როგორ დაიგეგმა შეხვედრა სერგეი ლავროვთან და რა საკითხები იყო განხილული - რა აცხადებს დავით ზალკალიანი? - კვირის პალიტრა

როგორ დაიგეგმა შეხვედრა სერგეი ლავროვთან და რა საკითხები იყო განხილული - რა აცხადებს დავით ზალკალიანი?

გაეროს ფორმატში ყველა ყველას ესაუბრება, იქ მიდის საუბარი ისეთ ქვეყნებს შორის, რომელთაც დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მან უპასუხა კითხვაზე, იყო თუ არა მისი ინიციატივა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრა.

"მინდა, წერტილი დავუსვა სპეკულაციებს, რომელიც მოჰყვა ამ შეხვედრას. დღევანდელი გადმოსახედიდან და მაშინაც, სანამ ეს შეხვედრა გაიმართებოდა, დარწმუნებული ვიყავი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა იყო საჭირო, დროული და აუცილებელი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის კომუნიკაცია, რომელიც მქონდა ნიუ-იორკში მთელი კვირის განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ აუცილებელია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და ასევე, ჟენევის პროცესში არსებული პრობლემატიკა იყოს განხილული და ამ პროცესს მივცეთ ახალი დინამიკა. რამდენიმე დღით ადრე მქონდა შეხვედრა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელმაც აღნიშნა, რომ ხომ არ იქნებოდა განხილული ჩვენი მხრიდან ამ შეხვედრის შესაძლებლობა გაეროს ფორმატის ფარგლებში, შვეიცარიელების ინიციატივით, მათი ორგანიზებითა და შუამდგომლობით. დავთანხმდით ამ შეხვედრაზე. რატომაც არა, როდესაც ასეთი შესაძლებლობა არსებობს გაეროს ფორმატში. იქ ყველა ყველას ესაუბრება, მიდის საუბარი ისეთ ქვეყნებს შორის, რომელთაც დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ - ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სომხეთი და აზერბაიჯანი საუბრობს, სერბეთი და კოსოვო საუბრობს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და რატომაც არა, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა. ამას ასევე მოჰყვა ოფიციალური განცხადებები, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, სადაც წერია, რომ შვეიცარიის ინიცირებული იყო. პირველი იყო შვეიცარიის განცხადება, და ამას მოჰყვა კიდევ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე განცხადება, სადაც ამაზე ასევე არის საუბარი. ამიტომ, ეს მხოლოდ ინსინუაციები და სპეკულაციებია. დღეს რომ მკითხოთ, იმავე ნაბიჯს აუცილებლად გადავდგამდი", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მას სურს, გააქარწყლოს ის „მეორე სპეკულაცია, რომ თითქოს იქ საუბარი იყო რაღაც ფორმატების ცვლილებაზე და ჩანაცვლებაზე“.

"არამც და არამც, არანაირ ფორმატის ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა. პირიქით, კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობებს, მუშაობას ჟენევის ფორმატში. იქ პერსონალიები შეიცვალა, მაგრამ ახალი პერსონალიები, ახალი წარმომადგენლები ეყოლება რუსეთის ფედერაციას და მათი მონაწილეობით გაგრძელებული იქნება ჟენევის მოლაპარაკებები, რადგან ამას აქვს დაუსრულებელი მისია - იქ არსებული ძირითადი მიმართულებები, რაც არის დაკავშირებული ცეცხლის შეწყვეტასთან, იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებასთან, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებთან, ეს ჯერ კიდევ არ არის შესრულებული. ასევე, კიდევ ერთ სპეკულაციას მინდა დავუსვა წერტილი, თუ რატომ არ იყო საზოგადოება ამ შეხვედრის შესახებ ინფორმირებული. მე წინა დღეს, როდესაც მქონდა შეხვედრა ატლანტიკური საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების ფარგლებში, იმ შეხვედრიდან გამოსვლისთანავე, თუ არ ვცდები, ერთ-ერთი ტელევიზია დამხვდა და მას მივეცი ინტერვიუ - მათ ძალიან მკაფიოდ განვუცხადე, რომ ჩვენ ვფიქრობთ და შესაძლოა, პოზიტიური ნაბიჯი გადავდგათ ამ კომუნიკაციასთან მიმართებაში", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანვე უპასუხა კითხვაზე, იყო თუ არა სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე განხილული ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი.

„რაც შეეხება ფრენებს, რა თქმა უნდა, იყო ამაზე საუბარი და ბუნებრივია, მივესალმეთ. ფრენებთან დაკავშირებით ამ შეხვედრის წინა დღეს გაკეთდა კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას, მე შეხვედრაზეც აღვნიშნე, რომ ხალხთაშორის ურთიერთობის წინააღმდეგი ვინ შეიძლება, იყოს? მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთის ერთი მოქალაქეც ვერ იტყვის, რომ მას რაიმე პრობლემა შეექმნა. ჩვენ ძალიან რაციონალურად, პრაგმატულად გავაგრძელებთ ამ პოლიტიკას, და ეს ყველაფერი ჩვენი, საქართველოს გადასაწყვეტია", - აღნიშნა ზალკალიანმა

"ინტერპრესნიუსი"