"კულუარებიდან ვიცი, რომ სახელისუფლებო ვერტიკალში შეიძლება მალე არაერთი თავი დაგორდეს" - კვირის პალიტრა

"კულუარებიდან ვიცი, რომ სახელისუფლებო ვერტიკალში შეიძლება მალე არაერთი თავი დაგორდეს"

შეიძლება ითქვას, რომ უახლოესი ისტორიის სკანდალადაც კი იქცა მარიამობის დღესასწაულისთვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოცემული შეწყალების აქტი, რომლის 34-კაციან სიაში სამი განზრახ მკვლელობაში მსჯავრდადებული, ერთი კი ეკონომიკური დანაშაულისთვის გასამართლებული, ძებნილი და არასრუწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის მსჯავრდებულიც კი აღმოჩნდა. ეს თემა უპრეცედენტოდ იქცა იმიტომაც, რომ პირველი შეთხვევაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა პრეზიდენტის შეწყალების აქტით პროკურატურა დაინტერესდა და საკითხის შესწავლა დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, რადგან ეს საზოგადოებას ვითარების გარკვევაში დაეხმარება და ბოლოს მოუღებს ეჭვებსა და ინსინუაციებს, რაც მომხდარს მოჰყვა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციასთან გააპროტესტა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, სოციალურ ქსელში კი არ წყდება მითქმა-მოთქმა მომხდარის თაობაზე. ექსპერტ მამუკა არეშიძესთან საუბარი შეწყალების სკანდალზე საუბრით დავიწყეთ:

- სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა ძალიან სერიოზული შეცდომა თავიდანვე. გახსოვთ, ალბათ, მისი პირველი ნაბიჯები შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, როდესაც თქვა, რომ არ სურდა შეწყალების უფლება შეენარჩუნებინა. საბოლოოდ აღარ შეიქმნა შეწყალების კომისია, რომელიც მანამდე მუდმივად არსებობდა; შესაწყალებელთა სიებიც ბუნდოვან ვითარებაში დგებოდა. როგორც ვიცი, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს ჯგუფი, რომელიც შეწყალების საკითხებზე მუშაობს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი პრეზიდენტის მოვალეობაა. რატომ დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა ამის წინააღმდეგ გალაშქრება, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო თავიდანვე და გაუგებარია ახლაც.

ჩემი აზრით, ბოლო შეწყალების აქტისას აშკარად ჩანს კონკრეტული პირების დაინტერესება, რომლებმაც ეს ბუნდოვანი ვითარება სათავისოდ გამოიყენეს. გამიჭირდება იმაზე ლაპარაკი, ჩაიდინეს თუ არა დანაშაული იმ ადამიანებმა, ვინც პრეზიდენტს ამ სიას უმზადებდა, თუმცა ჩემთვის ძალიან საეჭვოა, რომ მაგალითად, შეწყალებულთა შორის მკვლელობაში მსჯავრდადებული სამი პირიდან ორი აჭარიდანაა... ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ვიღაცებს მიანდო მასალების მომზადება და, სავარაუდოდ, ამ საქმეებს პირადად საფუძვლიანად არ გაეცნო. ეს მას ბუმერანგივით დაუბრუნდა უკან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტის ზურგს უკან მოხდა დანაშაული და ვიღაცამ მართლაც აიღო ქრთამი, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელი მაინც პრეზიდენტია, ასე რომ, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. ჩემთვის აუხსნელია, რატომ გააკეთა ეს, როგორ მიიყვანა საქმე აქამდე და არ ვიცი, როგორ დააღწევს თავს ამ რთულ ვითარებას. ქვეყანაში არსებული ისედაც მძიმე მდგომარეობის ფონზე ამ ნაბიჯით მან, ფაქტობრივად, კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა ქართულ სამართალს.

- რას ფიქრობთ, ამ ცოტა ხნის წინ ენ-დი-აის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევის შედეგზე, რომლის თანახმად, ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა არ იცის, ვის უნდა მისცეს ხმა?

- ენ-დი-აის დასკვნებს მაინცდამაინც არ ვენდობი, რაც, ძირითადად, ამ ორგანიზაციის ქართველი პარტნიორების ბრალია, თუმცა ამჯერად აშკარაა, რომ კვლევის შედეგი საზოგადოების განწყობას მეტ-ნაკლებად ასახავს. საზოგადოებაში არსებობს პოლიტიკური ნიჰილიზმი. რა გასაკვირია, რომ ამომრჩეველს არავინ, არც ერთი პოლიტიკური პარტია აღარ აინტერესებს?! საქმე ის არის, რომ ყველა არჩევნების წინ გაიცემა უამრავი დაპირება, რომელთა ნახევარიც არ სრულდება, ეს კი დიდ იმედგაცრუებას იწვევს.

