"აფხაზმა მითხრა, როგორ ვერავინ ვიპოვეთ, ვინც შეგვაჩერებდაო"
"აფხაზმა მითხრა, როგორ ვერავინ ვიპოვეთ, ვინც შეგვაჩერებდაო"
ფოტო:სოხუმი
"აფხაზეთში­ დაბრუნების შემდეგ არაერთისთვის უკითხავთ, ქართველებს ებრძოდი და გადასვლა როგორ გაბედე, როგორ არ მოგკლესო, რაზეც ასე პასუხობენ, ქართველები, ჩვენი ხალხისგან განსხვავებით, შეცვლილი არიანო"

მან საკუთარი სახლის კარი 1993 წლის 27 სექტემბერს იმ იმედით­ დაკეტა, რომ მალე ყველაფერი დალაგდებოდა: "გასაღები ახლაც თან მაქვს, ერთგვარი სიმბოლო იმისა,­ რომ ერთ დღეს ჩემი სახლის კარს გავაღებ. იქ ახლა აფხაზი ცხოვრ­ობს. მეზობლებისთვის უკითხავს,­ აქ ვინ ცხოვრობდაო, როდესაც პასუხი მიუღია, უთქვამს,– მაშინ გადაეცით, რომ მის ბინას
დროებით ვიკავებო... მე არ ვიცი, როდის მოვა ეს დრო, მაგრამ მჯერა, რომ მოვა", - გვეუბნება მწერალი გურამ­ ოდიშარია, რომელიც დარწმუნებულია, რომ აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობის ძაფი ჯერ კიდევ არ გაწყვეტილა.

- ბატონო გურამ, ცოტა ხნის წინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ისევ რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა,
რამაც რეგიონში­ ვითარება კიდევ ერთხელ დაძაბა.

- ბოლო წლებში მათ ე.წ. არჩევნებს­ მეტი დაძაბულობაც მოჰყოლია, მაგალითად, ხაჯიმბა-ბაღაფშის ან სულაც ხაჯიმბა-ანქვაბის დროს, რასაც სროლაც მოჰყვა, თუმცა აფხაზებს აქვთ მათთვის სასიკეთო თვისება - შეუძლიათ ნებისმიერ მძიმე ვითარებაში საქმეში უხუცესები ჩაერიონ, დაპირისპირებული მხარეები ერთ მაგიდასთან დასხან და თუ ვერ შეარიგეს, სისხლის ღვრამდე მისული დაძაბულობა დროებით მაინც განმუხტონ. ამ დროს ორივე მხარე მიდის დათმობაზე, თუმცა უფრო მეტად ზარალდება ოპოზიცია, რომელიც იძულებულია, თავის მიერ აგორებული ტალღა თავადვე დაამშვიდოს.
გურამ ოდიშარია
წლების წინ პრეზიდენტობისთვის ხაჯ­ი­მბასა და ბაღაფშის დაპირისპირებისას, პუტინი სოჭში ჩავიდა, სადაც ხაჯიმბას შეხვდა. მაშინ აფხაზური პრესა წერდა, ბაღაფშს ქართველი ცოლი ჰყავს, გამა­რჯვების შემთხვევაში რა სინდისით უნდა მივიდეს პირველი ლედი ქართველების ტყვიით დახოცილი აფხაზი გმირების საფლავზეო. თუმცა აგრესიული ანტიპიარისა და რუსეთის მხარდაჭერის მიუხედავად, ბაღაფშმა მაინც გაიმარჯვა. ჩვენ მაშინ აფხაზების მესიჯები სწორად ვერ წავიკითხეთ. შესაძლებლობა გვქონდა მათთან გვესაუბრა, რაც კონფლიქტის მოგვარებას არ გულისხმობდა, მაგრამ ომის შედეგად დადუმებულ ადამიანებს შორის ურთიერთობის განახლებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა.

