"სააკაშვილმა მოიტყუა... მრცხვენია, რომ ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში, როგორც პრეზიდენტმა, ბევრი რამ გააკეთა, დაეცა ასეთ მარაზმამდე" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა მოიტყუა... მრცხვენია, რომ ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში, როგორც პრეზიდენტმა, ბევრი რამ გააკეთა, დაეცა ასეთ მარაზმამდე"

მრცხვენია, რომ ადამიანი, რომელიც "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი შემოქმედი იყო, ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში, როგორც პრეზიდენტმა, ბევრი რამ გააკეთა, ასეთ მარაზმამდე დაეცა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებს.

უგულავამ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას ფარისევლობა და სირცხვილი უწოდა. მისი თქმით, ბოლო სამ თვეში საზოგადოებამ ჯვრით მანიპულირების სამი შემთხვევა იხილა. როგორც უგულავამ აღნიშნა, პირველი - ეს იყო სალომე ზურაბიშვილი, მეორე - ლევან ვასაძე და მესამე - მიხეილ სააკაშვილი.

"ის, რაც ჩვენ ეთერში ვიხილეთ, არის ფარისევლობა და სირცხვილი. მე მრცხვენია, რომ ადამიანი, რომელიც "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი შემოქმედი იყო, ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში, როგორც პრეზიდენტმა, ბევრი რამ გააკეთა, დაეცა ასეთ მარაზმამდე. მე, როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენელს და არც თუ ისე უკანა რიგებში მყოფს, შემიძლია გადაუჭარბებლად საზოგადოებას ვუთხრა, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა მოიტყუა. მას არასდროს არავინ აკავებდა, თუ მას რელიგიური აღტკინება ჰქონდა, წასულიყო ეკლესიაში, მაგრამ დიახ, მეც და გიგა ბოკერიაც ვიყავით წინააღმდეგი, როდესაც მაგალითად, პოლიტიკური გასაჭირი იყო და მან შავი ჯიპების ჩამორიგება გადაწყვიტა ეკლესიის მსახურებისთვის. თუ მას რელიგია დღეს ესმის, როგორც თავზე ნაცრის დაყრა, ყველაფრის უარყოფა, ქართული სახელმწიფოებრიობის, სეკულარიზმის უარყოფა, ის არაფრით არ განსხვავდება ლევან ვასაძისგან. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო 3 თვეში საჯარო პოლიტიკურ სივრცეში ჯვრით მანიპულირების და ჯვრის აბუჩად აგდების 3 შემთხვევა. პირველი იყო, როდესაც ქალბატონი ზურაბიშვილი ვიხილეთ წმინდა ნინოს გზაზე, ხელში ჯვრით მომავალი - ფარისევლობა #1, მეორე ვიხილეთ ლევან ვასაძე, რომელიც კომბალს და ვაზის ჯვარს ვერ ასხვავებდა, ისე დადიოდა ქუჩაში - ფარისევლობა და მავნებლობა #2 და გუშინ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პერანგს ექაჩებოდა ჯვრის სანახავად - ფარისევლობა #3. ეს ყველაფერი სამარცხვინოა. მინდა მას შევახსენო, თუ რელიგიურ ტრადიციებზეა საუბარი, სავლე ნამდვილად გახდა პავლე, უბრალოდ პავლე იყო სავლეს გაგრძელება და არა სავლეს უარყოფა. იქამდე ნუ მივა მიხეილ სააკაშვილი, რომ თავის თავის უარყოფა მოახდინოს. მას ბევრი დამსახურება ჰქონდა და ის როგორც სახარებაშია ნათქვამი, ამ მარგალიტებს აბნევს და რჩება ვასაძის და ივანიშივლის რიტორიკის ამარა," - განაცხადა გიგი უგულავამ.

იხილეთ ასევე: "ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვატარებ ჯვარს. 600 ეკლესია მაქვს აშენებული" - რაში დაადანაშაულა სააკაშვილმა ბოკერია?

"ინტერპრესნიუსი"