"ვანო მერაბიშვილს გუშინ შევხვდი" - რას აპირებს საპატიმროს დატოვების შემდეგ ყოფილი შს მინისტრი? - კვირის პალიტრა

"ვანო მერაბიშვილს გუშინ შევხვდი" - რას აპირებს საპატიმროს დატოვების შემდეგ ყოფილი შს მინისტრი?

ვანო მერაბიშვილს გუშინ შევხვდი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა.

როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, მას ვანო მერაბიშვილთან ხშირი კომუნიკაცია აქვს.

"ვანო მერაბიშვილს გუშინ შევხვდი ციხეში. ნორმალურად არის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყოველთვე დავდივარ მის მოსანახულებლად. ის არის ჩემი მეგობარი და მასთან ინტენსიური კავშირი და კომუნიკაცია მაქვს. ციხეს 2020 წლის 20 თებერვალს დატოვებს", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

კითხვაზე, შეხვედრის დროს, ჰქონდათ თუ არა საუბარი სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე და ვანო მერაბიშვილი მოიაზრებს თუ არა საკუთარ თავს "ევროპული საქართველოს" გუნდში, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ წინასწარ ამაზე საუბარი სპეკულაციაა და როდესაც ვანო მერაბიშვილი საპატიმროს დატოვებს, ის თავად გააჟღერებს ამის შესახებ.

"ამაზე საუბარი არ გვქონია. ვანო მერაბიშვილი როდესაც საპატიმროს დატოვებს, თავად გააკეთებს განმარტებებს და განცხადებებს სამომავლო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით. ამაზე წინასაწარ საუბარი სპეკულაციურია და სპეკულაციებში არ შევალ", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

იხილეთ ასევე: სად ვიხილავთ ქვეყნის ყოფილ "ხერხემალს"

"ინტერპრესნიუსი"