- როგორ ფიქრობთ, ახლა რას მიაღწევენ ისინი იქ დაწყებული პროტესტით?
- რადიკალური ცვლილების წინა პირობა არ ჩანს, მით უფრო, რომ ვლადიმირ პუტინმა და რუსეთის პატრიარქმა უკვე მიულოცეს რაულ ხაჯიმბას გამარჯვება.
სამი წელია აფხაზეთში არ ჩავსულვარ, მაგრამ რასაც აქ ჩამოსული აფხაზებისგან ვისმენ, უმძიმესი მდგომარეობაა ყველა სფეროში. ბოლოს აფხაზეთიდან სტუმარი რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა, აფხაზი, რომელიც 90-იან წლებში იბრძოდა. მან სინანულით მითხრა, ჩვენთან ჯერ ისევ გაი მუშაობს, კორუფცია მძვინვარებსო, ისაუბრა, ე.წ. კანონიერ ქურდებსა და მათ გავლენებზეც. გაოცებული იყო, თბილისში პატრულმა და "სასწრაფომ" ჩაგვიარა და როგორც ამერიკაში, ყველა მძღოლი გზას უთმობდაო.­ დევნილების კომპაქტურ დასახლებაშიც იყო, თავისი ძველი მეზობლები ნახა. ძალიან თბილად მიიღეს. ომამდელ აფხაზეთზე ისაუბრეს, ომი გამოტოვეს და დღევანდელობაზე გადავიდნენ.


მახსოვს აფხაზი ქალის მონაყოლიც, რომელმაც ჩვენთან იმკურნალა - სოჭისა­ და მოსკოვის საავადმყოფოებში ადამიანებად არ გვთვლიდნენ­, მაშინ, როდესაც ქართველ ექიმებსა და ექთანებს ოპერაციის შემდეგ მთელი ღამე ჩემი ხელი ეჭირათ, თავი მარტო რომ არ მეგრძნოო.

არაერთხელ მომისმენია ქართველებისგან, აფხაზებს არ ვაინტერესებთო. აგრესიულები ყვირიან და ეს ჩანს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ყურადღებით ადევნებს თვალყურს, რაც ჩვენთან ხდება. სხვათა შორის, ისინიც, ვინც იბრძოდნენ, უფრო ლმობიერად არიან განწყობილი. აფხაზეთში­ დაბრუნების შემდეგ არაერთისთვის უკითხავთ, ქართველებს ებრძოდი და გადასვლა როგორ გაბედე, როგორ არ მოგკლესო, რაზეც ასე პასუხობენ, ქართველები, ჩვენი ხალხისგან განსხვავებით, შეცვლილი არიანო. რომ არა რუსეთის პროპაგანდა, ახლა ბევრად შერბილებული იქნებოდა სიტუაცია. ერთი აფხაზი მიყვებოდა, ქართველთან კუტიკარით გვქონდა ეზო გაყოფილი, ერთად ვიზრდებოდითო. 90-იან წლებში ორივემ აიღო იარაღი. შემდეგ ამბობდა, რა საშინელება ყოფილა ომი, ვერც ნათესაობამ შეაჩერა და ვერც ახლობლობამო.

მე ვიცნობდი აფხაზ ძმებს, რომელთაგან ერთი ქართველებს ესროდა, მეორემ აფხაზეთი დატოვა, ქართველთან გასაყოფი არაფერი მაქვსო. ერთი სიტყვით, ის ქართველი და აფხაზი მეზობლები ფრონტის ხაზ­ზე არ შეხვედრიან ერთმანეთს პირისპირ, მაგრამ ორივე იბრძოდა.

დევნილობის შემდეგ ქართველმა სახლი დატოვა, აფხაზმა კი იქ არავინ შეუშვა. ახლახან იყო თბილისში და მთხოვა, ჩემი ქართველი მეზობელი მომაძებნინეო. ვიპოვეთ... საოცარი შეხვედრა ჰქონდათ, ორივე ტიროდა. ნანობდნენ, რომ საუკეთესო წლები უაზრო ომში გალიეს.

