რა მოხდა 25 ნოემბერს - კვირის პალიტრა

რა მოხდა 25 ნოემბერს

25 ნოემბერი. გადაკეტილი რუსთაველის პროსპექტისკენ ალექსანდრეს ბაღის გავლით მივდივარ. წინ ხუთიოდე ასაკოვანი ქალი მიმიძღვის. ჩანს, კრებაზე მიდიან და თან საუბრობენ: "მეტი რა უნდა დამართონ მასწავლებლებს, რომ ხმა ამოიღონ. აქციაზეც არ გამოდიან. თუ ასე გააგრძელებენ, უარესი დღე ელით".

აი, უკვე რუსთაველზე ვარ. ქუჩა კი გადაკეტილია, მაგრამ მიტინგის დროს აქ ბევრად მეტი ხალხი მინახავს. ყველა რეგიონის დელეგაციას ტრანსპარანტი უჭირავს ქალაქის ან რაიონის დასახელებით. თიანელებთან ვდგები და კრებაც იწყება. გოგი ქავთარაძე აცხადებს, რომ სახალხო წარმომადგენლობით კრებას 15 ათასი კაცი ესწრება.

რომ მიშას ყველაზე მეტად "სახალხო კრების" ჩატარების ეშინია, რადგან აქ განაჩენს გამოუტანენ. Kგვამცნობს, რომ კრება კენჭს უყრის საქართველოს კონსტიტუციური ცვლილების ლეგიტიმურობას, ხალხის პრეზიდენტ სააკაშვილისადმი უნდობლობის გამოცხადებასა და "სახალხო კრების" რეზოლუციას.

კრება ერთსულოვნად აძლევს ხმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ბათილად, როგორც ბატონი გოგი ამბობს, "არარად იქნეს" ცნობილი.

სახალხო კრებაზე ერთმანეთს ენაცვლებიან ოპოზიციური პარტიებისა თუ საზოგადოების წარმომადგენლები.

"გპირდებით, რომ "ეროვნული ფორუმი" მედროშე იქნება ამ საქმეში. გული არ გაიტეხოთ. შეიძლება დღეს რაღაც არ გამოვიდეს, მაგრამ ხვალ მაინც გამოვა, Aრადგან ამ ქვეყანაში რამდენიმე ასეული ათასი უჯიათი ქართველი მაინც არის დარჩენილი და იმ რამდენიმე ასეულ ათას  ქართველს გაუმარჯოს! წმინდა გიორგი ფარავდეს თითოეულ ჩვენგანს და სრულიად საქართველოს" - ამბობს გუბაზ სანიკიძე.

ვიფიქრე, მისი სიტყვები ხალხს სალაპარაკოდ განაწყობდა, მაგრამ რამდენიმე ქალმა კომენტარზე უარი განაცხადა. რისი გეშინიათ-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხეს, არ გვეშინია, პირველი ჩვენ წავალთ ბრძოლაში, მაგრამ აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე უშიშროებააო (!). ბოლოს რამდენიმე გაბედული მაინც მოვძებნე:

ლია ირემაძე: "დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ ჩემი სამშობლო სავალალო მდგომარეობაშია. სოციალურად დაუცველი ვარ. ოთხსულიან ოჯახში ერთადერთი შემოსავალი ჩემი  97-ლარიანი პენსიაა. "სახალხო კრების" იმედი მაქვს, ასეთი რამ ხომ აქამდე არ ყოფილა. ჩვენი ხალხი არ იმსახურებს პრეზიდენტს, რომელმაც ომი დაიწყო, 152 სოფელი გაასხვისა და გაიძახის, რეფორმატორი ვარო, მაგის რეფორმების  შედეგია, რომ განათლება და ჯანდაცვა მიწასთან არის გასწორებული. დაუმორჩილებლობა რომ გამოცხადდება, პირველი მე გამოვალ".

ნანა ტატიშვილი: "ქართველები საუკუნეების განმავლობაში ვერ დაიმონა მტერმა. ორი ქართველი ოცს შეებძოლებოდა, დღეს კი შიშია ხალხში დათესილი. ბევრია უკმაყოფილო, მაგრამ ეშინია ქუჩაში გამოსვლის. ოპოზიციის აქტიურობა რომ ვერ დავინახე, ერთხანს მეც გამიტყდა გული, მაგრამ დაუმორჩილებლობა იქნება თუ სხვა რამ, ჩემი ხალხის გვერდით ვიქნები. "ფორუმის" წევრი ვარ და გუბაზის მჯერა. არ ველოდი, რომ დღეს აქ მოსვლით  ხელისუფლებას გადავაყენებდით, ეს მხოლოდ დასაწყისია".

დიმიტრი ტატიშვილი: "თიანეთიდან დიდი სიხარულით და იმედით წამოვედი, ვფიქრობდი, მე თუ არ ვიქნები კრებაზე, არავინ არ იქნება-მეთქი. გაჭირვებული ცხოვრებაა თიანეთში. ხალხის 90% საბერძნეთშია, აქ კი მათი სახლები ინგრევა. აი, ამას ვაპროტესტებ დღეს. ეს მთავრობა კი არა, საქართველოს დამაქცევარია".

