რა გადაჯგუფებისთვის ემზადება ხელისუფლება?!
რა გადაჯგუფებისთვის ემზადება ხელისუფლება?!
"ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნებისთვის დახარჯავს ყველაზე მეტ ფინანსურ რესურსს, რაც კი საქართველოს არჩევნების ისტორიაში ოდესმე დახარჯულა"

"ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ რეფორმები წინ მიიწევს. ნატოში გაწევრებისთვის უნდა გქონდეთ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო და თავისუფალი პრესა"
, - განაცხადა ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტით მყოფმა ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა ქეი ჰაჩინსონმა. ექსპერტთა ნაწილის თქმით, ამით მან იმ მტკივნეულ საკითხებზე მიანიშნა, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების აქილევსის ქუსლად იქცა.
საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიოლერი, რომლის თქმითაც საქართველოს ელიან ნატოში, რომ ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობა სამაგალითოა, თუმცა რა მოჰყვება ამ განცხადებებს დეკემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტზე, ძნელი სათქმელია. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

გია ხუხაშვილი

- სიმართლე გითხრათ, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს
ბათუმში სტუმრობამდეც ვფიქრობდი და ახლაც მგონია, რომ ნატო არ არის მზად, ამ ეტაპზე საქართველოსთან ურთიერთობაში სისტემური ნაბიჯები გადადგას. მას აქვს ამის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ობიექტური მიზეზი გახლავთ ის, რომ ნატოს არაერთი ქვეყანა ფრთხილობს აღმოსავლეთის მიმართულებით, განსაკუთრებით კი - უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით აქტიურობას. მათ კარგად ესმით, რომ ამის შემდეგ შეიძლება რუსეთი უფრო აგრესიული გახდეს, მისი შემაკავებელი ეფექტიანი მექანიზმები კი ჯერჯერობით არ ჩანს.

რაც შეეხება სუბიექტურ მიზეზებს, ჩვენ, შესაძლოა, სამხედრო თვალსაზრისით ნამდვილად გვაქვს წინსვლა, რასაც პარტნიორებიც აღნიშნავენ, მაგრამ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ნატოში აშშ-ის ელჩმა ჩამოთვალა, შეიძლება ითქვას, უკუსვლაც კი გვაქვს.

დარწმუნებული ვარ, ქალბატონ ჰაჩინსონს ეს ყველაფერი შემთხვევით არ უთქვამს. ნატო არ გახლავთ მხოლოდ სამხედრო გაერთიანება, მასში პოლიტიკური ნაწილი უმნიშვნელოვანესია და ის გარკვეულ ფასეულობათა სისტემას ეფუძნება. ოპონენტებისგან მოისმენთ, მაშ, თურქეთი რატომ მიიღეს ნატოშიო, მაგრამ ეს მოსაზრება სრულიად უსაფუძვლოცაა. ეს ქვეყანა ნატოში გაწევრდა.

არ გამოდის ამერიკელებისა და ევროპელებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. მათ აქვთ აქ საელჩოები, ორგანიზაციები და მშვენივრად იციან, რა მდგომარეობაა ქვეყანაში თუნდაც სასამართლო რეფორმის თვალსაზრისით, იციან, რა სამარცხვინო საარჩევნო დოღი ჩავატარეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე და ა.შ.
ისინი ყველაფერს ადევნებენ თვალყურს და ბუნებრივია, პრობლემებზე მიგვანიშნებენ. ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ. ეს, უპირველესად, ჩვენ გვჭირდება.

ასე რომ, ეს, ჩემი აზრით, სრულიად ადეკვატური მინიშნება იყო. სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას ჯერჯერობით არ ეტყობა, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯების გადადგმას აპირებს, გამომდინარე იქიდან, რომ მისი დღის წესრიგით მთავარი არც ნატოა და არც რუსეთთან ურთიერთობა. მისთვის ახლა მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა და მთელი მისი ძალისხმევა აქეთ არის მიმართული.

