არასახალხო კრება ?! - კვირის პალიტრა

არასახალხო კრება ?!

"არასაკმარისი რაოდენობა გადამწყვეტი მოქმედებისთვის", - საინტერესო განმარტებაა, არა? სწორედ ასე ახსნეს სახალხო კრების ორგანიზატორებმა 25 ნოემბერს პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის დაშლის გადაწყვეტილება.

ამ გამონათქვამიდან ბევრი რამის გაგება შეიძლება, თუმცა უმთავრესი ის არის, რომ ყველაფერში დამნაშავე ხალხი ყოფილა, რომელიც კრებაზე არ მივიდა. ნეტა რამდენი უნდა მოსულიყო, "გადამწყვეტი მოქმედება" რომ დაეწყოთ? ზოგი ამბობდა, 50-60 ათასიო, ზოგი - 100 ათასიო. თუმცა მთავარი ეს არაა. მთავარია, ეს ხალხი რომ მისულიყო, მერე რას აპირებდნენ "სახალხო კრების" ორგანიზატორები? რას გულისხმობდნენ სიტყვათშეთანხმებაში "გადამწყვეტი მოქმედება".

პარასკევს რადიო "პალიტრის" ეთერში გადაცემა "რეზიუმეში" ირაკლი ბათიაშვილს რამდენჯერმე დავუსვი ეს კითხვა. პასუხად მივიღე, რომ ამ ეტაპზე დაკონკრეტებისგან თავს შეიკავებს. როგორც ირაკლი ბათიაშვილის, ისე "სახალხო კრების" სხვა ორგანიზატორების კომენტარებიდან გამომდინარე, მაქვს უფლება ვიფიქრო, რომ თავადაც არ იცოდნენ ზუსტად, რას იზამდნენ.

რატომღაც მგონია, "სახალხო კრების" ორგანიზატორებს ხალხის მიუსვლელობა უფრო აწყობდათ, ვიდრე მოსვლა. წარმოიდგინეთ, მართლაც ასი ათასი კაცი რომ მისულიყო, რა დღეში აღმოჩნდებოდნენ. მერე ნამდვილად ვეღარ იტყოდნენ, არასაკმარისი რაოდენობაა გადამწყვეტი მოქმედებისთვისო. ამას ვერ იტყოდნენ, მაგრამ რას იზამდნენ? ხალხს მოუწოდებდნენ პარლამენტში შეჭრისკენ თუ პრეზიდენტის რეზიდენციის ასაღებად გაემართებოდნენ? საინტერესოა, მზად იყვნენ ასეთი ქმედებების შედეგზე პასუხისმგებლობა აეღოთ? რატომღაც მგონია, არც ერთი ორგანიზატორი მზად არ იყო და ძალიან კარგი, თუ არ იყო.

ქვეყანაში ახალი დაპირისპირება და არეულობა არავის სჭირდება, მაგრამ საკითხავია, რისთვის იყვნენ ისინი მზად? იმისთვის, რაც 25-26 ნოემბერს მოხდა? მგონი, ვერც ამისთვის მოემზადნენ. აღმოჩნდა, რომ არაფრისთვის არ იყვნენ მზად. არ იცოდნენ, რა ეპასუხათ აღშფოთებული ხალხისთვის, ვინც რეგიონებიდან ფეხით ჩამოვიდა და ასე უშედეგოდ უკან გაბრუნებაზე უარს აცხადებდა. 25 ნოემბრიდან საქართველოში ახალი პოლიტიკური ერა დაიწყებაო, ამბობდნენ. ამის მაგივრად ვნახეთ შეკრება, რომელმაც უკმაყოფილო და იმედგაცრუებული უფრო მეტი დატოვა, ვიდრე კმაყოფილი.

ვნახეთ დაცვის თანხლებით ხალხს გარიდებული ბურჯანაძე, არჩეული რაღაც საბჭოები, სათათბიროები, სააკაშვილისთვის გამოტანილი უნდობლობის ვერდიქტი, რომელიც სააკაშვილს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. "საქართველოს ხალხი უშუალო დემოკრატიის მეშვეობით თავის თავზე იღებს პრეზიდენტის გადაყენების უფლებამოსილებას", - ნათქვამია ვერდიქტში. როგორ ჟღერს - "ვერდიქტი!" და რა ფასი და ღირებულება აქვს ამ "ვერდიქტს" საზოგადოდ და უპირველესად იმისთვის, ვისაც გამოუტანეს?

