომ იქნებიან უვადო მოსამართლეები და ლაპარაკია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობაზე. თუ ასეთ პირობას წინასწარ იძლევიან, ე.ი. მთელი პროცესი ფარსია. მძიმე მოსასმენი იყო იუსტიციის საბჭოში მიმდინარე მოსმენებიც, განსაკუთრებით კანდიდატების კვალიფიკაციის შესახებ, აღარაფერს ვამბობ კეთილსინდისიერებასა და ღირებულებებზე, რაც მათ პასუხებში იკითხებოდა. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, საბჭომ მაინც აირჩია ის, ვინც უნდა აერჩია.

ახლა მნიშვნელოვანია, როგორ წარიმართება პროცესები პარლამენტში, მაგრამ მართლმსაჯულებაში იმდენი პრობლემა გვაქვს, მხოლოდ ამ ეტაპის მოგებაც კი ვერ უშველის საერთო სურათს. სამაგიეროდ, ნამდვილად მოახდენს მმართველი პარტიის იმ დეპუტატების ლუსტრირებას, რომლებიც კლანს მფარველობენ.

გუშინ რომ არ მოსწონდათ მოსამართლეები და დღეს მათ მხარდასაჭერად ასწევენ ხელს, გამოჩნდება, რომ მათთვის არაფერს წარმოადგენს ხალხის აზრი.

- გამოსავალს რაში ხედავთ? - 8 წელი გავიდა და ისევ იქ ვდგავართ და შესაძლოა უარეს წერტილშიც. საზოგადოება შეიძლება ციფრებით მოატყუო, მაგრამ მე ზღაპრებს ვერ დამაჯერებენ. ვერც იმას დამაჯერებენ, რომ ევროსტანდარტების შესაბამისი მართლმსაჯულება გვაქვს. კვლევებს მეც ვკითხულობ დედანში. მომავალი ხელისუფლება რადიკალური ცვლილებების გზით უნდა წავიდეს. ხელახლა უნდა დავიწყოთ მართლმსაჯულების შენება. ეს რთული იქნება, რადგან უვადოდ დანიშვნის შესახებ კონსტიტუციური ნორმები გვაქვს. უვადო მოსამართლეების არჩევას მეც მხარს ვუჭერდი, მაგრამ ის მანკიერი გამოდგა - ჩამოყალიბდა კლანურ მმართველობად, რომელსაც ვერ გაარღვევ.

- ხელისუფლება ამბობს, რომ ყველა მოსამართლეს ვერ გაუშვებდნენ. - ხელისუფლება რომ შეიცვალა, მაშინ იყო ამაზე ლაპარაკი. მაშინ მათ ხელაღებით გაშვებას არავინ ითხოვდა, უბრალოდ, ვადების ამოწურვის შემდგომ ხელახლა აღარ უნდა დაენიშნათ. ეს ბოროტება ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა და ამდენი წელია ატყუებს საზოგადოებას, ასე ხელაღებით ვერ დავითხოვდიო. ფაქტობრივად, უკუნითი უკუნისამდე უკვდავვყავით სააკაშვილის მართლმსაჯულების სისტემა.

- ერთ-ერთი ვერსიით, თადუმაძის შემცვლელად კახი კახიშვილის კანდიდატურა განიხილება. - კანდიდატებზე ვერაფერს გეტყვით. პროკურატურაც იმ კლანის გავლენაშია. სააკაშვილის მმართველობის შემდეგ ინსტიტუტები ვერ გავაკეთილშობილეთ და ამიტომ ახალი პერსონალიები თავის მოტყუებაა. ყველა მთავარი პროკურორი, ვინც აქამდე გვყავდა, ტყუილად იჯდა კაბინეტებში. პროკურატურა უფრო დაექვემდებარა ხელისუფლებას. გვეგონა, ეს ინსტიტუტი პოლიტიკის მიღმა დარჩებოდა. მთავარი პროკურორისთვის არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ვინ იქნება ხელისუფლებაში. პროკურორის არჩევის 6-წლიანი ვადა სწორედ ამ მოტივით შევიდა კანონში - მისი ვადა არ უნდა დამთხვეოდა ხელისუფლების ცვლილებას, მაგრამ მერე ეს კანონი იმდენჯერ შეიცვალა, რომ საზოგადოება გვარების დამახსოვრებასაც ვერ ასწრებს. დღეს სასამართლოც და პროკურატურაც ბატონყმობის პრინციპზეა აგებული.

- საზოგადოების ნაწილის აზრით, მთავარი პროკურორი პირდაპირი გზით უნდა აირჩიოთ. ეს უშველის პრობლემას? - ჩვენს ქვეყანაში ხეირიანად პრეზიდენტს და პარლამენტს ვერ ვირჩევთ და პროკურორებს როგორ ავირჩევთ.

ძალიან მომწონს გერმანული პროკურატურის მოდელი და ჩვენი კანონმდებლობაც ამერიკულ-გერმანულით იყო ნასაზრდოები, მაგრამ როდესაც ახალ-ახალი ინოვაციები შეგვაქვს, ეს მოდელი სახეს კარგავს. მაგალითად, ჩვენი იუსტიციის საბჭოს მოდელი - როდესაც თვითონ არის დამნიშნავი და მოსამართლეებსაც თვითონ აკომპლექტებს - სრულიად ნოვატორულია და ცივილიზებულ ევროპას არა აქვს. ასეთ ექსპერიმენტებს ცუდი გამოცდილების გამო იწყებენ და მერე ვიღებთ უარესს. გერმანიაში მთავარ პროკურორს წარმომადგენლობითი ორგანო ნიშნავს, მაგრამ მთავარი პროკურორი სხვა პროკურორების უფროსი არ გახლავთ. ყველანი საქმეს აკეთებენ, ჩვენთან კი მხოლოდ ქვედა რგოლი მუშაობს, დანარჩენები უფროსები არიან.