"თბილისისა და ბაქოს ურთიერთობის მოწინააღმდეგეები ცდილობენ ორ მოძმე ხალხს შორის შუღლის ჩამოგდებას" - რას წერს აზერბაიჯანული მედია გახარიას ვიზიტზე? - კვირის პალიტრა

"თბილისისა და ბაქოს ურთიერთობის მოწინააღმდეგეები ცდილობენ ორ მოძმე ხალხს შორის შუღლის ჩამოგდებას" - რას წერს აზერბაიჯანული მედია გახარიას ვიზიტზე?

აზერბაიჯანულ მასმედიაში დღეს, 10 ოქტომბერს არაერთი სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც შეფასებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ბაქოში ვიზიტი.

საკმაოდ პოზიტიურადაა კომენტირებული ქართველი პრემიერის შეხვედრები და მოლაპარაკებები აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან...

აი, რას წერია პოპულარული აზერბაიჯანული გამოცემა «Day»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: "საქართველომ უპირატესობა ისევ აზერბაიჯანს მიანიჭა" (ავტორი - ლეილა ტარივერდიევა).

"ის ფაქტი, რომ საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა თავისი პირველი ვიზიტის ქვეყნად სწორედ აზერბაიჯანი შეარჩია, გასაკვირი არაა. კაცმა რომ თქვას, საქართველოსთვის აზერბაიჯანი კავკასიის რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან მეზობელს წარმოადგენს. აზერბაიჯანი ყველაზე რთულ დროში საქართველოს ყოველთვის გვერდში ედგა. ეს ფაქტები კარგადაა ცნობილია და ამიტომ, როცა ჩვენი მეზობელი ქვეყნის ოფიციალური პირები ქართულ-აზერბაიჯანულ თანამშრომლობაზე ლაპარაკობენ, ყოველთვის კეთილად იხსენებენ ბაქოს თანადგომას. კეთილი მეზობელი ხშირად ყველაზე ახლობელ ნათესავზე უფრო ძვირფასიაო, ნათქვამია და ეს ანდაზაში არა მარტო ადამიანების ურთიერთობა იგულისხმება, არამედ ქვეყნებს ურთიერთობაც. აზერბაიჯანს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ის საქართველოს ნამდვილად მეგობრულად განწყობილი მეზობელია, რომელიც არასდროს არ დაუდებს სარმას და არასდროს ზურგში არ დაარტყამს.

თბილისისა და ბაქოს ურთიერთობის მოწინააღმდეგეები არაერთხელ ცდილობდნენ ორი მოძმე ხალხს შორის შუღლის ჩამოგდებას და მათ ყოფნას ბარიკადების სხვადასხვა მხარეზე. ქართულ მხარეს ეჩურჩულებოდნენ, რომ ბაქო ქართული ტრანზიტით ბოროტად სარგებლობს, აზერბაიჯანი საქართველოს სუვერენიტეტს არღვევსო... მოკლედ, ჩვენს არაკეთილმოსურნეთა ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა, რომ ქართველებიც და აზერბაიჯანელებიც ცხელსისხლიანი კავკასიელები არიან, ისეთ სერიოზულ სიტუაციებში, რომლებიც ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას ეხება, თავშეკავებულნი არიან და სიმშვიდეს ინარჩუნებენ.

ქართველები და აზერბაიჯანელები ერთმანეთისაკენ ნამდვილად გულწრფელად ისწრაფვიან. აზერბაიჯანში და განსაკუთრებით ბაქოში ძნელად იპოვი ადამიანს, რომელიც საქართველოში ერთხელ მაინც არაა ნამყოფი. ბევრი ჩვენთაგანი შვებულებებს საქართველოს კურორტებზე ატარებს. საიდუმლო არაა, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარება სწორედ აზერბაიჯანელი მოქალაქეების მეშვეობით დაიწყო: იქ ჯერ კიდევ არ ჩანდნენ რუსები, როცა აზერბაიჯანელები დიდ ფულს ტოვებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ტურიზმის განვითარებაში აზერბაიჯანი უდიდესი როლს ასრულებს.

სხვათა შორის, დღეს საქართველოს ტურისტულ სფეროში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თურქულ ბიზნესს. სწორედ თურქი ბიზნესმენების წყალობით დაიბრუნა ბათუმმა ყოფილი დიდება. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარის" მიერ ქართულ ეკონომიკაში შეტანილ ღვაწლზე ხომ საათობით შეიძლება იპალარაკო.

ქართველებმაც ბოლო დროს აზერბაიჯანში სტუმრობას მოუხშირეს - ბაქოს ქუჩებში ჩვენს მეზობლებს ყოველდღიურად შეხვდებით, ხოლო მაღაზიებში, რესტორნებში და პარკებში ქართული ენა ხშირად ისმის.

