"ჩემთვის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება მიუღებელია, ისევე, როგორც ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება მიუღებელია, ისევე, როგორც ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის"

შეწყალების საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა და ამაზე პარლამენტმა და საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის პოლიციელის მკვლელის და სხვა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალება მიუღებელია.

"შეწყალების სისტემასთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვნად ფაქტია, რომ ცვლილებებს საჭიროებს და ამაზე თავად პრეზიდენტმაც განაცხადა. რა თქმა უნდა, ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემთვის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არის მიუღებელი, ისევე, როგორც ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება, როდესაც მას ნახევარიც კი არ აქვს სასჯელის მოხდილი. რა თქმა უნდა, არის საკანონმდებლო ცვლილებები საჭირო. პარლამენტმა და საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და მიიღონ",- განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ უნდა აგოს პასუხი განხორციელებულ შეწყალებასთან დაკავშირებით, პრემიერმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებელ პირს გამოძიება დაადგენს.