სოზარ სუბარი: "დასაკლავ ხარს რქებში უნდა წაავლო ხელი" - კვირის პალიტრა

სოზარ სუბარი: "დასაკლავ ხარს რქებში უნდა წაავლო ხელი"

"ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ხალხი რაც უფრო ღარიბია, მით ადვილად სამართავია"

"ირაკლის განცხადება იყო მწარე აბი, რომელსაც ხვალ სამკურნალო ეფექტი ექნება"

"ვინატრებდი,  25 ნოემბერს  ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრებულიყო. დანაშაულებრივი რეჟიმი შეცვლილიყო, მაგრამ ამის შანსი არ არსებობდა", - განაცხადა "ქართული პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

- "ქართული პარტია" ფუჭ დაპირებებსა და წყლის ნაყვას არ აპირებს. ჩვენ გვინდა შევქმნათ პარტია, რომელშიც უახლოეს თვეებში 50 ათასი კაცი გაწევრდება. ეს იქნება არმია, რომელიც ნებისმიერ გამოწვევას გასცემს პასუხს. ჩვენი ძალა არის ხალხი და პროგრამა. თუ გინდა, საქმე გააკეთო, პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცე. სვანეთში იტყვიან ხოლმე, დასაკლავ ხარს რქებში უნდა წაავლო ხელიო. თუ არ წაავლებ, ვერც წააქცევ და ვერც დაკლავ.

- "დასაკლავ ხარში" რას გულისხმობთ?

- ხელისუფლების შეცვლა, ურთულესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა დიდი გამოწვევაა. აღარაფერს ვამბობ დაკარგულ ტერიტორიებსა და იმაზე, რომ რეგიონის ლიდერი ქვეყანა იმდენად ჩამოვქვეითდით, არავინ აღარაფერს გვეკითხება. პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩემპიონები ვართ უმუშევრობაში, სიღარიბესა და ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობაში. მოსახლეობის მესამედი ქვეყნიდან წასულია, ეკონომიკა, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემები - განადგურებული. ეს პრობლემებია "ხარი", რომელთან შეჭიდებასაც "ქართული პარტია" აპირებს.

- ჩვენი ძალა ხალხიაო, თქვენსავით ფიქრობდნენ "სახალხო კრების" ინიციატორები, მაგრამ კრებაზე იმდენი ხალხი არ მივიდა, რამდენსაც ელოდნენ. რატომ გგონიათ, რომ თქვენს დაძახებაზე გამოვა ხალხი?

- ხალხი ხედავს, რომ მხოლოდ ემოციური მოწოდებებით საქმე არ კეთდება. ამიტომაც ხალხს გავაცნობთ ჩვენს გეგმას (რომელიც უკვე არსებობს. მის დახვეწაზე მუშაობენ ქართველი და ევროპელი სპეციალისტები). ხალხი დაიღალა და თუ კონკრეტული სამოქმედო გეგმა არა გაქვს, არ გამოგყვება. "სახალხო კრების" ინიციატორებს კარგი განზრახვა ჰქონდათ, მაგრამ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მათთან იდგნენ, გეგმა არ ჰქონიათ. არ ჰქონდათ გათვლილი, რა უნდა მომხდარიყო 25 ნოემბრის მერე.

- მიგაჩნიათ, რომ გამართლდა ირაკლი ოქრუაშვილის პროგნოზი, 25 ნოემბერს საპნის ბუშტი გაიბერებაო?

- ასე რომ მოხდებოდა, ყველა ვხედავდით, მაგრამ ვერიდებოდით ამაზე ყოველდღე ლაპარაკს, რადგან ხალხი კრებას ელოდა და არ გვინდოდა მისთვის გული გაგვეტეხა. თუმც სათქმელი ერთხელ მაინც უნდა თქმულიყო. ირაკლის განცხადება იყო მწარე აბი, რომელსაც ხვალ სამკურნალო ეფექტი ექნება. სჯობდა, დიდი მოლოდინი არ ყოფილიყო, რადგან დიდ მოლოდინს დიდი იმედგაცრუება მოსდევს.

- გგონიათ, თქვენ არ დაგაზარალებთ ის ფლუსტრაცია, რომელიც კრების მონაწილეებს დაემართათ?

- "სახალხო კრებაზე" 100-200 ათასი კაცი რომ მისულიყო და ლიდერებს ეთქვათ, გეგმა არა გვაქვს და დაიშალეთო, ამას შესაძლოა დავეზარალებინეთ ჩვენც და, პირველ რიგში, ქვეყანა, მაგრამ საზოგადოება ძალიან ადეკვატური იყო, მიხვდა, გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა.