ბაქოს პოლიტოლოგთა კლუბის "სამხრეთ კავკასიის" დირექტორის ილგარ ველიზადეს კომენტარი:

"გიორგი გახარია საკმაოდ პრაგმატული პოლიტიკოსია და იგი რეალურად აფასებს ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალს, რასაც ჩვენი ქვეყნის მისამართით მისი განცხადებებიც მოწმობს. რაც შეეხება ზოგიერთ პროვოკაციულ მომენტს, რომლებიც ბოლო დროს ჩვენს ურთიერთობებში ჩნდება ხოლმე, მათი მეშვეობით არაკეთილმოსურნენი ჩვენი ქვეყნების კავშირების სიმტკიცეს ამოწმებენ. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ძალებს არაერთხელ დაუწყიათ ჩვენს ხალხებს შორის შუღლის ჩამოგდების მცდელობა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთთან მრავალი პროექტით არიან დაკავშირებულნი და ამიტომ ორივე აცნობიერებს, რომ თუ მათი ურთიერთობა გაურესდება, ეს სერიოზულ რეპუტაციულ და მატერიალურ ზიანს გამოიწვევს ორივე მხარისათვის". წყარო

--------------

რასაკვირველია, აზერბაიჯანული მასმედიისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა გიორგი გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტის წინ საქართველოს საპტარიარქოს მიერ გავრცელებელი მასალები, რომლებშიც პატრიარქი ილია მეორე გიორგი გახარიას ბაქოში ჩასვლისას დავით გარეჯის პრობლემის განხილვას და მის მოგვარებას სთხოვს.

გაზეთ «Каспий»-ში გამოქვეყნდა სტატია, საკმაოდ შთამბეჭდავი სათაურით: "სიკეთისაგან სიკეთეს არ ეძებენ, ანუ რატომ წერს საქართველოს პატრიარქი მრისხანე წერილებს" (ავტორი - სალეჰ ბაიათი).

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქვეყნის პორემიერ-მინისტრს, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს და კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს თავმჯდომარეს, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქიურ ფაშა-ზადეს წერილ-შთაგონებით მიმართა, რომელშიც "კეშიკჩიდაღთან (მას ჩვენი მეზობლები "დავით გარეჯს" უწოდებენ) დაკავშირებული სიტუაციია აღწერილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის კონსტიტუცით ეკლესია სახელმწიფოსაგან გამოყოფილია, ქართველმა კათოლიკოსმა ბაქო ფაქტიურად საქართველოს ტერიტორიის ანექსიაში დაადანაშაულა", - ხაზგასმულია სტატიაში.

"რა გინდა, მოხუცო?" - ასეა დასათაურებული ვრცელი პუბლიკაციის ის ნაწილი, რომელშიც პატრიაქრის წერილის შინაარსია გადმოცემული. "პატრიარქის მტკიცებით, დავით გარეჯი და მისი მიმდებარე ტერიტორია (ყოფილი სამხ. პოლიგონი) 1991 წელს საქართველოს საპტრიარქოს გადაეცა, ამიტომ ჩვენთვის სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის მოქმედება, რომელმაც უდაბნოსა და ჩიჩხიტურის ეკლესიებთან მისვლაში ბარიერებს გვიქმნისო. ანუ პატრიარქი აღიარებს, რომ ორივე ეკლესია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება (თუ როგორ აღმოჩნდნენ იქ, ეს ცალკე საუბრის თემაა), მაგრამ სრულიად გაუგებარია, როგორ შეეძლო საქართველოს მთავრობას ქართული ეკლესიისთვის იმ მიწების გადაცემა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა? ჩვენ რომ ერთი წამით პატრიარქის აზრს დავთანხმდეთ და ვაღიაროთ, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედება კანონიერი იყო, მაშინ რა გამოდის - აზერბაიჯანმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა?

"ილია მეორე წერს, რომ დავით გარეჯის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას "ვერ შევურიგდებითო". რას ნიშნავს "ვერ შევურიგდებით"? ნუთუ საქართველო ომს გამოგვიცხადებს?" - წერს ავტორი.  წერილში ასევე ნათქვამია: "ვფიქრობთ, საქართველოსადმი მეგობრულად განწყობილი აზერბაიჯანელი ხალხი და მათი მთავრობა სწორად შეაფასებენ შექმნილ ვითარებას და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ, რადგან ჩვენს ხალხებს შორის მეგობრულ ურთიერთობას ალტენატივა არ აქვს".

"გვინდა ვიფიქროთ, რომ ქართველი პატრიარქის წერილი ერთგვარი ემოციური რეაქციაა იმაზე, რომ ამ რამდენიმე დღის წინათ აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს საზღვართან ახლოს სასაზღვრო საგუშაგო "კეშიჩკიგალა" შექმნა, რომელიც სამონასტრო კომპლექსსაც მოიცავს. უცნაური ისაა, რომ პატრიარქის წერილის გამოქვეყნება ბაქოში გიორგი გახარიას ვიზიტს დაემთხვა", - წერს ავტორი და იქვე ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის ჩამოყალიბების ისტორიას იხსენებს, 1990-იანი წლებიდან. წყარო

იხილეთ ასევე: "ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება"

მოამზადა სიმონ კილაძემ