სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე "ოქროს საწმისის" ორდენით დააჯილდოვა - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე "ოქროს საწმისის" ორდენით დააჯილდოვა

"ის, რაც გააკეთეთ ნატოში და რაც გააკეთეთ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობისთვის, მშვიდობისადმი მსახურობის კიდევ ერთი გზაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერის "ოქროს საწმისის" ორდენით დაჯილდოვების წინ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. ჯილდოს გადაცემამდე ზურაბიშვილმა მიმართა გოტმიოლერსა და დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ გოტმიოლერმა მთელი თავისი ცხოვრება მშვიდობას მიუძღვნა.

"ძალიან სასიამოვნოა და დიდი პატივია, რომ მე დღეს აქ, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ვიმყოფები, რომელიც ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და თანამშრომლობის შემდგომი წლებისთვის. ჩვენ ყველანი აქ შევიკრიბეთ, რათა ვაღიაროთ და ვიზეიმოთ არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა მშვიდობას. მახსოვს თქვენი მძიმე შრომა შეიარაღების კონტროლისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მიმართულებით, თუ როგორი ჩართული და როგორი წარმატებული იყავით ყველა თქვენს ძალისხმევაში. ესაა, რისი აღიარებაც გვსურს, იმასთან ერთად, თუ რა გააკეთეთ ნატოში და რა გააკეთეთ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობისთვის, რაც მშვიდობისადმი მსახურობის კიდევ ერთი გზაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ამისთვისაა, რათა გააძლიეროს სტაბილურობა ამ რეგიონში.

"ჩვენი თანამშრომლობა ამისთვისაა, რომ გააძლიეროს მშვიდობა ამ რეგიონში, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია და უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება დღევანდელ მსოფლიოში. რაც თქვენ გააკეთეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენულობის მხარდასაჭერად, და მხარდასაჭერის გასაძლიერებლად ნატოს მხრიდან საქართველოსთვის ყოველდღიურად, გამოხატულებას პოულობს იმაში, რაც იყო 2019 წელს, არაჩვეულებრივ წელს საქართველო-ნატოს ურთიერთობებში. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ და ვფიქრობ, დღეს თქვენი ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოვება საქართველოსთვის გზაა, რომ გაღიაროთ, როგორც საქართველოს მეგობარი. ამის თქმა მსურს და მინდა, საქართველოს ხალხის, მოქალაქეთა სახელით, გითხრათ, რომ თქვენ ხართ საქართველოს მეგობარი, დარჩებით საქართველოს მეგობრად და ყოველთვის მოგესალმებით როგორც ბათუმში, ისე ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. ეს გახლავთ სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან გახლავთ ისეთი მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს, გაძლიერდეს და მიგვიყვანოს საბოლოო მიზნამდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.