ზაალ უდუმაშვილი: "მოგვიწევს "ევროპულ საქართველოსთან" შეხების წერტილე­ბის მოძებნა" - კვირის პალიტრა

ზაალ უდუმაშვილი: "მოგვიწევს "ევროპულ საქართველოსთან" შეხების წერტილე­ბის მოძებნა"

რას ფიქრობენ "ნაციონალურ მოძრაობაში" სააკაშვილის სკანდალურ ინტერვიუზე გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით, და ყოველივე ამის შემდეგ, როგორ აპირებენ "ევროპულ საქართველოსთან" თანამშრომლობას, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ზაალ უდუმაშვილს ესაუბრა.

- რატომ დაუპირისპირდა სააკაშვილი ბოკერიას, ვერ გეტყვით. ეს სააკაშვილის შეხედულება და პოზიციაა.

- თუ ეთანხმებით ამაში? - მის მაგივრად კომენტარს ვერ გავაკეთებ.

- "ევროპულ საქართველოში" ფიქრობენ, რომ "ნაცმოძრაობა" რელიგიურ-პატრიოტული ამომრჩევლის მოზიდვას ცდილობს. - ვერ გავიზიარებ აზრს, რომ სააკაშვილი ახალ ტრენდს მისდევს, "ნაცმოძრაობა" რომ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ოჯახის წევრია, დიდი ხანია ცნობილია. ჩვენი პარტია ტრადიციების ერთგულია და იმავდროულად, დაფუძნებულია ინოვაციებზე - ეს ორი რამ ერთმანეთს არ გამორიცხავს.

- თუმცა კულუარებში ბოკერიას ყოველთვის ადანაშაულებდნენ რელიგიური ღირებულებების უგულებელყოფაში... - ბოკერიაზე ჯერ კიდევ შევარდნაძისა და შემდეგ "ნაცმოძრაობის" დროს იყო ლაპარაკი... მე იმ პერიოდში არ ვყოფილვარ "ნაცმოძრაობის" წევრი და შესაბამისად, ამაზე ვერ ვისაუბრებ.

- და მაინც, ამის შემდეგ "ნაცმოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" თანამშრომლობა როგორ წარმოგიდგენიათ? - მგონი, ყველა ვთანხმდებით, მათ შორის "ევროპული საქართველოც", რომ ივანიშვილთან ბრძოლა მხოლოდ ძალების გაერთიანებით არის შესაძლებელი. თუ ამოსავალი წერტილი ივანიშვილის დამარცხებაა, მოგვიწევს შეხების წერტილების მოძებნა. სააკაშვილმაც განაცხადა, რომ ბოკერიასთან დაპირისპირების მიუხედავად, "ევროპულ საქართველოსა" და სხვა პროდასავლურ პარტიებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

- "ევროპული საქართველო" სააკაშვილს მადლობასაც კი უხდის, რადგან ამით საბოლოო დისტანცირება მოხდა "ევროპულ საქართველოსა" და "ნაცმოძრაობას" შორის. - "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო" დიდი ხანია, სხვადასხვა პარტიაა და ბევრ საკითხში განსხვავებული აზრი გვაქვს, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მომავალში თანამშრომლობა შედგეს.