სერგი კაპანაძე: "სააკაშვილი ცდილობს რელიგიურ-პატრიოტული განწყობის ამომრჩეველი მიიზიდოს" - კვირის პალიტრა

სერგი კაპანაძე: "სააკაშვილი ცდილობს რელიგიურ-პატრიოტული განწყობის ამომრჩეველი მიიზიდოს"

"ევროპული საქართველოსა" და "ნაცმოძრაობის" დაპირისპირება პიკს აღწევს - ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს საჯაროდ შეურაცხყოფენ. დაპირისპირების მიზეზი მიხეილ სააკაშვილი გახდა, რომელმაც ყოფილი თანაგუნდელი, გიგა ბოკერია, ქრისტიანული ტრადიციების უგულებელყოფაში დაადანაშაულა. რატომ დაუპირისპირდა სააკაშვილი ბოკერიას, ამ საკითხზე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე გვესაუბრა.

- რა მოტივი ჰქონდა სააკაშვილს ბოკერიასთან დასაპირისპირებლად, არ ვიცი. როგორც ჩანს, ცდილობს რელიგიურ-პატრიოტული განწყობის ამომრჩეველი მიიზიდოს. ჩათვალა, რომ სენტიმენტებზე თამაშით გაზრდის ამომრჩევლების რაოდენობას.

- სააკაშვილი თავს "ევროპული საქართველოს" კონკურენტად თვლის? - მიუხედავად იმისა, რომ ორივე ევროპული დაჯგუფების წევრები ვართ, ამის მიღმა მაინც კონკურენტებად ვრჩებით. ნორმალურ პირობებში კონკურენცია გულისხმობს საკითხებისა და იდეების კონკურენციას და არა ტალახის სროლას, რომ "ევროპულ საქართველოში" ანტიქრისტიანები არიან.

- თქვენი აზრით, სააკაშვილის ეს "ახალი ტრენდი" წამგებიანი არ იქნება მისთვის? - არ ვიცი. განცხადება, რომელიც არ არის ფაქტებით გამყარებული, პოპულიზმია. არა მგონია, ამან სააკაშვილს დივიდენდები მოუტანოს.

- ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გიგა ბოკერიას "რუხ კარდინალსაც" ეძახდნენ. - "რუხ კარდინალს" ეძახდნენ იმიტომ, რომ გავლენიანი ფიგურა იყო და ამას არავინ მალავს.

რა ტრადიციებს უგულებელყოფდა ბოკერია და რისი წინააღმდეგი იყო, სააკაშვილი ვერ პასუხობს. ეს ისეთივე სტილის ბინძური ბრალდებაა, როგორსაც წინა ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის იყენებდნენ "ასავალ-დასავალი" და პრორუსული ძალები - თითქოს ბავშვებს ჭამდნენ, ადამიანების ორგანოებს ყიდდნენ და ა.შ. რბილად რომ ვთქვათ, არ იყო სწორი განცხადება.

არა მგონია, სააკაშვილმა და "ნაცმოძრაობამ" ამ ტიპის ფრაზებით ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდონ. თუმცა საბოლოოდ კარგი იქნება, თუ აშკარა განსხვავებები გამოჩნდება "ევროპულ საქართველოსა" და "ნაცმოძრაობას" შორის. ჩვენი ამოცანაა ივანიშვილის დამარცხება და მოსახლეობის იმაში დარწმუნება, რომ არჩევანი გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე ორ პოლუსს შორის.

- ანუ ამით საბოლოოდ მოხდება დისტანცირება "ნაცმოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის? - ეს უკვე მოხდა და უფრო გაიზრდება. ბევრ სხვა საკითხზე, მაგალითად, ეკონომიკასა და სოციალურ საკითხებზე ფუნდამენტური განსხვავებები გვაქვს.

"ოცნების" წინააღმდეგ ყველა ევროპულ ოპოზიციურ ძალასთან ვითანამშრომლებთ. უამრავი გამოხმაურება გვაქვს, მხოლოდ "ნაცმოძრაობის" პარტნიორმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა ჩვენთან თანამშრომლობაზე უარი.

- და მაინც, ამის მერე როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა?

- ჩვენ ვამბობთ, რომ თანამშრომლობა შესაძლებელია ნებისმიერ ევროპულ ძალასთან, რომელიც არ თანამშრომლობს ივანიშვილთან.

თუ სააკაშვილი ტალახის სროლას აპირებს, ძალიან ცუდია, მაგრამ ივანიშვილის დასამარცხებლად ყველასთან ვითანამშრომლებთ.