"ნეიტრალიტეტის ხაფანგი ძალიან საშიშია" - КГБ-ს დიპლომატია, ანუ რას დაგვპირდება პუტინი?! - კვირის პალიტრა

"ნეიტრალიტეტის ხაფანგი ძალიან საშიშია" - КГБ-ს დიპლომატია, ანუ რას დაგვპირდება პუტინი?!

საქართველოში დიდი რეზონანსი მოჰყვა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით გამართულ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების - დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას. ჩვენში განხილვის მთავარ თემად ლამის ის იქცეს, ვინ იყო ამ შეხვედრის ინიციატორი - რუსული მხარე ხელს საქართველოსკენ იშვერს, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ინიციატორი და მომწყობიც შვეიცარიული მხარე იყო. როგორც უნდა მოენდომებინა შუამავალ ქვეყანას ან საქართველოს, ხომ ფაქტია, რომ რუსეთი ამ შეხვედრაზე საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ არ წავიდოდა. რა შეიძლება იყოს ამ კონკრეტულ მომენტში რუსეთის ინტერესი და მიზანი? ამ თემაზე გაზეთ „კვირის პალიტრას“ ესაუბრა ისტორიკოსი და პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ერთი ვერსია შეიძლება ის იყოს, რომ რუსეთი ყოველთვის ცდილობს ე.წ. დემოკრატიული მიდგომა ფასადად აიფაროს, რათა დამალოს თავისი ნამდვილი სახე, რომელიც აგრესიული, დამპყრობლური და ექსპანსიურია. რუსეთისთვის არსებობს ერთი მიდგომა - ან უნდა იყო მისი ყურმოჭრილი მონა შენი ნებით, ან ძალით უნდა აიღოს შენი ტერიტორია და ასე დაგიმორჩილოს. შესაძლოა ამას ფარავდეს მშვიდი დემოკრატის და მომლაპარაკებლის ნიღბის მიღმა. გრიგოლ გეგელია მეორე ვერსია შეიძლება ის იყოს, რომ შესაძლოა, რუსეთს აქვს რაღაც ახალი ტიპის წინადადება, ახალი ან არცთუ ახალი განზრახვა, რითაც შეეცდება საქართველო მოლაპარაკებებში შეითრიოს.

გაზაფხულიდან მოყოლებული რუსეთი მაქსიმალურად ტესტავდა საქართველოს: ჯერ პანკისით; შემდგომ სექსუალური უმცირესობების თემაზე წამოჭრილი დისკუსიითა და ვითარების უკიდურესად დაძაბვის მცდელობით; შემდგომ იყო "გავრილოვის ღამე"; სკანდალი ავაქიანის ძეგლის დადგმის მცდელობის გამო; დავითგარეჯის პრობლემის წამოჭრა და ა.შ. აშკარა იყო, რუსეთი, ფაქტობრივად, მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოში ატარებდა რამდენიმე სერიოზულ ფსიქოლოგიურ და იდეურ სპეცოპერაციას, რასაც კე-გე-ბეს ენაზე "აქტიურ ღონისძიებას" უწოდებენ. იმედია, ეს ყველაფერი კარგად გააანალიზა ხელისუფლებამ.

არ ვიცი, შესაძლოა იმასაც ტესტავდა, ხომ არ შეიცვალა საქართველოს მოსახლეობის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ჩემი აზრით, ჩვენ მოვახერხეთ და ვაჩვენეთ, რომ იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, მოსახლეობის კრიტიკული მასის დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა და არ დავუშვებთ წითელი ხაზების გადაკვეთას. თუმცა საკითხავია, რუსეთმა რა დასკვნები გამოიტანა. ამიტომაც საინტერესოა, რაზე ესაუბრნენ ზალკალიანს. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვისმინოთ ის კონკრეტული თემები, რაზეც იყო დისკუსია. არ შეიძლება ეს დახურული იყოს. იმედია, უახლოეს მომავალში ამას ბატონი მინისტრისგან მოვისმენთ.

- ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ kvirispalitra.ge-სთან საუბრისას განაცხადა: "დარწმუნებული ვარ, რუსეთი იმიტომ არ დათანხმდა ამ შეხვედრას, რომ საოკუპაციო ზოლზე არსებულ ვითარებაზე გული ეწვის, რაღაც შეთავაზება ექნება, რომელიც ჩვენთვის მორიგი მახე იქნება". თქვენც ახსენეთ მსგავსი რამ. რა შეიძლება იყოს ამგვარი შეთავაზება და როგორ შეიძლება უკავშირდებოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებს?

- მათ აქვთ მომზადებული ერთი ასეთი ხაფანგი საქართველოსთვის, რის თაობაზეც არაერთხელ მოგვისმენია როგორც რუსული საექსპერტო წრეების, ასევე ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებები. ვგულისხმობ იმას, რომ ისინი თითქმის ერთხმად დაიწყებენ ხოლმე ლაპარაკს ნეიტრალიტეტის იდეაზე და ეს ჩვენთვის ძალიან საშიში თემაა. დაახლოებით ამგვარი სოუსით შემოგვაპარებენ - თუ საქართველო გამოაცხადებს ნეიტრალიტეტს, მაშინ რუსეთი თითქოს აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს ლანგრით მოგვართმევს, რაც აბსოლუტური ტყუილია.

საქართველომ რომ ეს გააკეთოს, ის გამოეთიშება საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებს, გამოეთიშება ყველა პროგრამას, დახმარებას, მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგს და დაკარგავს თავის ხმას საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ბედით აღარავინ დაინტერესდება, რეალურად გავხდებით ანკლავი სამხრეთ კავკასიაში და კიდევ დიდი ხნით დავრჩებით რუსულ ორბიტაზე, რაც კატასტროფა იქნება საქართველოსთვის.

თუ ნეიტრალიტეტი გამოვაცხადეთ, რუსეთი არათუ გაიყვანს საკუთარ ჯარებს აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან, დარწმუნებული ვარ, ჩვენს დანარჩენ ტერიტორიაზეც შემოიყვანს. შეიძლება ისეთი აბსურდიც კი თქვან, ნეიტრალური სახელმწიფოა და მეტი დაცვა სჭირდებაო. ნეიტრალიტეტის ხაფანგი ძალიან საშიშია, რადგან მართლაც შეიძლება ბევრ ძალიან კარგ ქართველს დააჯერონ, რომ ჩვენი ნანატრი ოცნება ახდება და დავიბრუნებთ ტერიტორიებს, მით უფრო პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსებისგან არაერთხელ მოგვისმენია, ნატოში მაინც არ გვიღებენ და არც მიგვიღებენო.

ჩვენთვის ერთადერთი დასავლური გზაა, ეს არის განვითარების საშუალება იმის მიუხედავად, როდის მიგვიღებენ ნატოში ან ევროკავშირში. ჩვენს და რუსეთს შორის არის ერთი, ფაქტობრივად, დაუძლეველი პრობლემა - საქართველოს სურს იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რუსეთს კი სურს პოსტსაბჭოთა სივრცე კვლავაც საკუთარ უკანა ეზოდ აქციოს, რაც გამორიცხავს საქართველოს განვითარებას და პატარა, მაგრამ ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ამიტომაც არ სურს ჩვენი ნატოში ინტეგრირება, რადგან თვლის, რომ ეს იქცევა ჩვენი განვითარების და ძლიერების გარანტიად - გზად, რომლითაც საბოლოოდ დავაღწევთ თავს რუსულ გავლენას. ამიტომაც

დღეს ნატოსა და ევროკავშირისკენ სვლა არის არა პროდასავლური კურსი, არამედ პროქართული გზა. ეს არის ერთადერთი გზა ქართული ეროვნული სახელმწიფოს გადარჩენისთვის, განვითარებისა და დაცვისთვის. ყველა სხვა გზა გადაგვარებისა და არასტაბილურობისკენ მიდის.

თუ უარს ვიტყვით ამაზე, ვიქცევით დაუცველ კოლექტივად, აღარც ერი ვიქნებით და აღარც სახელმწიფო გვექნება.

იხილეთ სრულად გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად