"კანდიდატების შემხედვარემ ვინატრე, ღმერთმა არასოდეს დამაჭირვოს უზენაეს სასამართლოში წასვლა-მეთქი" - კვირის პალიტრა

"კანდიდატების შემხედვარემ ვინატრე, ღმერთმა არასოდეს დამაჭირვოს უზენაეს სასამართლოში წასვლა-მეთქი"

"საქართველოც და აზერბაიჯანიც მაქსიმალურად უნდა ეცადონ, ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობა არ შეეწიროს მესამე ძალის პროვოკაციებს"

"დარწმუნებული ვართ, ამ ვიზიტით ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები", - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ის პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით სწორედ აზერბაიჯანს ეწვია. ეს, ფაქტობრივად, იმის კვალდაკვალ მოხდა, რაც აზერბაიჯანმა დავითგარეჯის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო პოსტი გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, პოსტის გახსნის ღონისძიებას აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი ელჩინ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ, აზერბაიჯანული მედია კი წერდა, პოსტის ქეშიკჩიდაგის (დავითგარეჯა) ტერიტორიაზე გახსნა საზღვრის დაცვასთან ერთად, აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასაც ისახავს მიზნადო.

აღსანიშნავია, რომ პოსტი საკმაოდ დიდია. ამას საქართველოში უარყოფითი რეზონანსი მოჰყვა. გახარიას ვიზიტის პარალელურად, გამოქვეყნდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის წერილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადესადმი, რომელშიც ნათქვამია, რომ 1938 და 1996 წლების დადგენილებებით ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ შეთანხმებას, რომლის თანახმად, სახელმწიფო საზღვრის ხაზი დამტკიცდა რუკებით, რომელთა შესაბამისადაც მონასტრები - უდაბნო და ჩიჩხიტური დაფიქსირებულია საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში, განსხვავებით ბერთუბნისგან, რომელიც ასევე გარეჯის განუყოფელი ტერიტორიაა, მაგრამ ამ რუკების მიხედვით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. პატრიარქის წერილის თანახმად, ქართული და აზერბაიჯანული მხარეებისთვის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხთა კომისიის მუშაობისას სწორედ ეს რუკები წარმოადგენს მთავარ სამუშაო მასალას.

ყოველივე ამის გათვალისწინებით გიორგი გახარიას ვიზიტი ორმაგად საინტერესო იყო. შესაბამისად, ინფორმაცია, რომ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ზემოთ ნახსენებ მონასტრებში ქართველ მღვდელმსახურებს შესვლის პრობლემა აღარ შეექმნებათ, დადებითად შეფასდა, თუმცა საკითხი ამით არ ამოწურულა. სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- არ არის გასაკვირი, რომ გახარიამ პრემიერის რანგში უცხოური ვიზიტები სწორედ აზერბაიჯანით დაიწყო. აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც გვაქვს გაუგებრობა, რის მოგვარებასაც თანამიმდევრული მუშაობა სჭირდება. დავითგარეჯის საკითხი მეტად საფრთხილოა, ამიტომაც შეფასებებისგან თავს შევიკავებ, ხელაღებით ყველაფრის თქმა არ შეიძლება.

ბოლოდროინდელი დაძაბულობა, სამწუხაროდ, ჩვენი პრეზიდენტის არასწორი საჯარო განცხადებების ბრალია. არ მიყვარს პრეზიდენტის გაკრიტიკება, მაგრამ ძალიან მიკვირს, ასეთმა გამოცდილმა დიპლომატმა როგორ გადადგა ასეთი წინდაუხედავი ნაბიჯი.

რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის სადავო მონაკვეთებს, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია ადვილი საქმე არ არის. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ იქ განსაზღვრული მონაკვეთები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვისაც, ამიტომაც ამ პრობლემას ახლებური მიდგომით სჭირდება გადაჭრა.

დამერწმუნეთ, აზერბაიჯანს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ სომხეთთან ასეთი ურთიერთობის შემდგომ საქართველოსთანაც გაიფუჭოს ურთიერთობა. თუმცა ზოგიერთი სასაზღვრო მონაკვეთი იმდენად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებისთვის, რომ მოგვიწევს გაგებით მოვეკიდოთ მის გადაწყვეტილებებს, მათ შორის პოსტის აგებასაც. იმავდროულად, არამც და არამც არ უნდა დავიჭიროთ შეშინებული ბავშვის პოზიცია და ჩვენს ინტერესებზე უარი ვთქვათ. ჩვენ უნდა გავატაროთ ჩვენი ხაზი, ოღონდ მეზობლის პოზიციაც გავაანალიზოთ და ზოგჯერ გავიზიაროთ კიდეც.

