"სადაც მართლები ვართ, "ნაცური" მესიჯების გამო უკან არ დავიხევთ" - კვირის პალიტრა

"სადაც მართლები ვართ, "ნაცური" მესიჯების გამო უკან არ დავიხევთ"

გაუცრუა თუ არა სალომე ზურაბიშვილმა "ქართულ ოცნებას" იმედი და რას ფიქრობენ პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებაზე, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს ვესაუბრეთ.

- ასეთი ლოგიკას მოკლებული შეწყალებები ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო, მით უმეტეს, თუ ავტორი პრეზიდენტია.

- თქვენი ინფორმაციით, შეწყალების საქმეში პრეზიდენტის ბრალეულობა თუ იკვეთება? - შეიძლება მქონდეს ეჭვი, მაგრამ პრეზიდენტის დადანაშაულებისა და რაღაც ვერსიების განვითარების უფლება არა მაქვს. უბრალოდ, ვამბობ, რომ ეს მიუღებელია. ჩვენ ვაკრიტიკებთ არა მარტო ზურაბიშვილს, არამედ ვგმობდით სააკაშვილის შეწყალებებსაც, რომელიც ათიათასჯერ ალოგიკური იყო, და ვაკრიტიკებდით გიორგი მარგველაშვილსაც, მაგრამ ამაზრზენია გამოძიებაზე, კომისიებსა და იმპიჩმენტზე "ნაცმოძრაობის" საუბარი. თუ არ დაგაკმაყოფილებს გამოძიების პასუხი, შეიძლება ხვალ-ზეგ იფიქრო კომისიაზე, მაგრამ მათი განცხადებები ამორალურია.

- "ოცნებას" მარგველაშვილთანაც ჰქონდა პრეტენზიები, მაგრამ მაშინ გამოძიება არ დაწყებულა.

- მარგველაშვილი იწყალებდა თავისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და, რა თქმა უნდა, ესეც მიუღებელია. მაგრამ მაშინ არც საქმის გამოძიება მოსვლია ვინმეს თავში და არც კომისიის შექმნა, ზურაბიშვილზე კი გაგიჟდნენ და თუკი რაიმე რადიკალური ზომა არსებობს, ყველაფრის გატარებას ითხოვენ.

- თქვენი აზრით, შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადებით ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებული პატიმრების უფლებები არ ირღვევა? - მორატორიუმით პატიმრების უფლება იზღუდება - რა დააშავა იმ ადამიანმა, რომელმაც მსუბუქი დანაშაული ჩაიდინა და შეწყალებას ელოდება? შეიძლება იქურდა, მაგრამ ეს ჩაიდინა უკიდურესი გაჭირვების გამო, თუმცა მოსამართლემ კანონს გვერდი ვერ აუარა და ეს ადამიანი ციხეში აღმოჩნდა. ასეთ პატიმარს რომ შეიწყალებს პრეზიდენტი, მთელი ქვეყანა ტაშს დაუკრავს. სწორედ ასეთი შეწყალების მომხრეა საზოგადოება და მათ შორის მეც.

- რა შემთხვევაში დაუჭერთ მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს? - იმპიჩმენტს აქვს თავისი კონსტიტუციური საფუძველი - პრეზიდენტმა ან კონსტიტუცია უნდა დაარღვიოს, რაც აშკარად გამოჩნდება, ან დანაშაული ჩაიდინოს. თუ ასეთი საკითხი დადგა და პარლამენტმა მიიჩნია კონსტიტუციის დარღვევად, საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო შეისწავლის, შემდეგ ისევ პარლამენტში დაბრუნდება. ამას სჭირდება ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია და კვორუმი. ეს შეკითხვა არც დაისმებოდა, რომ არა "ნაციონალების" ნარატივი...

- ეკა ბესელიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით განსაზღვრულ პირთა დაშანტაჟება ახლაც ხდება. - ამაზე ამაზრზენი დანაშაული არ შეიძლება არსებობდეს. როგორ შეიძლება პირადი ცხოვრებით დააშანტაჟო ადამიანი? ეს უნდა დამთავრდეს! მაგრამ იმაზე საუბარი, რომ გამოძიებამ არაფერი გააკეთა, ტყუილია - 19 კაცია დაპატიმრებული. მათ შორის ის პირი, ვინც ეს ვიდეო ატვირთა.

- ფაქტია, კითხვები კიდევ რჩება... - კითხვა შეიძლება ბევრი მქონდეს, მაგრამ რაც მთავარია, ვინც ატვირთა, დაკავებულია.