- ჩვენი დასავლელი პარტნიორები ერთხმად იწონებენ იმ ცვლილებებს, რაც საარჩევნო კანონში შესატანად მომზადდა - ვგულისხმობ არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას და ნულოვან ბარიერს. ეს ჩვენშიც აჩენს იმედს, რომ საარჩევნო პროცესი გაცილებით დემოკრატიული იქნება და პარლამენტსაც კოალიციური თანამშრომლობით მოუწევს გადაწყვეტილებების მიღება...
- უპირველესად, ვიტყვი, რომ მივესალმები ამ ცვლილებებს და იმ სისტემას, რომელსაც მივიღებთ, ოღონდ იმიტომ არა, რომ ეს იდეალური სისტემაა; უბრალოდ, ამ ეტაპზე სახელმწიფოს ისტორიული ამოცანაა, დავაზღვიოთ ქვეყანა უახლოესი ისტორიით შეძენილი მწარე გამოცდილებისგან - ეს არის ძალაუფლების უზურპაცია. ჩვენში ყველა ხელისუფალი ძალაუფლებას ბოროტად იყენებდა და საბოლოოდ მივდიოდით ძალაუფლების უზურპაციამდე. არ ვგულისხმობ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას, რომელიც სულ სხვა ეპიზოდი და სხვა ისტორიული ეტაპია...
ამ უზურპაციას ყველა იყენებდა საკუთარი წარმოდგენების მიხედვით. შევარდნაძის მმართველობისას გვქონდა ტოტალური კორუფცია, სააკაშვილის დროს პოლიტიკური აგრესია, გარკვეულწილად, რეპრესიებამდე მივიდა, დღეს კი ვხედავთ, რომ ძალაუფლებას, ფაქტობრივად, ამ ორი უბედურების სინთეზის სახით იყენებენ, ანუ კორუფციული ნიშნებიც გაჩნდა და პოლიტიკური აგრესიის რისკიც. ერთიც და მეორეც არ არის იმ მასშტაბის და სიმძიმის, რაც შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობისას იყო, მაგრამ ერთობლივად არანაკლებ უბედურებად იქცა.საქმე ის არის, რომ თუ სააკაშვილის პერიოდში შეგვეძლო გვესაუბრა ინსტიტუციურ ავტორიტარიზმზე, დღეს ჩვენ გვაქვს 21-ე საუკუნისთვის სრულიად მიუღებელი ავტორიტარიზმის ფორმა, ანუ საქმე გვაქვს ჩრდილოვან ავტორიტარიზმთან, რაც, დამეთანხმებით, ანაქრონიზმია. ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი აღმოსა­ვლური ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა ამჟამად იქაც კი აღარ გვხვდება, ანუ ძალაუფლება ფორმალიზებულია და ჩრდილიდან აღარავინ მართავს.
რაც შეეხება პერსპექტივებს, დიახ, ეს საარჩევნო სისტემა მოწოდებულია, რომ გაიხსნას პოლიტიკური სივრცე, რასაც საზოგადოება ითხოვს და ამას კვლევებიც აჩვენებს. დღევანდელი პოლიტიკური ელიტა - არა მხოლოდ სახელისუფლებო, არამედ ოპოზიციურიც - რბილად რომ ვთქვათ, გაკოტრებულია და საზოგადოება ითხოვს ახალი პოლიტიკური ცენტრების სუფთა ფურცლიდან ფორმირებას.

- თუმცა, დამეთანხმებით, ამ მიმართულებით პროცესი ძალიან რთულად მიდის. ერთადერთი ძალა, რომელიც ჯერჯერობით გამოჩნდა, არის ხაზარაძის "ლელო"...
- გეთანხმებით, ერთადერთი "ლელოა", რომლის პირველი ნაბიჯები მაინცდამაინც შთამბეჭდავი ვერ გამოვიდა... მასთან დაკავშირებით რამის პროგნოზირება ძალიან რთულია. ჯერჯერობით ამ მოძრაობამ ვერ შეიძინა სტაბილურობა, მისი საარჩევნო შესაძლებლობების დიაპაზონი არის 0%-დან ზემოთ, დაახლოებით 30%-მდე. ვნახოთ, რას იზამს. ის ჯერ პოლიტიკურ ძალად არც დარეგისტრირებულა, თუმცა მათ მიერ დღემდე განვლილი გზა წინააღმდეგობრივ მოსაზრებებს ბადებს, შესაბამისად, მათი შესაძლებლობების დიაგნოსტირება ძნელია.