თუ აზერბაიჯანიც ასევე მოიქცევა, გამოსავალს ვიპოვით. ორივე ქვეყანა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობა არ შეეწიროს მესამე ძალის პროვოკაციებს.

გახარიას ვიზიტის შედეგად მიღწეული შეთანხმება, რა თქმა უნდა, კარგია, ამას საკუთარ პოლიტიკურ ყულაბაში მიითვლის ახალი პრემიერი, მაგრამ ეს არის ერთი პატარა ნაბიჯი, პრობლემა კი კვლავაც პრობლემად რჩება.

მას სჭირდება ძალიან სერიოზული სტრატეგიული დამუშავება, პროფესიული ანალიზის ჩატარება. ვიმეორებ, საგანგებოდ ვლაპარაკობ ასე ზოგადად, რადგან ორი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებია წამოჭრილი. ამ საკითხების დამუშავებაში ჩემი სამსახურიც შემიძლია შევთავაზო ქართულ მხარესა და მოქმედ კომისიას. ეს საკითხი ნამდვილად არ არის მარტივი, უნდა ვიცოდეთ, რომ მის ჩვენთვის სასიკეთოდ გადასაჭრელად დრო იქნება საჭირო, თუმცა ამას სრულიად შესაძლებლად მივიჩნევ. ჩემი აზრით, შეიძლება აბსოლუტურად ახლებური მიდგომების შეთავაზება, რაზეც ჯერჯერობით არც ჩვენ ვფიქრობთ და არც აზერბაიჯანელები.…

- ხმაურიანად მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა პარლამენტში. დიდი გამოხმაურება მოჰყვა გენერალური პროკურორისა და ამჟამად უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენას. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თადუმაძის იურისტის დიპლომის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს, მეტიც, ყალბია. თქვენ რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ ეს პროცესი? - როგორც ყოველთვის, ჩვენთან პოლიტიკაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი პროცესი საბოლოოდ მასხარაობად და კინკლაობად გადაიქცევა ჩვენი "დიადი" პოლიტიკოსების წყალობით. ამჯერადაც ასე მოხდა - სანახაობად გადაიქცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაც.

საქმე ის არის, რომ ამ ორ პოლიტიკურ პარტიას - "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის მსჯელობა ნებისმიერ, მათ შორის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზეც, ურთიერთანგარიშსწორებით მიმდინარეობს. ნაცვლად იმისა, გულდასმით მოუსმინონ კანდიდატებს, დაუსვან საგნობრივი კითხვები, პასუხებიც მიიღონ და საბოლოოდ შეარჩიონ საუკეთესოები, სამარცხვინო პროცესი მივიღეთ. ვნახოთ, როგორ ჩაივლის კენჭისყრა, ვის და როგორ მისცემენ ხმას. თუმცა ამ ყველაფრის მეორე მხარეა ის, რომ მოსამართლეობის კანდიდატები ნამდვილად არ ბრწყინავენ. მათი ნაწილის მოსმენის შემდგომ გულწრფელად ვინატრე, ღმერთმა არასდროს დამაჭირვოს უზენაეს სასამართლოში წასვლა და ამათ ხელში ჩავარდნა-მეთქი.

მჯობნის მჯობნი არ დაილევაო, ჰოდა, ამ მოსამართლეების შემყურე ვხვდები, რომ უარესი და უარესი არ ილევა. ცხადად ჩანს გაუნათლებლობის პრობლემა, ბოლოს და ბოლოს, დედაენა არ იციან. ადრე, ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის დროს, უზენაეს სასამართლოში იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც რომის სამართალს ლათინურად აბარებდნენ, ახლა კი ვნახეთ, რა დიპლომები აქვს ხალხს.

მიუხედავად პოლიტიკური მიკერძოებისა და ანგარიშსწორებისა, უპირველესად გაუნათლებლობის პრობლემა გვიდგას და არა მარტო სასამართლო სისტემაში. ეს მთელი ერისა და ქვეყნის პრობლემაა. რას ვიზამთ - ხელისუფლებაში ის თაობა მოვიდა, ვისაც უმძიმეს 90-იან წლებში მართლაც ორღობის უნივერსიტეტებში უწევდა დიპლომის აღება, ვის რა გზით, ეს სხვა საკითხია.

