პიარში გადახდილი 20 მილიონის "შედეგი" - კვირის პალიტრა

პიარში გადახდილი 20 მილიონის "შედეგი"

2018 წლის მონაცემებით, საქართველოს ხელისუფლების პიარსამსახურში 1037 კაცი დასაქმდა. ამ მონაცემებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" თავის კვლევაში 194 უწყებიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით აქვეყნებს. ამ სამსახურებში 2017 წელს 996 თანამშრომელი მუშაობდა. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება, ხელფასი, პრემია, ბონუსი და დანამატი 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, ხოლო 2017 წელს 194 უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურებამ საერთო ჯამში 18.111.258 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი - 20.047.896 ლარი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ"მთავრობის ადმინისტრაციამ პიარსამსახურში დასაქმებულთა რაოდენობისა და მათი ანაზღაურების შესახებ ორჯერ განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა. მოგვიანებით განმარტეს, რომ მონაცემები შეეშალათ, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია, მოთხოვნის მიუხედავად, აღარ მისცეს."

რამდენად სწორად ახერხებენ ხელისუფლების პიარსამსახურები ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციას, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს.

- ამ სამსახურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ამხელა ხარჯი ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ უფრო მოულოდნელია თანამშრომელთა რაოდენობა. ეს კატასტროფაა, მით უფრო, რომ მუდმივად ლაპარაკობენ რეფორმების გატარებაზე, ქამრების შემოჭერასა და ბიუროკრატიის შემცირებაზე და ამ დროს პიარისთვის 1000-ზე მეტი კაცი ჰყავთ დასაქმებული, რომლებიც არაფერს აკეთებენ. "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ამ ხელისუფლების უსუსტესი ადგილი პიარია. ვერა და ვერ მოახერხეს, რომ გაკეთებული საქმეების, გეგმებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობამდე ისე მიეტანათ, მათ რეიტინგზე დადებითად ასახულიყო.

- უნდა აღინიშნოს ხელისუფლების პირველი პირების გამოსვლებიც, მათ ხშირად უწევთ განმარტებების გაკეთება... - დიახ, მოულოდნელად ისეთ რამეს იტყვიან, შემდეგ ახსნა-განმარტება სჭირდებათ, ეს არ მიგულისხმიაო. როდესაც ამა თუ იმ ვიზიტზე მიბრძანდება პირი, რომელიც ქვეყნის სახეს წარმოადგენს, პიარსამსახურებმა კეთილინებონ და მისი შესაძლებლობები შეაფასონ, შედეგები გათვალონ და ვიზიტისთვის მოამზადონ.

- პრეზიდენტის გამოსვლებს გულისხმობთ? - არა მარტო. მე არ ვიცი, რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის განცხადებები შეთანხმებული იყო თუ არა პიარსამსახურებთან. როდესაც ლაპარაკია საზოგადოებასთან ურთიერთობაზე არა მარტო ქვეყანაში, არამედ მის გარეთაც, საკვანძო საკითხები წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული, ჩვენ კი არაერთხელ გვქონია ძირითადი თემებიდან აცდენა. ჩნდება კითხვა - პიარსამსახურების თანამშრომლები ნამდვილად არიან კომპეტენტური იმ საქმეში, რისთვისაც ხელფასს იღებენ?

დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა გავიხსენოთ - რბილად რომ ვთქვათ, უხერხული მდგომარეობა შეიქმნა, თავის მართლების მთელი კასკადი მოვისმინეთ. ამის შემდეგ როგორ შეიძლება პიარის არსებობაზე ლაპარაკი? საგარეო საქმეთა მინისტრი, ფაქტობრივად, კომიკურ ვითარებაში აღმოჩნდა. ყველაზე ცუდი ის არის, ვითარების გამოსწორებაზე კი არ ფიქრობენ, შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და ვერ გაიაზრეს, რომ ამით სახელმწიფო ზარალდება.

- თუ გახსოვთ ისეთი პროექტი ან რეფორმა, რომელიც მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო, მაგრამ პაირსამსახურებმა მოსახლეობამდე ინფორმაცია სწორად ვერ მიიტანეს... - "ოცნების" 7-წლიანი მმართველობის განმავლობაში არც მახსენდება რომელიმე რეფორმა წარმატებულად გაეპიარებინოთ. არადა, თუნდაც ჯანდაცვის რეფორმა მართლაც ძალიან კარგად გატარდა და დიდი სოციალური მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ისე ვერ მიაწოდეს მოსახლეობას, რომ კითხვები არ გაჩენილიყო.

არ ვიცი, როგორ მოახერხეს და ასეთი კარგი პროექტი, რომელსაც, წესით, სულ სხვა გამოხმაურეობა უნდა მოჰყოლოდა, ფაქტობრივად, ვერ გააპიარეს... თუ იმით არიან დაკავებული, რომ ხელისუფლების კონტროლირებად ტელევიზიებთან ერთად შეთანხმებულად ებრძოლონ "ნაცმოძრაობას", სხვა საკითხია, მაგრამ ეს შეიძლებოდა პიარის ერთი მიმართულება ყოფილიყო და სხვა ნაწილს სხვა მიმართულებაზე ემუშავა. ამ სამსახურების მთავარი საქმე ხომ ხელისუფლების მიღწევების წარმოჩენაა?

ეს სამსახური ყველაზე სუსტი რგოლია და თუ ამ სისუსტეში ამდენი კაცია ჩართული და ამდენი თანხა იხარჯება, ეს ხალხის დაცინვაა.

- კვლევის თანახმად, პიარში ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს და ყველაზე მეტი პიართანამშრომელი ჰყავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მას მოჰყვება პარლამენტი და შს სამინისტრო. რას გვეუბნება ეს ფაქტი? - კარგი იქნება, თავდაცვის უწყებას განმარტებული ჰქონდეს მისი საქმიანობის ხარჯები, რა ღონისძიებაში რა დახარჯა... თუმცა შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო მისიებში ჩვენი ჩართულობა კარგად აქვს წარმოჩენილი, ასევე ევროპის ქვეყნებთან დაახლოების მნიშვნელობაც - ანუ მისი პიარის ორიენტირი მაინც საგარეო მიმართულებაა, მაგრამ რამდენი კაცი აკეთებს ამას?!

რაც შეეხება პარლამენტს, რაში სჭირდება ამ რაოდენობის ადამიანური და ფინანსური პიარრესურსი, როდესაც ისედაც მუდმივად ყურადღების ცენტრშია? ალბათ, შსს-აც სჭირდება პიარი, მაგრამ რომელიმე უწყებას, გარდა იმისა, რომ ამდენი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, შედეგი ჰქონდა?!

- ანუ პიარსამსახურებმა სხვა დანიშნულება შეიძინეს? - ფაქტია, დასაქმების ბიუროდ და კერძო ინტერესების ადგილად იქცა. ხელისუფლებას მინდა ვურჩიო - თუ ვინმე გყავთ ან აქამდე გყოლიათ ამ სამსახურში, ყველა გასაშვებია. ახალი კადრები უნდა იპოვოთ, რადგან ცუდი პიარი გაქვთ. გაქვთ კი არა, საერთოდ არა გაქვთ.