პოლიტიკური პროცესის გააქტიურებისთვის  მზად  გაზაფხულისთვის ვიქნებით. საკმარისი არ არის ხალხის ქუჩაში გამოყვანა.

ხუთი განსხვავებული ადამიანის გაერთიანებით საზოგადოებას ვაჩვენეთ, რომ გაერთიანება შესაძლებელია. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში  გვეყოლება პარტნიორები, რომელთა მიზანი სააკაშვილის მოშორებაა და არა მასთან თანამშრომლობით ტორტის ნაჭრის დათრევა.

ჩვენს ხალხს არა აქვს სტაბილურობის განცდა. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ერთი კაცის თითის დატკაცუნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ის თუ იტყვის, მარჯვნივ მივდივართო, მარჯვნივ მივექანებით, თუ უცებ გაიხდის და  წყალში გადახტება, მთელი მთავრობა მიჰყვება. ერთი არასწორი სიტყვის გამო, თავდაცვის მინისტრი გადადგა იაპონიაში, ჩვენთან კი პრეზიდენტი მინისტრებს ხორცის ნაჭრებს უწოდებს და ეს უთავმოყვარეო ხროვა ეთანხმება,  დიახ, ხორცის ნაჭრები და მძორები ვართო. ქვეყნის სირცხვილია, როცა ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის  წარმომადგენლებს კახპები შეჰყავთ სასტუმროში. ამის გამო ნებისმიერ ქვეყანაში რევოლუცია მოხდებოდა, ხალხი პარლამენტსა და მთავრობის კანცელარიას გადაბუგავდა.

ერთი ჩემთვის საპატივცემულო ადამიანი მიმტკიცებდა, რომ - წაგებული ომის მთავარსარდალი - გადადგებოდა. ვუთხარი, რომ ცდებოდა, რადგან მიშას შეფასება ადამიანური, ქართულ ღირსებასთან წილნაყარი კატეგორიებით შეუძლებელია. მის ადგილას ომი რომც მომეგო და შემდეგ ხალხს მასავით მიწაზე მფორთხავი დავენახე, კი არ გადავდგებოდი, ქვეყანას დავტოვებდი, ხალხს თვალებში ვეღარ შევხედავდი და ერთი ოცნება მექნებოდა, ჩემს შვილებს არ ენახათ ეს კადრები. ამ კაცს კი ეს არ აწუხებს.

- მაგრამ "ამ კაცს" ნატოს სამიტზე ობამა შეხვდა, სტრასბურგში კი ფეხზე წამოუდგნენ და ტაში დაუკრეს.

- დაიწყო რუსეთი-ნატოს დაახლოება და ამ ფონზე გაანეიტრალეს ხელის შემშლელი ფაქტორი - სააკაშვილს ხელი ჩამოართვეს და უთხრეს, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და შენ ჩუმად იყავიო. ისიც დათანხმდა და თავის გარემოცვასთან ერთად თავი 80 მეძავით გაირთო. სტრასბურგში კი რა თქვა? არ ვაპირებ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს თავს დავესხაო. თითქოს ამის თავი ჰქონდეს. სააკაშვილს ეს ომის დამთავრებისთანავე რომ ეთქვა, რუსეთს გაუჭირდებოდა ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. სააკაშვილს ტაში იმიტომ დაუკრეს, რომ კარგად არ იციან, რა ხდება საქართველოში. არადა, ქვეყანა გადასარჩენია.

- ქვეყნის გადარჩენა სამ ფაქტორს: თვითმყოფადობას, უსაფრთხოებასა და პროგრესს უნდა დაეყრდნოს.

განათლების მინისტრს, რომელიც დირექტორებს ვამპირივით ემუქრება, თქვენს სისხლს დავლევო, მხოლოდ მაშინ ახსენდება ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელი", როცა ტომას ფლეტჩერი უნდა დაიცვას.

მინისტრი იცავს მასწავლებელს, რომელსაც თავისი შიშველი და ორგიების ამსახველი ფოტოები უდევს ფეისბუკზე, ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. ნებისმიერ ქვეყანაში ამ ფაქტს ადეკვატური მოქმედება მოჰყვებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად განათლების მინისტრი აღშფოთებულ ხალხს საყვედურობს.

შაშკინის ნახსენები "სტუმარ-მანპინძელი" გვასწავლის, რომ თვით მტერიც კი, როდესაც ოჯახში შემოდის და თავშესაფარს გთხოვს, კი არ უნდა გასცე, არამედ თავი უნდა დადო მის დასაცავად.

ამის ნაცვლად კი დღეს გვასწავლიან, რომ პოლიციასთან თანამშრომლობა ერთადერთი ღირებულებაა. მიმაჩნია, რომ პოლიციასთან თანამშრომლობა აუცილებელია, თუ გვინდა ნორმალური სახელმწიფო ავაშენოთ, მაგრამ უნდა დავიცვათ ზღვარი, რომელიც გადის თანამშრომლობასა და არაკაცობას შორის, ამას კანონი ვერ დაადგენს.