ადამიანი მსჯელობს საკუთარი სოციალური მდგომარეობით, თავისი ოჯახის შემოსავლის დონით. როდესაც ხედავს, რომ მისი მდგომარეობა წლიდან წლამდე არ იცვლება ან უარესდება, ბუნებრივად უჩნდება ნიჰილიზმის განცდა. დღეს ჩვენ ნიჰილიზმის ზეობის დროში ვცხოვრობთ. კიდევ ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი - დღევანდელი ქართული პოლიტიკური იდეა არის ცარიელი! როდესაც ვამბობთ, პოლიტიკური სივრცეა ცარიელიო, არასწორია; ეს სივრცე გადავსებულიც კია, მაგრამ დაცლილია პოლიტიკური იდეებისგან.

ერთადერთი იდეა, რაც ასულდგმულებს პოლიტიკურ სპექტრს, იმის მტკიცებაა, ის ცუდია და მე კარგი ვარო!

თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია ამას მიაშველებს, პირობითად, 20 ლარსაც, საზოგადოების ნაწილი შეიძლება მიიმხროს კიდეც. ეს ადამიანები განა ვერ ხვდებიან, რომ ტყუილში ერევიან, მაგრამ აკეთებენ ამას, რადგან ეს 20 ლარი სჭირდებათ. მაგრამ ეს ამომრჩეველი არ არის ის, ვინც იმ პოლიტიკური ძალის დაძახილზე, რომელსაც ხმას აძლევს, რევოლუციაში მიიღებს მონაწილეობას ან ახალი ქვეყნის მშენებლობისთვის დაიკაპიწებს ხელებს. ხალხი მხოლოდ მაშინ არის უანგარო და კონსოლიდირებული, როდესაც არის იდეა - ეს არის აქსიომა და ისტორიული გამოცდილებაც ამას გვკარნახობს!

თუ პოლიტიკა დაცლილია იდეისგან, შედეგები არის ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს. რაც უნდა შემოიხიონ ტანსაცმელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, ან გინდაც სახელისუფლებო პარტიის ზოგიერთმა ლიდერმა, ისინი პოლიტიკურ ამინდს ვერასდროს შექმნიან...

- საინტერესოა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა პერსონალურ რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა კახა კალაძე. ის უსწრებს პრეზიდენტსაც და პარლამენტის თავმჯდომარესაც...

- ვფიქრობ, ეს სრულიად ობიექტური შედეგია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ "ქართულ ოცნებაში" ამ შედეგს სიმშვიდე ბევრისთვის დაეკარგა. ძლიერ პოლიტიკურ ფიგურას მუდმივად ჰყავს მტრები შიგნითაც და გარეთაც... კახა კალაძე არის ლიდერი, რომელსაც აქვს თავისი მოქმედების სტილი და უამრავი ნაცრისფერი პოლიტიკოსის ფონზე ის ამ სტილით ძალიან მკაფიოდ ჩანს... ასევე ჩანს მისი გაკეთებული საქმეები, რაც ხარისხიანადაც გამოიყურება. ძალიან საინტერესოა, რომ მისი პოლიტიკური მესიჯების უპირველესი ადრესატები ახალგაზრდები არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სეგმენტი პოლიტიკურად ინერტულია, არადა, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესია მათი აქტიურობა. ჩაცმულობის სტილით დაწყებული, ტექნოლოგიურ სიახლეებზე ლაპარაკით დამთავრებული, კალაძე სწორედ ახალგაზრდობის ყურადღების ცენტრში ყოფნას ახერხებს.

მამუკა არეშიძე

ჩვენ გვყავს დასავლეთზე ორიენტირებული ახალგაზრდობა, შესაბამისად, ისინი მასში სწორედ დასავლური ტიპის ლიდერს ხედავენ. რასაკვირველია, მას ჰყავს მტრები, რომელთაც ის ძლიერ კონკურენტად მიაჩნიათ. ფაქტია, რომ გიორგი გახარია და კახა კალაძე "ქართული ოცნების" ლიდერებად იქცნენ. ახლა ხიფათი ის არის, რომ ისინი არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, მათ გარემოცვაში ბევრი იქნება ისეთი, ვინც შეეცდება, ეს ორი ადამიანი ერთმანეთს დააჭიდოს. მით უფრო, რომ წინ საპარლამენტო არჩევნებია და საპარლამენტო სიაა დასაწერი. იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი მოახერხებენ, დააღწიონ თავი შიდა ინტრიგებს...