მაშინ აფხაზმა მითხრა, როგორ ვერავინ ვიპოვეთ, ვინც შეგვაჩერებდა, ვინ და რანაირად დაგვაჯერა, რომ ომის შემდეგ უკეთესად ვიცხოვრებდით, ჩვენ ხომ უკვე დაღუპული ვართ და ახალი თაობაც იღუპება აფხაზეთშიო...

უფრო ადრე კიდევ ერთი გუდაუთელი აფხაზი ჩამოვიდა, ჩემი ბავშვობის თანაზიარი სლავა მეტრეველი მაპოვნინეო. მეგონა, ცნობილ ფეხბურთელზე მეუბნებოდა და მის საფლავზე აყვანა გადავწყვიტე, არა, ის ჩემი თანატოლია, ფეხბურთს ერთად ვთამაშობდითო. მივაგენით სლავას დევნილთა დასახლებაში. 90-იან წლებში ორივე თავიანთი წილი "მშვიდობისა" და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის სხვადასხვა ფრონტზე იბრძოდა. ეს ომის უბედურებაგამოვლილი ქართველი და აფხაზი იმ ბედნიერ დღეებს იხსენებდნენ, დახეული საერთო ბურთი რომ ჰქონდათ.

გამომშვიდობებისას აფხაზმა უთხრა, ხვალ თუ მოვკვდი, მაინც ბედნიერი ვიქნები, რადგან ჩვენმა ხალხებმა თუ ვერ შეძლეს, ჩვენ მაინც ვაპატიეთ ერთმანეთსო.
რამდენიმე წლის წინ სოხუმში ასეთ ამბავს გადავაწყდი: ჩემი სახლის ახლოს ქართველი­ ექიმი თემურ ახალაია, რომელსაც ბავშვობაში ბაჯას ეძახდნენ, და აფხაზი ბიჭი, ჯუმა დგებია ცხოვრობდნენ. 5-სართულიანი კორპუსის ეზოში ერთად იზრდებოდნენ.­

ომის შემდეგ ჯუმამ დეპრესიის გამო სმას მოუხშირა. შინ მიმავალი ისევ ძველ, ომამ­დელ სოხუმში "ცხოვრობდა" - მეგობრის აივანს მიადგებოდა და ბაჯას ეძახდა. ასე ხდებოდა სულ. გამოვარდება თურმე ახალი მობინადრე, არავითარი ბაჯა აქ არ ცხოვრობს, ჩემი სახლია ესო, უყვირის. ეს დგებია დაბლიდან უყვირის, ბაჯა აქ ცხოვრობდა, ცხოვრობს და იცხოვრებსო. ის კაცი პერიოდულად მილიციას იძახებს. გაკოჭილი ჯუმა განყოფილებაში მიჰყავთ, მაგრამ ისევ იმავეს აკეთებს.

მითხრეს, ეს ჯუმამ პირველად რომ გააკეთა, შეგვეშინდა, გვეგონა, ვიღაც ქართველის გახსენებისთვის დაცხრილავდა, მაგრამ რაღაც დრო უკვე გასული იყო და სინამდვილეში რაც ხდებოდა ჩვენს თავს, ესეც გააზრებული გვქონდაო. ვეღარც ქართველმა ბაჯამ გააგრძელა ცხოვრება სოხუმისა და ძველი მეგობრის გარეშე.

იმ აფხაზის მიერ ძველი ქართველი მეგობრის დაძახებული სახელი ბევრად მეტია ჩემთვის, ვიდრე ის კონცეფციები, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ერთად ან ცალ-ცალკე. ერთ დროს, როდესაც ერთმანეთთან საუბარი მოგვიწევს, ამის წინა პირობა პოლიტიკური ანალიზი კი არა, ასეთი ადამიანური ურთიერთობები იქნება.

