ვანო ზარდიაშვილი: "ეს იყო ბესელიას მიერ დაგეგმილი პროვოკაცია" - კვირის პალიტრა

ვანო ზარდიაშვილი: "ეს იყო ბესელიას მიერ დაგეგმილი პროვოკაცია"

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ, "ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატი ეკა ბესელია და უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი და რატომ უწუნებს ზარდიაშვილი ბესელიას მორალს, ამ და სხვა კითხვებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ვესაუბრეთ.

- "მორალში" ვიგულისხმე ის კორუფციული ნიშნები, რომელიც ბესელიას მისამართით ბავშვობიდან მესმის. მაგალითად, ირაკლი ქორიძის საქმე - გამოძიების მიხედვით, აშკარაა, რომ ქორიძე ნარკომოვაჭრეა და მეორედ გასამართლდა - 10 000 აბი სუბუტექსი უპოვეს. არა მგონია, ბესელია ისეთი მიამიტი იყოს, რომ ნარკობარიგებს ვერ ცნობდეს. არადა, ბესელიას მასზე კარგი დახასიათება აქვს დაწერილი - პოლიტდევნილი გახლდათო და ამიტომ გაუწია რეკომენდაცია შეწყალებაზე.

- თავის დროზე რატომ არ თქვით ამაზე არაფერი? - ამაზე 2 წლის წინაც ვლაპარაკობდი.

- ბესელია აქეთ გადანაშაულებთ სასამართლოს კლანის მფარველობაში. - ეს პოპულისტური განცხადებაა. პარლამენტში მოსამართლეების მოსმენის პროცესი არის უპრეცედენტო და ეს მოიწონა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ. ასე დეტალურად და კვალიფიციურად იუსტიციის საბჭოში და შემდეგ პარლამენტში მოსამართლეების გაცნობა და მოსმენა არსად მომხდარა.

- ბესელია ადეიშვილის ხელის ბიჭადაც გთვლით... - რაც შეეხება ადეიშვილის ხელის ბიჭობას, ვიყავი საჯარო მოხელე. იმ დროს იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა დაახლოებით 20 ათასი ადამიანი და გამოდის, ბესელია ყველას აყენებს შეურაცხყოფას. ყველა საჯარო მოხელე, ვინც იმ დროს მუშაობდა, ადეიშვილის ხელის ბიჭები და გოგოები ვართ?! არ მწყინს ეს შეფასება, უბრალოდ, ბესელია ამდენ ადამიანს აყენებს შეურაცხყოფას.

- მაგრამ ბესელიას გარდა პარლამენტში მიმდინარე პროცესებს სკეპტიკურად უყურებენ მესამე სექტორშიც, მიაჩნიათ, რომ ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი და სწორედ ამით ხსნიან მოსამართლეთა 20-კაციან სიაში შალვა თადუმაძისა და მისი მოადგილის შეყვანას... - ბატონი შალვა არჩეულია გენპროკურორად და სანამ კენჭისყრა არ იქნება, არავის არაფერი აქვს გარანტირებული.

- თქვენ თუ დაუჭერთ თადუმაძის კანდიდატურას მხარს? - შეიძლება იყო წარმატებული პროკურორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იყო წარმატებული მოსამართლე. შესაბამისად, მაქვს უფლება დაველოდო, მოვუსმინო და ისე მივიღო გადაწყვეტილება.

- ამ 20-კაციან სიაში არიან თუ არა ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც თქვენ მხარს არ დაუჭერთ?

- მაინტერესებს, კითხვებზე რა პასუხებს გასცემენ და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას.

- პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას დავუბრუნდეთ - ბესელიას თქმით, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია და თქვენ "მოსამართლის გადასარჩენად" გაგიშვეს. - პირიქით, ეს იყო ბესელიას მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, რათა ყურადღება თავის თავზე გადაეტანა. საკითხავია, რატომ ძალადობს, ქალს ასეთი საქციელი არ შეშვენის.

- ბესელიას განცხადებით, დეკემბერში მოსამართლეობის 5 კანდიდატის მხარდაჭერა, რომელთა შორის მიხეილ ჩინჩალაძეც იყო, ივანიშვილმა პირადად მას მოსთხოვა. ამ შეხვედრის შესახებ გქონდათ ინფორმაცია? - პირიქით, ეკა ბესელიამ თავად მოითხოვა ათკაციანი სიიდან 5 კაცის გაყვანა. როგორც ჩანს, ბესელია "გაღმა შეედავეს" პრინციპით მოქმედებს. სანამ მის ბრალეულობაზე რამეს ვიტყვით, რომ კორუფციაში ხელები აქვს გასვრილი, აქეთ გვედავება. რაც შეეხება შეხვედრის თემას, ჩუგოშვილმაც ირიბად დაადასტურა, რომ ბესელიას სურდა, იურიდიულ კომიტეტს მასთან შეეთანხმებინა 5 კანდიდატი, ანუ მას წარედგინა პარლამენტში, ხოლო დანარჩენი 5 - სხვას დაენიშნა, რაც თავისთავად არ დაკმაყოფილდა. ეკა ბესელიას დასანიშნი მოსამართლეები საქართველოში არ არიან.

- თქვენ საუბრობთ ადამიანზე, რომელიც 7 წლის განმავლობაში იყო "ქართული ოცნების" სახე და თქვენი თანაგუნდელი... - თავის დროზე თანაგუნდელები იყვნენ ეკა ბესელია და ირაკლი ოქრუაშვილი, ბესელია და ეროსი კიწმარიშვილი. თუ მოსამართლეებთან ბრძოლა უნდოდა, რატომ გადადგა თანამდებობიდან და თუ სიის დამტკიცება არ უნდოდა, თანამდებობიდან ხომ უკეთესად შეუშლიდა ხელს არ პროცესს. ეს ცალსახად ადასტურებს, რომ ის ამ თემით სპეკულირებს.

ასევე არსებობს კითხვის ნიშნები, თუ რატომ შეიწყალა სააკაშვილმა ბესელიას შვილი, როდესაც მართლმსაჯულებამ დაადგინა, რომ იგი დამნაშავე იყო. რაიმე ვალდებულებები ხომ არ არსებობდა სააკაშვილსა და ბესელიას შორის?! თუნდაც ის, რომ ორი დღის წინ ბესელია აცხადებდა,""ქართული ოცნება" დეპუტატებს ფარული ჩანაწერებით აშანტაჟებსო. ეს ხომ ოპონენტების ინტერესშია, მსგავსი რაღაცები დაგვაბრალოს?!