ზოგადად, მომავალ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჯერ ერთი, მოგეხსენებათ, რომ აქამდე ჩვენ გვქონდა მაჟორიტარული უბედურება, როდესაც რეგიონებში არჩევნებს კი არ იგებდნენ, არამედ ყიდულობდნენ; რეგიონული ყანდურების მთელი სისტემა მუშაობდა, ყანდურებისა, რომლებიც პარტიიდან პარტიაში ბარგდებოდნენ იმის მიხედვით, ვინ იყო ხელისუფლებაში და შემდეგ საკუთარი გავლენით ვაჭრობდნენ ბიზნესისა თუ სხვა ინტერესების გამო. ამ უბედურების მოშორება ნამდვილად პოზიტივია. გარდა ამისა, ეს იქნება პირველი უნაშთო არჩევნები, ანუ აქამდე ბარიერგადაულახავი პარტიების წილი იყო საკმაოდ დიდი - ეს ხმები იკარგებოდა და ნაწილდებოდა ბარიერგადალახულ პარტიებზე. მომავალ არჩევნებზე ასე აღარ იქნება.

დღევანდელი გადასახედიდან საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ პარლამენტში მოხვდება 7-8 პარტია, რა თქმა უნდა, სხვადასხვა შედეგით.

- ჯერჯერობით მთავარ მოთამაშეებად ისევ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" რჩებიან...
- დიახ, თუმცა, "ქართული ოცნებაც" და "ნაციონალური მოძრაობაც", ფაქტობრივად, იქცნენ ჩაკეტილ სისტემებად, ანუ მათი ელექტორალური ბაზა შეზღუდულია. მისი ხელოვნურად გაფართოების შანსი აქვს მხოლოდ "ქართულ ოცნებას" - ვგულისხმობ ამომრჩევლის ყიდვასა და სხვადასხვა ადმინისტრაციული ბერკეტის გამოყენებას. ეს შანსი აქვს იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენმა პოლიტელიტამ ვერ მოახერხა ელექტორატის რესურსის განაწილება, ანუ იმ ადამიანების მიმხრობა, რომლებსაც დღეს არავინ მოსწონთ. თუ ასეთი ძალა არც არჩევნებამდე გამოჩნდა და მათ არჩევნებზე წასვლამ მოუწიათ, ისინი ისევ გააკეთებენ ნეგატიურ არჩევანს, ანუ აარჩევენ ცუდსა და უარესს შორის. ამ დროს, რა თქმა უნდა, "ნაციონალურ მოძრაობასთან" შედარებით უპირატესობა აქვს "ქართულ ოცნებას" როგორც რესურსების, ასევე პროპაგანდის თვალსაზრისით. ასეთი ადამიანები ანტიმიშას რიტორიკაზე უფრო მოწყვლადები არიან, ვიდრე ანტიბიძინას რიტორიკაზე.