ვიმეორებ, ეს პრობლემა ყველა სფეროშია. რა, პოლიტიკაში არ არიან არაკომპეტენტური და უვიცი ადამიანები, ან რომელიმე სხვა სისტემაში?

ერთია, რომ პრობლემაა, ვთქვათ, ადამიანის, რომელიც გენერალური პროკურორია და ახლა უზენაესი სასამართლოს წევრობა უნდა, დიპლომის ხარისხი, მაგრამ არანაკლები პრობლემაა ადამიანის შეურაცხყოფა, სრულიად უსაგნო კითხვების დასმა და მისი ამგვარად დამცირება. რა თქმა უნდა, კრიტიკული კითხვები უნდა დაისვას, მაგრამ ზრდილობიანად. არ ესმით ერთი რამ - როცა ადამიანს შეურაცხყოფ, ამით უპირველესად საკუთარ თავს აყენებ შეურაცხყოფას.

- მთელი სასამართლო სისტემაა ასეთ მძიმე დღეში, თუ უვადო მოსამართლეობის კანდიდატებად საგანგებოდ შეარჩიეს რეპუტაციაშელახული პირები, რადგან ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ მათ მარტივად მართავს, შედეგად კი ძალაუფლებას უვადოდ შეინარჩუნებს? - რთული კითხვაა... ჯერ დავიწყოთ უვადო მოსამართლეობის თემით. ვენეციის კომისიის "დამსახურებაა" ამ უვადო მოსამართლეობის დაკანონება. თითქოს იდეა კარგი იყო და ამგვარად გარანტირებულად მივიღებდით სახელისუფლებო ან კიდევ სხვა ტიპის გავლენებისგან დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. სინამდვილეში კი იმ ვითარებაში, რაშიც დღეს ქართველი საზოგადოებაა, ეს უზარმაზარ ცდუნებას აჩენს.

ისე, მთლად უიმედოდ შეიძლება არც არის საქმე. ამ ცოტა ხნის წინ გავიცანი ახალგაზრდა იურისტები, მათ შორის მოსამართლეებიც, ადვოკატებიც, ძალიან წესიერი და კარგი ხალხია, მაგრამ ისინი ამინდს ვერ ქმნიან. ამინდს ქმნიან ისინი, ვინც კარგა ხანია ამ სისტემაში არიან და პროცესებს წარმართავენ ისე, როგორც თავის დროზე ავტოკრატიულ საზოგადოებაში ხდებოდა - ვიღაცა მიდიოდა რომელიმე სისტემაში, მოკალათდებოდა და მერე აღარავის უშვებდა შიგნით. ზუსტად ასეთივე სისტემა შექმნეს აქაც. ეს ადამიანები, იგივე ჩინჩალაძეები, მურუსიძეები და ა.შ., თავდაცვის მექანიზმით მოქმედებენ. ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, მიშა, ბიძინა თუ კიდევ ვინმე, მუდამ შეეცდებიან საკუთარი მდგომარეობის შენარჩუნებასა და საჭირო დროს საჭირო პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას. ისინი ფიქრობენ არა მართლმსაჯულებაზე, არამედ თავიანთ ადგილზე მართლმსაჯულებაში. ეს არის მთელი ჩვენი მორალი. ხელისუფლებასაც აწყობს იოლად მოპოვებული წარმატება, რაშიც ეს ადამიანები ეხმარებიან.

ჩვენ რომ მართლაც დემოკრატიული საზოგადოება ვიყოთ, ამ თაობას სასამართლო სისტემიდან გავისტუმრებდით, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ყველაფერს დრო სჭირდება. შესაძლოა რადიკალ=ური და უხეში, არცთუ თავაზიანი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ აშკარად პრინციპული ახალი თაობა მოდის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შვილების საზოგადოება გაცილებით უკეთესი იქნება.

შესაძლოა ბანალურად ჟღერს, მაგრამ მაინც ვიტყვი - დღეს გვყავს ისეთი ხელისუფლება, როგორსაც ვიმსახურებთ. უზენაესი სასამართლოც სწორედ ასეთივე იქნება. დაგინახავთ, ალბათ, ქუჩაში, შეუძლიათ ადამიანი გაიტანონ, ვიდრე გზა დაუთმონ. ასეთივე მენტალიტეტია აქაც. ამიტომაც ჯერ ადრე იყო ჩვენთვის უვადო მოსამართლეების დანიშვნა.

