ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ტექნიკური შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა - კვირის პალიტრა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ტექნიკური შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ტექნიკური შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. როგორც ჟურნალისტებს სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განუცხადა, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლები არ აღმოჩნდნენ მზად კონსტრუქციულ რეჟიმში განეხილათ ადგილზე არსებული ვითარება. ანთაძე აცხადებს, რომ მთავარი საკითხი რაზეც ტექნიკურ შეხვედრაზე იყო საუბარი, ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული პროცესებია.

"სამწუხაროდ, ცხინვალელი მონაწილეები კვლავ არ აღმოჩნდნენ მზად კონსტუქციული დიალოგისთვის. კერძოდ ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობდა იმაში, რომ წაღვლი-ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივში, შეწყდეს ყოველგვარი უკანონო აქტივობა, რაც წარმოადგენს ადგილზე დაძაბული სიტუაციის განმაპირობებელ ფაქტორს. მათ საპირისპიროდ გააჟღერეს უვკე არაერთგზის დეკლარირებული პოზიცია, რომ ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგო უნდა მოიხსნას, რაც მიუღებელია. აღნიშნული საგუშაგო მდებარეობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ საკითხზე დისკუსიები გაგრძელდება ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება. ამასთან კიდევ ერთხელ შეხვედრის ყველა მონაწილემ აღნიშნა მზადყოფნა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აუციელებლია დიალოგის გაგრძელება", - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

ამასთან ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ტიპის უკანონო აქტივობები ხელს უწყობს ადგილზე არასტაბილური ვითარების შენარჩუნებას.

"ერთადერთი წინაპირობა იმისა, რომ მოხდეს ადგილზე სიტუაციის დეესკალაცია, არის, რომ აუცილებელია აღნიშნული ტერიტორია გაიწმინდოს ყოველგვარი უკანონო ინსტალაციებისგან და მიეცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ადგილზე სრულფასოვანი მონიტორინგის განხორციელების და რა თქმა უნდა, შსს-ს დანაყოფები, იგულისხმება ქართული პოლიცია, უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას", - განაცხადა ანთაძემ.

სამწუხაროდ, გამშვები პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით პასუხი კვლავაც ვერ მივიღეთ, - ამის შესახებ სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს ერგნეთში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან გამართული მორიგი ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ანთაძემ აღნიშნა, გამშვები პუნქტების საკითხი ქართულმა მხარემ დასვა.

"თავად დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვა დაუკავშირეს ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებს. ამ შემთხვევაშიც დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიცია, რომ გამშვები პუნქტების ფუნქციონირება უკავშირდება ჰუმანიტარულ საკითხს და იგი ემსახურება იმას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს ნორმალური ცხოვრების საშუალება. სამწუხაროდ, გამშვები პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით პასუხი კვლავაც არ იქნა მიღებული და ამაზე ისევ გაგრძელდება მსჯელობა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. ამ პროცესში მთავარია ერთი რამ, რომ არ შეიძლება ნებისმიერი უთანხმოება და პოზიციათა სხვადასხვაობა დაუკავშირო ჰუმანიტარულ საკითხებს, რომელიც პირდაპირ ეხება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ბედს და მათ ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების უფლებას", - განაცხადა ანთაძემ.

"ინტერპრესნიუსი"