"ქართულ ოცნებას" სურს ყველა კონკურენტი ძალა გასვაროს" - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებას" სურს ყველა კონკურენტი ძალა გასვაროს"

მმართველი გუნდის ბრალდებებზე საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრი ლევან ბოძაშვილი გვესაუბრება:

- "ქართულ ოცნებას" სურს ყველა ახალი კონკურენტი ძალა პოლიტიკურად გასვაროს. ნებისმიერი განსხვავებული აზრი თუ ოპონენტი "ნაციონალურ მოძრაობასთან" დააკავშიროს. ეს არის მათი ტაქტიკა. სწორედ ამიტომაც ინარჩუნებს "ოცნება" "ნაცმოძრაობას", თორემ რომ მოენდომებინა, თავის დროზე იმხელა მორალური უპირატესობა ჰქონდა, თავისუფლად შეეძლო "ნაციონალები" ქართული პოლიტიკიდან გაეყვანა ან იმდენად შეევიწროებინა, არ ყოფილიყო მთავარი ოპოზიციური ძალა.

როდესაც "ოცნებაში" არგუმენტები არ გააჩნიათ, არასაგნობრივ ბრალდებებზე გადადიან, ამით ცდილობენ ჩვენს დისკრედიტაციას.

- "ოცნებაში" კი პირიქით, ხაზარაძის ბრალდებებს უწოდებენ ალოგიკურს. - მარტივ კითხვას დავსვამ: თქვენ რომ პრემიერ-მინისტრი იყოთ, ამდენ ხანს ანაკლიის პორტს არ ააშენებდით?! ხაზარაძე თუ პეტრე ან პავლე შეგიშლიდათ ხელს?!

- მდინარაძე ამბობს, რომ ხაზარაძემ არ შეასრულა ვალდებულებები და მისი გადავადება რამდენჯერმე მოითხოვა. - როგორ შეიძლება ვალდებულება შეასრულოს ბიზნესმენმა, რომლის წინააღმდეგ უკვე ერთი წელია გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება დაიწყო ჯერ მოწმის სტატუსით, მერე კი ბრალის წარდგენით. ასეთ პირობებში როგორ მოახერხებდა ინვესტორების მოძიებას?! მიუხედავად ამისა, ხაზარაძე კონსორციუმისთვის აგრძელებდა ინვესტორების მოძიებას. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ იაპონელი პარტნიორები იყვნენ ჩამოსული.

შარშან 17 დეკემბერს, კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ხელისუფლებამ მიიღოს ანაკლიის შესახებ სპეციალური კანონი, თუმცა დღემდე არც კი ინიცირებულა.

- ბესელია-ზარდიაშვილის დაპირისპირებაზე რას ფიქრობთ? - ეს იყო ამაზრზენი კადრები. დაუშვებელია, ვინმემ მორალური განკითხვა მოუწყოს ვინმეს, არათუ ქალს. ზარდიაშვილზე შემიძლია ბევრი ვისაუბრო, მაგრამ თავს შევიკავებ. თვალსაჩინო იყო, როგორ ჩამწკრივებული იცავდა მას "ოცნება".

- პარლამენტში პარალელურად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსმენა მიმდინარეობს. - ეს თავიდანვე არალეგიტიმური იყო. დეკემბერში მალულად წარადგინეს მოსამართლეთა 10-კაციანი სია, რასაც საზოგადოებ+ის რეაქცია მოჰყვა და ხელისუფლება იძულებული შეიქნა ეს შეეფუთა - თითქოს ახალი კანონი იყო მისაღები, რათა გამჭვირვალედ წარმართულიყო პროცესი. ანუ რა გამოდის? - 7 წლის განმავლობაში ყველაფერი გაუმჭვირვალე იყო?!

ახლა სია პირდაპირ ხელების გადაგრეხით გააქვთ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მას პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

მოამზადა თიკო ოსმანოვამ