- მათ სჯერათ, რომ საუბარი მოგვიწევს?
- შეცდომების აღიარება ორივე მხარემ უნდა შევძლოთ. ხშირად მეუბნებიან აფხაზები, თქვენს ტერიტორიაზე უფრო დარდობთ, ჩვენზე იმდენად არაო. არ არის ასე, უბრალოდ, მათ იმას აჯერებენ, რისიც მოსახლეობის ერთ ნაწილს უნდა, რომ სჯეროდეს. ხელოვნური გათიშვის მცდელობის მაგალითები არაერთი ყოფილა, თუმცა საერთო ფესვები და წარსული, რომელიც ამ ორ ხალხს აკავშირებს, დროს ჯერ კიდევ უძლებს, თუმცა როდემდე გაუძლებს, არავინ იცის.
მკითხველის კომენტარი (8)
ავთო
10 ოქტომბერი 2019 08:15
მართალია ბატონი გურამი სამწუხაროდ ხვდებიან აფხაზები რა შარშიც არიან ორივე მხარემ უნდა შევძლოთ დაშვებული შეცდომის აღიარება და ერთმანეთთან მესამე გამთიშველი ძალის გარეშე დიალოგი გამოსავალი ესაა
david
09 ოქტომბერი 2019 23:15
სანამ უნდა გვაბოლონ ...ძმები ძმები. არ არსებობს ცალმხვრივი ძმობა.ჩვნი ძმები კიარა მტრებია.ჩვენი ძმა ჩვენი ტვინია და ჯაფაა და ეს უნდა გავითავსოთ.რო გადავწვიტოთ ეგ პრობლემა.ებრაელებმა ხრიოკზე სამოთხე გაშენეს ჩვენ კი სამოთხე ჯოჯოხეთათ ვაქციეთ.ჩვენ საქართველოშიც ბევრი მტერი გვყვავს.ასეთ დღეში რო ჩაგვაგდეს.

3333
09 ოქტომბერი 2019 11:25
როგორც ყველა საზოგადოებაში, აფხაზურ საზოგადლოებაშიც აგრესიულები უფრო ჩანან და პოლიტიკაც მათ მიჰყვათ. ასე გაგრძელდება მრავალი წელი... არააგრესიულები ილაპარაკებენ სამზარეულოში, გარეთ კი იქნებიან ჩუმად. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვეცადოთ მათთან საერთო ენის მოძებნას.
ზურა
08 ოქტომბერი 2019 15:07
ძილისპირული ზღაპარი :((
ზაზა-ს
08 ოქტომბერი 2019 14:55
შეიძლება არ გჯერავს, მაგრამ პირი კი არ უნდა მოაღო და ყველაფერი კი არ უნდა ილაპარაკო რაც ენაზე მოგადგება!

ხშირად მეუბნებიან აფხაზები, თქვენს ტერიტორიაზე უფრო დარდობთ, ჩვენზე იმდენად არაო
...
08 ოქტომბერი 2019 13:24
ჯერ კიდევ სამოციან წლებში ქართულ ენას უცხოურს ეძახდნენ.არ ვლაპარაკობთ უცხო ენაზეო.ეჯავრებოდათ ქართველი და ყველაფერი ქართული.რუსეთი იყო მაგათთვის სამშობლო..ეს ომი იყო აფხაზების მიერ ზიზღის გამოვლინება თითქოს რომ ძლივსღა ეღირსათ ქართველებისგან განთავისუფლება.
არანაირი მორალური უფლება არა აქვთ საქართველოში იმკურნალონ უფასოდ თანაც.წავიდნენ და თავიანთ ძმა რუსებს მოსთხოვონ.ნაძირალა ერი.
ლუხუმ ხოლუაშვილი /ლუხო//
08 ოქტომბერი 2019 12:32
ჩემი სახლი მესიზმრა
სახლი, თუ ნასახლარი,
ერთ დროს ხალისიანი,
ეხლა ნაღველ ჩამდგარი,
მორღვეოდა ჭიშკარი,
ფანჯრები და კარები,
სახურავზე ყრანტალით
თავს ირთობდნენ ყვავები.
ჰგავდა დაჭრილ ჯარისკაცს,
ყავარჯნებზე დაკიდულს
ლოთი ოფიცრის მიერ,
არყისათვის გაყიდულს.
ზაზა
08 ოქტომბერი 2019 12:12
არა მჯერა ჩვენი ძმობის და მომკალით თუ გინდათ

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?