ერთი ქალი ინტერვიუზე მთანხმდება, მაგრამ ვინაობის დასახელებას ერიდება, არ მინდა, შვილს შევუქმნა პრობლემებიო: "პარლამენტში ვმუშაობდი, ჩემი კაბინეტი მქონდა და უბოდიშოდ გამომიშვეს.

არავის სჭირდება არც ჩემი ცოდნა, არც გამოცდილება და არც ენერგია. კიდევ შემიძლია მუშაობა. მაგრამ იძულებული ვარ, შვილის კისერზე ვიყო. ვაპროტესტებ იმას, რომ წყალი და მგზავრობა გაგვიძვირეს, იმას, რომ უმცროსუფროსობა აღარ არის. დღეს ტრანსპორტში ადგილი რომ დამითმეს, გამიკვირდა. წინამძღოლზეა ყველაფერი დამოკიდებული. პრეზიდენტი რომ უდიერად ექცევა უფროს თაობას, ახალგაზრდობაც ცუდ მაგალითს იღებს მისგან. შეხედეთ, აქციაზე სულ ასაკოვანი ხალხია, ახალგაზრდობა არ არის.

ნუთუ არ ეხებათ, რაც ამ ქვეყანაში ხდება?! რა სჭირთ, როგორ შეიძლება არაფერი აინტერესებდეთ?! აბა, სადმე კონცერტი და ტაკიმასხარაობა იყოს, თუ მიასწრებდათ ვინმე. ამდენ უსამართლობასა და ტყუილს ვერ ვიტან. შეურაცხყოფილი ვარ, რომ პრეზიდენტი მატყუებს. იპოდრომზე 200 ათასი კაცი რომ ვიყავით, მაშინ უნდა ჩაგვეშალა ინაუგურაცია. სააკაშვილი ვერაფერს გვიზამდა, რადგან თბილისი უცხოელი სტუმრებით იყო სავსე. მგონია, 1937 წელია. მინდა ეს უსამართლობა დამთავრდეს და აქ იმიტომ ვარ".

კინოთეატრ "რუსთაველის" წინ ყავარჯნებიან  მამაკაცს ვხედავ.  ფეხი თაბაშირში აქვს, მაგრამ კრებაზე მაინც მოსულა.

დათო პაპულაშვილი, 53 წლის: "მცხეთელი ვარ. მერე რა, რომ ფეხი მოტეხილი მაქვს. სახლში რა გამაჩერებდა? ჩემი გული ვერ დაისვენებს, სანამ უსამართლობა და ხალხის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება იქნება ქვეყანაში. არ მომწონს პრეზიდენტისა და მთავრობის საქციელი, რომლებიც ჩვენი ფულით მეძავებთან ერთობიან უცხოეთში. არ მომწონს, რომ ქვეყანაში დიქტატურაა.

მე 2003 წლის ნოემბერშიც აქ ვიდექი. მცხეთაში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი ნოემბრის საპარლამენტო და იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. Aარც ერთ პრეზიდენტს იმდენი ხმა არ წამოუღია მცხეთიდან, რაც სააკაშვილმა წამოიღო, მაგრამ მან ხალხი მოატყუა. ამიტომაც 7 იანვარს არჩევნების ოქმი ჩავაბარე თუ არა, ქუდი დავიხურე და სახლში წავედი. ძალიან ადრე დავინახე, დემოკრატიის სახელით  რა ძალაც მოვიდა ხელისუფლებაში. პირველი დღიდანვე დაიწყეს ძალადობა, რაც დღემდე გრძელდება. ახლა "სახალხო კრებაში" ვარ და იმედი მაქვს, ჩვენი ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება.

არ ყოფილა  ხელისუფლება, რომლის გაცილებაშიც მონაწილეობა არ მიმეღოს. ეს ბრძოლაც შედეგიანი იქნება. საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლა ყოველთვის არაგვის ხეობიდან იწყებოდა და ახლაც პირველები ვიქნებით..."

ჩემი მცხეთელი რესპონდენტივით მომთმენი და იმედიანი ყველა არ აღმოჩნდა. როდესაც კრება დაშლილად გამოცხადდა, ერთმა ჯგუფმა ლიდერებს გზა გადაუკეტა, აკი დღესვე უნდა ჩამოგვეგდო ხელისუფლებაო?! მეორე დღეს მეტი ხალხის მოსვლის იმედით მიტინგი დაინიშნა, მაგრამ ხალხიც ნაკლები მოვიდა და კრების ორგანიზატორთა ნაწილიც აღარ ჩანდა. გახდება თუ არა "სახალხო კრება" დიდი ცვლილებების დასაწყისი, ეს კითხვა ჯერ პასუხგაუცემელია.