რას ვაკეთებთ, სასამართლობანას ვთამაშობთ თუ პარლამენტობანას? ვინ უნდა აღასრულოს ეს გადაწყვეტილება? პასუხი ასეთ კითხვაზე ყოველთვის მზად აქვთ - ხალხმა! როგორ ან რომელმა ხალხმა, 25-26-ში ისევ გაწბილებული რომ დარჩა? ხალხმა, რომელსაც ისევ მოლოდინი გაუჩინეთ და მერე ისევ მასზე გაბრაზდით? ბევრნი რატომ არ მოვიდნენ ან ვინც მოვიდა, რას ელოდა, ჩვენ მხოლოდ კრების ჩატარებას დავპირდითო.

"სახალხო კრების" ორგანიზატორებმა რამდენიმე სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს: 1) თუ გრანდიოზულს არაფერს  აპირებდნენ, ამხელა ამბავი არ უნდა აეტეხათ და ხალხსაც ფუჭი მოლოდინი არ ექნებოდა;

2) თუ ეს მხოლოდ კრება იყო და მეტი არაფერი, რუსთაველის პროსპექტზე, სადაც ოდითგანვე რევოლუციისთვის იკრიბებოდნენ, არ უნდა ჩაეტარებინათ. გასაგებია, რომ სპორტის სასახლე არ დაუთმეს, არც ლოკომოტივის სტადიონი, მაგრამ ადგილი განა ცოტაა, პირდაპირ რომ წავიდნენ და პარლამენტის წინ დადგნენ?

3) გადაწყვეტილებები ყოველ წუთს არ უნდა ცვალო და მერე ეს ხალხს არ დააბრალო. ყველა ვარიანტი წინასწარ უნდა გქონდეს გათვლილი და ხალხი რომ გაგიბრაზდება, მერე არ უნდა დაიწყო გამოსავალზე ფიქრი, არ უნდა ეცადო მათ მოტყუებას და თავის ისე მოჩვენებას, თითქოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მისვლა და პოლიტიკურ შოუში მიწვევაზე თანხმობა, სადაც ადრე უაქციოდაც მიუწვევიხართ, გამარჯვებად და შედეგად არ უნდა შეასაღო.

შეცდომების სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ კრებამ უკმაყოფილო პირველ რიგში ხალხი დატოვა და ამიტომაც სახალხო ვერაფრით გამოვიდა.

რა სურს "ფორუმს"?

მგონი, იმის გარკვევა უფრო იოლია, რა სურთ ქალებს, ვიდრე რა სურს "ეროვნულ ფორუმს". ბოლო დროს მათ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს რომ ვუყურებ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს თავადაც არ იციან. ეს "სახალხო კრების" საკითხშიც ყველაზე უკეთ გამოჩნდა. ჯერ კრებასთან ერთად იყვნენ, შემდეგ განუდგნენ, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ორგანიზტორები არიან. ამის პარალელურად მონაწილეობენ საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფშიც. ამ ჯგუფში მონაწილე სხვა პარტიები "სახალხო კრებას" ფუჭ წამოწყებად მიიჩნევენ, ხოლო კრების ორგანიზატორებს საარჩევნო კოდექსზე მუშაობა სასაცილოდაც არ ჰყოფნით.

აცხადებენ, ვიდრე სააკაშვილი პრეზიდენტია, არჩევნებსა და კოდექსის წერას აზრი არა აქვსო. "ეროვნული ფორუმი" კი ახერხებს, ორივეგან იყოს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: თუ ფიქრობ, რომ ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს და ამისთვის საჭიროა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, მაშინ გამოუცხადებელ რევოლუციონერებთან რაღა გინდა? თუ ფიქრობ, მხოლოდ საერთო-ეროვნული დაუმორჩილებლობითა და აქციებით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, მაშინ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად საარჩევნო კოდექსზე მუშაობას რა აზრი აქვს?

ფორუმის წარმომადგენლები ერთ დღეს კონსტრუქციულ განცხადებებს აკეთებენ და მზად არიან ხელისუფლებასთან ითანამშრომლონ, მეორე დღეს გამოდის გუბაზ სანიკიძე და ხალხს ახალი დიდგორისკენ მოუწოდებს. მე არაფერს ვამტკიცებ. უბრალოდ, ჩემს შთაბეჭდილებას გიზიარებთ: გარედან ისე ჩანს, "ფორუმის" ლიდერებს სურთ ერთდროულად კონსტრუქციულებიც იყვნენ და მაგარი ბიჭებიც. ვნახოთ, სადამდე მიიყვანს მათ ასეთი სტრატეგია.