"კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, ვაშენებ გზებს..." - როგორ გამოეხმაურა მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძეს? - კვირის პალიტრა

"კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, ვაშენებ გზებს..." - როგორ გამოეხმაურა მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძეს?

დიახ, მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდა, ანაკლიის პორტსაც ძალიან კარგად ავაშენებ, - ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასფრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ "მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა".

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ახალგაზრდა გოგონებს მოუწოდა, მსგავსი ტიპის განცხადებებს არასდროს შეუშინდნენ და ყოველთვის აკეთონ ის საქმე, რაც უყვართ.

"რაც შეეხება ხაჭაპურს და კულინარიას, დიახ, გაგიკვირდებათ და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს, ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდა, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს. მე მინდა მოვუწოდო ყველა გოგონას, ყველა ახალგაზრდა ქალბატონს, რომ არ შეუშინდნენ ასეთი ტიპის განცხადებებს. ასეთ დამოკიდებულებას და გააკეთონ ის საქმე, რომელიც მათ უყვართ. მიხედონ თავის ოჯახს და რა თქმა უნდა, ქვეყანას", - განცხადა ცქიტიშვილმა.

კითხვას, ასახავს თუ არა ეს განცხადება ხაზარაძის მსოფლმხედველობას, ცქიტიშვილმა უოასუხა, რომ "კარგი კითხვაა და მე მგონი, ამ კითხვაში არის პასუხიც".

"ინტერპრესნიუსი"