ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე:"საქართველო აკეთებს იმის დემონსტირებას, რომ ის უსაფრთხოების ექსპორტიორია" - კვირის პალიტრა

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე:"საქართველო აკეთებს იმის დემონსტირებას, რომ ის უსაფრთხოების ექსპორტიორია"

საქართველო აკეთებს იმის დემონსტირებას, რომ ის უსაფრთხოების ექსპორტიორია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა ბათუმში, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობა თბილი მიღებისთვის და მადლობა ასევე თქვენს მთავრობას ამ ლამაზ ქალაქში, ბათუმში მიღებისთვის. ჩვენ მადლობელი ვართ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მასპინძლობისთვის. საქართველო ალიანსისთვის უნიკალური პარტნიორია. დღეს ჩვენს დისკუსიაში ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენს მივაღწიეთ და როგორ გავაძლიერებთ შემდგომ წლებში ჩვენს თანამშრომლობას. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი წარმატების ისტორიაა, რომელმაც თქვენი შეიარაღებული ძალები უფრო ძლიერი გახადა. ჩვენ ასევე გვსურდა, ხაზი გაგვესვა, თუ რამდენად ცნობს ნატო-ს ყველა მოკავშირე საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმს იმ წვლილით, რაც თქვენ შემოგაქვთ ჩვენს მისიებსა და ოპერაციებში", - განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.

მისივე თქმით, ნატო-ს ასევე ავითარებს დიალოგს შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობისთვის.

"მივესალმებით თქვენს შემოთავაზებას ლოგისტიკური მხარდაჭერის გაგრძელებაზე. ასევე, ვმუშაობთ თანამშრომლობის გაძლიერებაზე თქვენს სანაპირო დაცვასთან, რაც ასევე მოიცავს მიმდინარე წვრთნებს. დღეს სანაპირო დაცვასთან შეხვედრა ნამდვილად დიდი პატივი იყო, ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან", - აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.

მანვე ისაუბრა საქართველოს წვლილის შესახებ უსაფრთხოების თვალსაზრისით და ქვეყნის შიგნით არსებულ რეფორმებზე.

"საქართველო აკეთებს იმის დემონსტირებას, რომ ის უსაფრთხოების ექსპორტიორია. თქვენი ქვეყანა რჩება ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი წვლილის შემომტანად ჩვენს მისიაში ავღანეთში. ჩვენ მივესალმებით თქვენს რეფორმებს, რომელიც აძლიერებს თქვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობას და ასევე, მოდერნიზებას უწევს თქვენს შეიარაღებულ ძალებს. ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთან ერთად და გავაგრძელებთ სვლას ამ გზაზე. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. ეს ტერიტორიები არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი", - განაცხადა გოტმიოლერმა.

"ინტერპრესნიუსი"