შესაბამისად, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ისევ ორპოლუსიანი კარტი გაათამაშოს. მისი პროპაგანდა სწორედ ამ მიმართულების იქნება, ანუ გააკეთებს ყველაფერს, რომ არ დაუშვას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების შექმნა. ამისთვის უკვე დაიწყეს მუშაობა და თანდათან მეტს გააკეთებენ. ხელისუფლებას ამისთვის აქვს აპრობირებული მეთოდებიც, ერთი მხრივ, ის ეცდება რესურსების მთლიანად მობილიზებას, შესაბამისად, საქმე გვექნება ფინანსური ნაკადების ტოტალურ კონტროლთან. გარდა ამისა, იმუშავებს კომპრომეტირების სერიოზული მანქანა, რასაც უკვე ვხედავთ "ლელოსთან" დაკავშირებით. გავიხსენოთ ცქიტიშვილისა და ხაჭაპურის ისტორია, რომლისგანაც დიდი სკანდალი აგორდა და მთელი ხელისუფლება რიგში ჩადგა, რომ ამაზე კომენტარი გაეკეთებინა. შეიძლება ცქიტიშვილის ხაჭაპურთან დაკავშირებით ხაზარაძის მხრიდან არცთუ მოსაწონი განცხადება იყო, მაგრამ ამაში საშინელების დანახვა და პრეზიდენტისა და მინისტრების მიერ განცხადებების კეთება იყო აბსურდი და სისულელე. საბოლოოდ დასაცინად გაიხადეს საქმე.
ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების მიმართ გამოიყენებენ "მიწის დაყრის" პრინციპს; გააკეთებენ ყველაფერს, რომ ჩანასახშივე მოსპონ ამგვარი აქტიურობა,­ რათა რამენაირად შეინარჩუნონ ეს ორპოლუსიანი ნეგატიური ველი, მერე კი ააგონ­ ცნობილი შეთქმულების თეორიები - თუ როგორ თხრის მიშა სააკაშვილი გვირაბს ბომბეიდან ლონდონამდე, აღძრან სახელმწიფო გადატრიალების საქმეები და ამით გავიდნენ ფონს. თანაც ამას მიახმარენ უზარმაზარ ფინანსურ რესურსს. ივანიშვილს ესმის, რომ 2020 წელს ძალიან მძიმე ამოცანა აქვს შესასრულებელი, შესაბამისად, მისი რესურსების ხარჯვის მასშტაბი რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს, ანუ ყველაფერს გაიღებს გამარჯვებისთვის. 2020 წლის არჩევნებისთვის "ქართული ოცნება" დახარჯავს ყველაზე მეტ ფინანსურ რესურსს, რაც კი საქართველოს არჩევნების ისტორიაში ოდესმე დახარჯულა.
ხელისუფლებას აქვს განცდა, რომ ამ არჩევნების მოგება მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და ეს ძალიან სახიფათოა. როცა ხელისუფლებას ასეთი განცდა უჩნდება, ეს ნიშნავს, რომ ის არჩევნების მოსაგებად ყველაფერს იკადრებს, რაც ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან სახიფათოა.

მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი ჩაივლის მშვიდად და ჩრდილოვანი ავტორიტარიზმის რეჟიმიდან გადავინაცვლებთ კოალიციურ რეჟიმში, სადაც მეტ-ნაკლებად დაბალანსებულ ხელისუფლებას მივიღებთ. ასე მცირედით მაინც ვიქნებით დაზღვეული ძალაუფლების უზურპაციისგან...

- მოკლედ, "ქართული ოცნების" მოქმედებებში ახალი არაფერია, თუმცა აშკარად იცვალა სახე მიხეილ სააკაშვილმა, შესაბამისად კი - "ნაციონალურმა მოძრაობამაც". ჩვენ დღეს სააკაშვილისგან ვისმენთ ლამის ულტრაკონსერვატორულ განცხადებებს, ღმერთსა და რელიგიაზე აპელირებას...
- ჩემი აზრით, პოლიტტექნოლოგიურად ეს ადეკვატური და ლოგიკური ნაბიჯია. სააკაშვილი ხედავს, რომ ქვეყანაში ლიბერალური მიმართულება პოპულარული არ არის, თანაც ჩვენთან ჯერ არ დაწყებულა საარჩევნო პროცესი - ჯერ, ასე ვთქვათ, ელექტორული სეგმენტებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. შესაბამისად, ამ ეტაპზე სააკაშვილისთვის მთავარი კონკურენტი არის არა "ქართული ოცნება", არამედ "ევროპული საქართველო", იმიტომ, რომ ამ უკანასკნელსა და "ნაციონალურ მოძრაობას" ერთი ელექტორატი ჰყავთ. სააკაშვილს სურს, ეს ელექტორატი გამიჯნოს, გააკეთებინოს არჩევანი - ვინ საით არის.
ის ცდილობს, გაემიჯნოს "ევროპულ საქართველოს"... ისე, ამას ძალისხმევას არც "ევროპული საქართველო" აკლებს.

მიხეილ სააკაშვილის რიტორიკა უფრო შიდა გარჩევებია. გარდა ამისა, თუ ვერ გაიმარჯვებს, მას სურს, მმართველ კოალიციაში მაინც მოხვდეს, მაგრამ ასეთი კოალიცია რომ შედგეს, მას სჭირდება რევერანსები კონსერვატორულ ფრთაზეც... კარგად და ჭკვიანურად აკეთებს თუ არა ამას - ეს სხვა საკითხია, თუმცა მის მოქმედებებში არის პოლიტიკური ლოგიკა. მან თავის რიტორიკაში შემოიტანა რელიგიური ელემენტები და იმავე ელემენტებით "ჩასცხო" ბოკერიას. ჩემთვის და ბევრისთვის სააკაშვილის სახეცვლილება სასაცილოა, თუმცა, ვფიქრობ, ის ამომრჩევლის გარკვეულ სეგმენტს მიიმხრობს.

- როგორ ფიქრობთ, ამ განცხადებებით ის საბოლოოდ წვავს ხიდებს "ევროპულ საქართველოსთან?
- ამ ეტაპზე ხიდების დაწვა მხოლოდ და მხოლოდ ტექნოლოგიურია. პოლიტიკაში რაც უნდა აგრესიული რიტორიკა მოვისმინოთ, ხიდები ბოლომდე მაინც არ იწვება. თუ პოსტსაარჩევნოდ ამის საჭიროება დაინახეს, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ისევ გაერთიანდებიან და დღევანდელ განცხადებებს დაივიწყებენ - მათი ზეამოცანა ხომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებიდან მოშორებაა! ამ ორ პარტიაზე ბევრი ცუდის თქმა კი შეგვიძლია, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი მაინც პოლიტიკური დაჯგუფებები არიან და პრაგმატიზმი მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანური ემოციები ან ფასეულობათა სისტემა.

აქვე ვიტყვი, რომ თუ პოსტსაარჩევნოდ კოალიციის ფორმირება გახდება აუცილებელი, არა მგონია, "ქართულ ოცნებას" საქმე მაინცდამაინც კარგად ჰქონდეს. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ხელისუფლებისთვის პოლიტიკური პარტნიორების პოვნა უფრო რთული იქნება, ვიდრე თუნდაც "ნაციონალური მოძრაობისთვის". რა თქმა უნდა, ხელისუფლება შექმნის სატელიტ პარტიებს, ან პოსტსაარჩევნო პერიოდში ივანიშვილი ვიღაცების ყიდვას ეცდება, მაგრამ ამის პერსპექტივასაც მაინცდამაინც ვერ ვხედავ. საქმე ის არის, რომ პარტიებს მშვენივრად ესმით - ერთჯერადი გაყიდვით ნაკლები სარგებლის მიღება შეიძლება, ვიდრე ძალაუფლების წილის ჯიბეში ჩადებით. ბარიერგადალახული პარტიები, რომლებსაც უკვე თავისი აქტივი გაუჩნდებათ, ანუ მათ გადაწყვეტილებაზე ძალაუფლების ბედი იქნება დამოკიდებული, ვფიქრობ, ერთჯერადად ფულზე აღარ გაიყიდებიან.

"ქართული ოცნების" ერთადერთი სამომავლო პარტნიორი, დღევანდელი მოცემულობით, "პატრიოტთა ალიანსია", ვისთანაც მას შეუძლია დაჯგუფება, მაგრამ ამ ძალასთან თანამშრომლობას საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით შეიძლება სერიოზული პოლიტიკური ზიანი მოჰყვეს. შეიძლება "ქართულ ოცნებას" ეს ნიღბის ჩამოხსნასავით გამოუვიდეს.

არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებამ რაღაც სისტემური გადაჯგუფება მოახდინოს, რამაც შეიძლება სურათი შეცვალოს. ასევე უმნიშვნელოვანესია, "ლელო" როგორ მოახერხებს სწორად პოზიციონირებას. ეს შეცვლის სურათს. თუ ის იმის ნახევარ მხარდაჭერას მაინც მიიღებს, რისი პოტენციალიც აქვს, ანუ 15%-ს, ჩემი აზრით, ძალაუფლების ბედი გადაწყვეტილი იქნება - ივანიშვილს ძალაუფლების ერთპიროვნულად შენარჩუნების შანსი არ დარჩება. ამიტომ არის "ლელო" სამიზნე, ამიტომაც წარმოადგენს საფრთხეს ხაზარაძე და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ის პოლიტიკურ ასპარეზს არჩევნებამდე ჩამოაშორონ.