- გახარია ახსენეთ და საინტერესოა, რას ფიქრობთ მის პრემიერობაზე. ხომ ფაქტია, რომ მისი დაწინაურებით "ქართულმა ოცნებამ" შექმნა დაძაბულობის მუდმივი კერა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს შეიძლება განზრახაც კი იყოს გაკეთებული, რადგან მუდმივი დაძაბულობისა და საზოგადოების პოლარიზაციის ფონზე "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობისგან" მტრის ხატს კიდევ ერთხელ გამოკვეთს და იოლად შეძლებს წარმატების მიღწევას...

- რასაკვირველია, ამაში არის სიმართლის მარცვალი. ეს არის ტაქტიკური სვლა. როდესაც ოპონენტად გყავს "ნაციონალური მოძრაობა", უკვე წინ ხარ. შენი მოქმედების შედეგად ორმა ადამიანმა კი დაკარგა თვალი და ეს ტრაგედიაა, მაგრამ შენი ოპონენტის მოქმედების შედეგად გაცილებით მეტმა დაკარგა თვალიც და სიცოცხლეც. ვის არ აძლევს ხელს ასეთი მოწინააღმდეგე?!

ერთიც არის - როდესაც არსებობს ქარიზმატული ფიგურა, რთულია, მას კლიშეებით ებრძოლო ან მართო. ქარიზმატულ ფიგურას ახასიათებს ვითარების შემობრუნება ან ემოციური მუხტის გამოყენებით, ანაც მშრალი პრაგმატული ლოგიკით. მხარდამჭერები გახარიაში ხედავენ ამ მშრალი ლოგიკის მიმდევარს, რომელსაც აქვს ქარიზმა. ეს კარგად დაინახა "ოცნების" ხელმძღვანელობამაც. ამ ოპოზიციის ხელით გახარიას წაქცევა, ჩემი აზრით, წარმოუდგენელია, თუ გავლენების გაძლიერების გამო ისევ პარტიაში არ დაუპირისპირდნენ.

ერთ რამესაც მინდა მივაქციო მკითხველის ყურადღება - რატომ არის დაცემული "ქართული ოცნების" რეიტინგი? ამის მიზეზია შეუსრულებელი დაპირებები, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები, სამართლიანობის არაღდგენა და კოაბიტაცია. ამის გამოსწორება ერთ წელიწადში წარმოუდგენელია, თუმცა "ქართული ოცნება" შეეცდება, ამ საყოველთაო ნეგატიური ფონის პირობებში როგორმე მოახერხოს პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა. ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა სწორედ ამის მაგალითია. ეს ნამდვილად უმნიშვნელოვანესი პროექტია, მაგრამ ერთი ამგვარი პროექტი გაზაფხულს ვერ მოიყვანს.

წინასაარჩევნო პროცესში ეს შეიძლება იქცეს ელექტორატის ნაწილის მოზიდვის მიზეზად, მაგრამ ეს ვერ იქნება საკმარისი ქვეყნის რეალური განვითარებისთვის. ამისთვის საჭიროა რაც შეიძლება დიდი ეკონომიკური პროექტების განხორციელება და ეს არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ იმისთვის, რომ ვიღაცამ არჩევნები მოიგოს. იმედია, "ქართულ ოცნებაში" ბოლოს და ბოლოს დაინახეს პოზიტიური დღის წესრიგის აუცილებლობა, გაიგეს, რომ იმ დაპირებებს, რომლებიც 2012 წელს გაიცა, შესრულება სჭირდება. ვფიქრობ, გიორგი გახარიას აქვს რესურსი, განახორციელოს მნიშვნელოვანი ცვლილებები. როგორც კულუარული ინფორმაციებით ვიგებ, სახელისუფლებო ვერტიკალში შეიძლება მალე არაერთი თავი დაგორდეს. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, ვფიქრობ, არჩევნებამდე კიდევ ვიხილავთ მის ცვლილებებს. როგორც ვიცი, ზოგიერთ მათგანს გამოსაცდელი ვადა აქვს მიცემული... იხილეთ სრულად