დღეს თითქოს ერთადერთი ღირებულება ინგლისურის ცოდნაა. Uუცხო ენები უნდა ვიცოდეთ, მაგრამ უპირველესად ქართული ენა უნდა განვავითაროთ. ქართულ ენაზე უნდა ვთარგმნოთ სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა, ყველაფერი, რაც იქმნება თანამედროვე მსოფლიოში. უამისოდ ქართული, როგორც სამეცნიერო ენა, მომავალში გამოუსადეგარი იქნება.

არც თვითმყოფადობა და პროგრესი  გვექნება უსაფრთხოების გარეშე. ხშირად კითხულობენ: - რა სჯობს საქართველოსთვის, ნატო თუ ნეიტრალიტეტი? უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ. რუსეთთან ჩვენი დამღუპველი ომიდან რამდენიმე კვირაში ფინეთში ვიყავი. ერთ-ერთი შეხვედრა ფინეთის პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარესთან მქონდა.

მკითხეს, ნატოზე რას ფიქრობენ საქართველოშიო. კითხვითვე ვუპასუხე, ფინეთი რატომ არ არის ნატოს წევრი-მეთქი? მიპასუხეს, რადგან ჩვენი მეზობელი რუსეთია, ჩავთვალეთ, რომ ჩვენი უსაფრთხოებისთვის ასე სჯობდაო. არადა, ფინეთი ნატოსთვის ყველანაირად მზად არის: ეკონომიკურად, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტით... სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ მივხვდით და დიდი შეცდომა დავუშვით-მეთქი.

ნატოს წინააღმდეგი ნამდვილად არა ვარ, მე ის არ მინდა, ნატო-ნატოს ყვიროდე და ყველაფერი ნატოს საწინააღმდეგოდ გააკეთო: ეკონომიკა გაანადგურო, დემოკრატიის სტანდარტი კი გაანულო და ავტოკრატია ააშენო.

რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის გარეშე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია.

ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის უმძიმესი სოციალური ფონი და უსამართლობა. როცა ქვეყანაში სამართალი არ არის და ბიზნესი შევიწროებულია, მოსახლეობის მესამედი ქვეყნიდან გაქცეულია, ხოლო ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ყოველ წუთს შეიძლება სოციალური აფეთქება მოხდეს. ბიზნესის დატერორებით ქვეყანას სტაბილური განვითარების შანსი აღარ აქვს.

ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ხალხი რაც უფრო ღარიბია, მით ადვილად სამართავია. ბოლომდე გავამათხოვროთ, რომ ადვილად ვიყიდოთ მათი ხმაო.

სააკაშვილი ამბობს, საქართველო სინგაპურად უნდა ვაქციოო. იმ ქვეყნის პოლიტიკა, ერთადერთი სახელმწიფოებრივი ამოცანა ეკონომიკური განვითარება იყო და არა თვითმყოფადობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა.

ამან ის მოიტანა, რომ რამდენიმე ათეულ წელიწადში ადგილობრივი მოსახლეობის - მალაიზიელების რიცხვი 10%-მდე შემცირდა, მოსახლეობის 80% კი ჩინელია. თუ საქართველოსთვის ეკონომიკური განვითარებაა მთავარი და არა თვითმყოფადობა, ამაზე მთელი ერი უნდა შეთანხმდეს. ეს არ არის მხოლოდ სააკაშვილის გადასაწყვეტი. თუ ჩვენთვის არაფერია ვაჟა-ფშაველა, მამის საფლავი და წინაპართა მიწა, აქ რატომ ვწვალობთ? ბარემ წავიდეთ რომელიმე აყვავებულ ქვეყანაში...

სვანეთში, ჩემს სოფელ ლაშხრაშში, დღეს არავინ ცხოვრობს, მაგრამ იქ არის ჩვენი სალოცავები - ჩუბეხევის თეთრი გიორგისა და ფუსდის ეკლესიები. იქვეა ჩვენი მეორე სალოცავი, სადაც ყოველ გაზაფხულზე, სულთმოფენობას, იმართება ჰულიშის დღესასწაული, რომელზე დასწრება ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია (თუმცა ხშირად ვერ ვახერხებ). მინდა, ეს განცდა ჩემს შვილებსაც გადაედოთ, მათთვისაც ძვირფასი იყოს ის ღირებულებები, რითაც მე ვიზრდებოდი. პროგრესთან ერთად ქართველი ხალხი არ უნდა მოსწყდეს იმ ფესვებს, საიდანაც მოვდივართ.