- ე.წ. შეწყალების სკანდალი არ მთავრდება. მას შემდეგ, რაც მედიაში გამოქვეყნდა იმ დანაშაულების სია, რომელთა ჩამდენებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, გაირკვა, რომ მათ შორის, სავარაუდოდ, არის არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის გასამართლებული პირიც... პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ამ ყველაფერზე განმარტებას არ გააკეთებს...
- შეწყალების საკითხზე თითქმის ყველა პრეზიდენტის დროს იყო შეკითხვები; ზოგჯერ ამ პრეტენზიებს პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. ამ შემთხვევაშიც შეიძლება ზოგიერთი ძალა პოლიტიკური ინტერესების გამო თემას აბუქებდეს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის საკითხი მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი წინამორბედების გადაწყვეტილებებისგან. საქმე ის არის, რომ ამ შემთხვევაში არანაირი ფილტრი არ არსებობს. მოგეხსენებათ, სააკაშვილისა და მარგველაშვილის შემთხვევაშიც მუშაობდა შეწყალების კომისია, რომელიც სწავლობდა საქმეებს და ავად თუ კარგად არჩევდა შესაწყალებლებს. ამ შემთხვევაში არ არსებობს შერჩევის მექანიზმი, გარდა იმისა, რას გადაწყვეტს ერთი ადამიანი. შესაბამისად, შედეგად მივიღეთ არა მხოლოდ ერთეული შემთხვევები, როგორც სააკაშვილის ან მარგველაშვილის დროს, არამედ ერთბაშად რამდენიმე საქმე, რამაც ნათლად გამოაჩინა სისტემური პრობლემა, რომელზეც ერთნაირად ლაპარაკობს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც.
ამ ყველაფრის ფონზე სრულიად არაადეკვატურია ზურაბიშვილი, რომელიც ამ ორიოდე დღის წინ გამოხტა და ხაჭაპურის თემაზე განცხადება გამოაცხო იმ დროს, როცა მის მიმართ არსებულ მნიშვნელოვან კითხვებს არ პასუხობს.

უკაცრავად პასუხია და, ეს ქალბატონი არის არაკომპეტენტურობისა და ამპარტავნობის ისეთი ნაზავი, რაც პრობლემად ექცა ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ მას სამართლებრივი თვალსაზრისით დანაშაული არ ჩაუდენია, უბრალოდ, გამოიყენა დისკრეციული უფლება, მაგრამ აშკარაა, რომ მას შეუცურეს ეს სია, რაც სწორედ მისი არაკომპეტენტურობის მაგალითია. ამიტომაც მიმაჩნია, რომ როდესაც შენი დისკრეციული უფლების გამოყენების გამო გამოძიება იწყება, შენს თანამშრომლებს კი ლამის ყოველდღე პროკურატურაში იბარებენ, გამოძიებას კი არ უნდა მიესალმო და იძახო, რომ არ აპირებ განმარტებების გაკეთებას, არამედ უნდა დაგვემშვიდობო... თუმცა პრეზიდენტობა ზურაბიშვილისთვის არის სათამაშო, რომელსაც საკუთარი ნებით ვერ შეელევა. იმედი მაქვს, გამოძიებას მოჰყვება შედეგი, რის შემდეგ მაინც გამოიტანს ზურაბიშვილი დასკვნებს და იგრძნობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.
ალექს
12 ოქტომბერი 2019 06:21
თქვა და ვეღარ გადათქვამს,გია !?
ჰოპლა
11 ოქტომბერი 2019 13:31
ახალგაზრდა კობზონი კარგად გამოიყურება.მოკლედ ,ბიუჯეტის ქურდები ოჯახებთან ერთად გრიალებენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?