თქვენ ასეთ შეურაცხყოფას, რასაც ეს კანდიდატები ამ მოსმენისას ითმენენ პარლამენტში, გაუძლებდით? მე ვერა, აუცილებლად ავდგებოდი და წავიდოდი, ამ ყველაფერზე უარს ვიტყოდი. ისინი კი ითმენენ და იცით, რატომ? - გახდებიან მოსამართლეები, ამ ყველაფერს გადაყლაპავენ, ცხელ შხაპს მიიღებენ და დაივიწყებენ, სამაგიეროდ, იქნებიან უვადო მოსამართლეები, დიდი ხელფასითა და სიცოცხლის ბოლომდე გარანტირებული კეთილდღეობით. მათთვის მიზანი ამართლებს საშუალებას. ამ კანდიდატებს შორის შესაძლოა არის რამდენიმე კვალიფიციური იურისტიც, მაგრამ ცხადად ჩანს, რომ რუხი ფერით არის მოცული მოსამართლეთა მთელი კოჰორტა.

- უკვე ყოფილ პარლამენტარ ვანო ზარდიაშვილზე ხშირად ამბობდნენ, ხელისუფლებასა და მოსამართლეებს შორის შუამავალიაო. ეკა ბესელიასთან დაპირისპირების შემდგომ მან პარლამენტი დატოვა და განაცხადა, რომ მიდის პოლიტიკიდან. როგორ შეაფასებთ მომხდარს, წინასაარჩევნოდ "ქართულმა ოცნებამ" რეპუტაციაშელახული პირებისგან გათავისუფლება დაიწყო? - ჩემი აზრით, ეს "ქართული ოცნების" ტაქტიკური სვლაა და არა სტრატეგიული. ჩემი აზრითაც ეს წინასაარჩევნოდ სადებიუტო პაიკის გაწირვაა. ხვდებიან, რომ ასეთი პირების გვერდით არჩევნებს ვერ მოიგებენ. ვფიქრობ, ზარდიაშვილი არ იქნება პირველი და უკანასკნელი, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" შეეცდება, გადახალისდეს და მსხვერპლშეწირვები კიდევ იქნება.

- უნდა გკითხოთ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის გამო აგორებულ სკანდალზეც. მას თანამშრომელი ქალი სექსუალურ ზეწოლაში ადანაშაულებს. - რა და როგორ მოხდა, არ ვიცი, ამას იმედია, გამოძიება ობიექტურად დაადგენს და დამნაშავე მიიღებს საკადრის სასჯელს. კარგია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. თუმცა უკვე ამგვარი სკანდალი აჩენს კითხვებს - საინტერესოა, სად ნახა და იპოვა "ოცნებამ" ასეთი ხალხი, როგორ მოხვდნენ ისინი ხელისუფლებაში? კარგი იქნება, ეს ვკითხოთ პარტიის ხელმძღვანელობას და პასუხი მოვითხოვოთ. საუბედუროდ, ასეთი ხალხით სავსეა ჩვენი საზოგადოება, მათ შორის პარტიული ორგანიზაციები. ასეთი ხალხი იყო "მოქალაქეთა კავშირში", "ნაციონალურ მოძრაობაშიც", ახლა "ქართულ ოცნებაში" გადაინაცვლეს, ანუ ძალაუფლებას მიტმასნილი, ყოველგვარ მორალურ პრინციპებს მოკლებული ხალხია.

- ვიცი, რომ დიდ იმედს ამყარებთ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე. ვგულისხმობ პროპორციულად და ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარებას. როგორ ფიქრობთ, დღეს შექმნილი ვითარება რა პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა? - ჯერჯერობით პოლიტიკური სივრცე ისევ ამორფულია. ვფიქრობ, უფრო ცხადი სურათი გაზაფხულზე გვექნება. ნამდვილად დიდი ბიძგები გამოიწვია ამ ინიციატივამ. პოლიტიკური ელიტა დაბნეული ჩანს, არ იცის, რა ქნას.

ვფიქრობ, ცოტა სასაცილოა ოპოზიციური ძალების განცხადებები, მოდი, ფიცი დავდოთ და "ქართულ ოცნებასთან" კოალიციურ თანამშრომლობას არ დავთანხმდეთო. ეს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი არ არის. როგორი ფიციც უნდა დადონ, საბოლოოდ მაინც უკან წაიღებენ თავიანთ სიტყვას. ჩემი აზრით, ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზის გათვალისწინებით, "ქართული ოცნება" პარლამენტში იმგვარი მხარდაჭერით შევა, რომ სწორედ ის დააკომპლექტებს კოალიციურ მთავრობას და მასთან აუცილებლად ითანამშრომლებენ ის ძალები, ვინც დღეს ამაზე სასტიკ უარს აცხადებენ. ჩემი აზრით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატივა ბოლო წლებში ყველაზე სწორი პოლიტიკური ნაბიჯია. ძალიან ჭკვიანური სვლა იყო.