- როგორც ბესელია ამბობს, გავრცელების საქმეში რამდენიმე ცნობილი გვარი აღმოაჩინა... - ქარაგმებით ჭორაობა ყველას შეუძლია, მე ვცდილობ ფაქტებით ვისაუბრო. ფაქტია, 19 პირი დაპატიმრებულია. იმის თქმა, რომ შესაძლოა, ამის უკან ვიღაც დგას, ლეგიტიმურია, მაგრამ განაცხადო, რომ არაფერი გაკეთებულა, არასწორია.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ დგას ამის უკან? - წარმოდგენა არა მაქვს. ეს აწყობდა "ნაცმოძრაობას", რათა ყველაფერი "ქართულ ოცნებას" დაჰბრალებოდა, მაგრამ ამას მტკიცებით ვერ ვიტყვი, რადგან არგუმენტი არ გამაჩნია.

- "ოცნების" მიმართ სერიოზული ბრალდებები აქვთ მამუკა ხაზარაძის მოძრაობა "ლელოს" წევრებსაც - პირველ რიგში, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. - ბრალდებებს ზურგს ფაქტები და არგუმენტები თუ არ უმყარებს, ყველა ბრალდება ჭორაობად მოინათლება.

ავიღოთ ანაკლიის პორტი - მაშინ არც პროკურატურა იყო და არც გამოძიება, როდესაც ხაზარაძემ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და სახელმწიფოს გადასავადებლად რამდენჯერმე მიმართა. მთავრობამ ვადა რამდენჯერმე გადაუწია. იმდენად გვინდა, ეს პროექტი განხორციელდეს, რომ კონსტიტუციაშიც შევიტანეთ. იგივე შემიძლია გითხრათ ევროპასთან ინტეგრაციაზე. ჩვენ თავად შევიტანეთ კონსტიტუციაში ამაზე ჩანაწერი.

- ფიქრობთ, რომ ხაზარაძე "ოცნებისთვის" შეიძლება სერიოზული კონკურენტი აღმოჩნდეს? - იმ პირებს, რომელთაც ხაზარაძე არჩევს, წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ მათთვის უმჯობესი იქნებოდა, ისეთი ლიდერი ჰყოლოდათ, რომელმაც სახელმწიფოს წინაშე ვალდებულება შეასრულა.

- იუსტიციის მინისტრის დაწინაურებაზეც ვისაუბროთ. ამან საზოგადოების ნაწილის გაკვირვება გამოიწვია, რადგან წულუკიანის სახელს უკავშირდება არაერთი ჩავარდნილი პროექტი, მათ შორის სასამართლო რეფორმა. - ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ისევ და ისევ "ნაცმოძრაობა", რომლებიც ცდილობენ დაიწუნონ წარმატებული რეფორმები. თუკი რამე კარგი ხდება, მაინც თქვან, რომ ცუდია. შესაძლოა დღეს სასამართლო არ არის იდეალური, მაგრამ როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება "ნაციონალების" დროინდელი სასამართლოსგან. თავის დროზე მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმიც არ არსებობდა. შეიძლება ვიღაცას უბრალოდ ფურცელზე დაეწერა სახელი და გვარი და ის წარედგინათ მოსამართლედ. როცა ამის შემდეგ რაღაც პროცედურის დეტალს აპროტესტებ, ტენდენციურობა სახეზეა, თანაც საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ვენეციის კომისიას უგზავნიან დღეში 50 მეილს, რომ ეს საშინელებაა.

თუკი ვინმე გამორჩეული ლიდერია, თავისი საქმე კარგად იცის და შეუძლია განავითაროს ქვეყანა, ასეთების დაწინაურებაზე მხოლოდ იმის გამო ვერ ვიტყვით უარს, რომ ეს "ნაცმოძრაობას" არ მოსწონს. სადაც მართლები ვართ, "ნაცური" მესიჯების გამო უკან არ დავიხევთ.

- სასამართლოს კლანი რომ მართავს, ესეც "ნაცური" მესიჯია? - ეს არის "ნაცმოძრაობის" ოფისში დაწერილი მესიჯი, რათა ტერმინი "კლანი" რაც შეიძლება ხშირად გამოიყენონ. ჩვენ შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ, შედეგები კი წარმოუდგენლად გაუმჯობესებული გვაქვს სასამართლოში. ამაზე არავინ ლაპარაკობს და მხოლოდ კლანზე საუბრობენ.