"ოფიციალურ თბილისს ამ ეტაპზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტირება არ შეუძლია" - რუსი დეპუტატი ზალკალიანის განცხადებას გამოეხმაურა - კვირის პალიტრა

"ოფიციალურ თბილისს ამ ეტაპზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტირება არ შეუძლია" - რუსი დეპუტატი ზალკალიანის განცხადებას გამოეხმაურა

რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი ანტონ მოროზოვი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს ეხებოდა.

რუსული მედიის ცნობით, დეპუტატმა ზალკალიანის განცხადებას მნიშვნელოვანი უწოდა და ორი ხალხის განსაკუთრებულ კავშირზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თავისი ნაბიჯებით არ უწყობს ხელს ჩვენს სახელმწიფოებს შორის სრულფორმატიანი ურთიერთობების აღდგენას", - განაცხადა მოროზოვმა.

მისი თქმით, საკითხის გადაჭრა რიტორიკის შეცვლას და კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე გადასვლას შეუძლია.

"ამის შემდეგ ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სფეროში“, - განაცხადა მოროზოვმა და აღნიშნა, რომ ოფიციალურ თბილისს ამ ეტაპზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტირება არ შეუძლია.

"ინტერპრესნიუსი"