კოალიციური მთავრობა გაცილებით პროფესიულია, ვიდრე ერთპარტიული მთავრობა. დიდი იმედი მაქვს, ერთხელ მაინც მივიღებთ კარგ და პროფესიულ მინისტრთა კაბინეტს, სადაც არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით მოხვდებიან ადამიანები.

ჩვენ ვიცით, როგორ ხდებოდა აქამდე - პრემიერ-მინისტრი რაღაცას გადაწყვეტდა, თუ ეს არ მოეწონებოდა პარტიის ხელმძღვანელს, დატუქსავდა, მეტიც, შეკრებდა პარტიის პოლიტსაბჭოს და ხსნიდა თანამდებობიდან. რამდენი ასეთი შემთხვევა ვნახეთ უკვე "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში. კოალიციურ მთავრობაში ამის გაკეთება მარტივი აღარ იქნება, ივანიშვილი პრემიერებს ასე ადვილად ვეღარ მოხსნის.

ძალიან საინტერესოა, როგორ განვითარდება ხაზარაძის შემოსვლა პოლიტიკაში. ჯერჯერობით, მისგან და "ლელოსგან" არ მოგვისმენია მკაფიო გზავნილები, მისი პროგრამა, პრინციპში, ჯერ პარტიაც არ დაუარსებია. ამიტომაც მიჭირს მისი ნაბიჯების შეფასება. მამუკა ხაზარაძე ჭკვიანი ადამიანია, ვფიქრობ, ღირებულ პროგრამას შექმნის. ამის მერე უფრო გამიადვილდება ლაპარაკი მის შანსზე. იმედია, "ლელო" პოლიტიკურ ასპარეზზე საინტერესო ალტერნატივად ჩამოყალიბდება, პოლიტიკურ სივრცეში პოზიტიურ დღის წესრიგს შექმნის. თუ ეს შეძლო, ვფიქრობ, სერიოზულ მხარდაჭერას მიიღებს.

- "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, 2018 წელს 194 საჯარო უწყებაში დასაქმებულთა ანაზღაურება 2 მილიონი ლარით გაიზარდა და 20 მილიონზე მეტი შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც 7 წელია ხელისუფლების აქილევსის ქუსლია საზოგადოებასთან ურთიერთობის უსუსტესი პოლიტიკა. - გეთანხმებით. ამ ცოტა ხნის წინ გურიისა და იმერეთის სოფლებში გახლდით და გავოცდი, რამდენი რამ გაკეთებულა - მიუვალ სოფლებშიც კი ყველა სკოლა გარემონტებულია, გამოყოფილია მანქანები, რომლებიც ატარებენ მოსწავლეებს, ყველგან დგას სანაგვე ურნები, მოწესრიგებულია გზები, ზოგან ბეტონის გზებიც ვნახე. არადა, ქვეყანაში რა კეთდება, ვერავინ ვერაფერს იგებს, საზოგადოებასთან ურთიერთობა ხელისუფლების ყველაზე სუსტი სფეროა. გაკეთებული საქმის ჩვენება უჭირთ.

მიშამ თქვა ამას წინათ, ბიძინას ადგილას ერთი ქარხანაც რომ ამეშენებინა, ხუთჯერ გავხსნიდიო და ასე მოიქცეოდა ნამდვილად. "ქართული ოცნების" ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობა და პიარი უსუსტესია. მეტიც, მგონი, ამგვარი პოლიტიკა საერთოდ არა აქვს.

თადუმაძის არ იყოს, საინტერესოა, ამ უწყებებში დასაქმებულებმა, ამ ვითომ პიარსპეციალისტებმა, რა უნივერსიტეტები დაამთავრეს და რა დიპლომები აქვთ. მე მინახავს პიარსპეციალისტები, რომლებსაც პიარის არაფერი გაეგებათ. არა აქვთ ერთი იდეაც კი, არ იციან, როგორ გააანალიზონ პრესა, როგორ ჩაატარონ სოციალური გამოკითხვა, დაამუშაონ შედეგები და ა.შ. ამ ხალხს რამდენი ფულიც უნდა მივცეთ, გადაყრილია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ოჯახებს არჩენენ და უმუშევრები არ არიან.