"უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ თავმჯდომარის პოსტზე თადუმაძე და მიქაუტაძე იქნებიან კონკურენტები" - კვირის პალიტრა

"უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ თავმჯდომარის პოსტზე თადუმაძე და მიქაუტაძე იქნებიან კონკურენტები"

"13 წლის მოზარდის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. პროკურატურამ გამოძიებას იმავე დღეს შეუცვალა კვალიფიკაცია და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. დღეს მთელი ოჯახი დევნილის სტატუსით საზღვარგარეთ არის გახიზნული"

"პირთა ჯგუფი ცდილობს შექმნას ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს უდიპლომო გენერალური პროკურორი. ახლა არის მცდელობა, შექმნან ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ეყოლება უდიპლომო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე", - ეს განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიცია მისი დიპლომით დაინტერესდა. როგორც მოგეხსენებათ,""საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ მან ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა, მაშინ, როცა თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის ცნობით, შეუსაბამობაა სასწავლებლის დამთავრების თარიღშიც - თადუმაძემ საშუალო სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, შესაბამისად, შეუძლებელია ის 1993 წელს სტუდენტი ყოფილიყო. თადუმაძე მოსამართლეობის კანდიდატებს შორის ერთადერთი არ არის, ვისი განათლების საკითხიც განხილვის საგნად იქცა. ოპოზიცია დაინტერესდა, იყო თუ არა ზაზა თავაძე სამართლის მაგისტრი. როგორც გაირკვა, უვადო მოსამართლეობის მსურველს სამართლის მაგისტრის ვერა, მაგრამ მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი ნამდვილად ჰქონია. მეტიც, ის ამჟამადაც სწავლობს. როგორც კანდიდატმა თქვა, 2017 წელს გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დოქტურანტურაში ჩააბარა და პარალელურად გერმანიაშიც სწავლობს. კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება იყოს მაგისტრის დიპლომის გარეშე შესაბამისი ხარისხის მფლობელი, თავაძემ განმარტა, რომ "განათლების სისტემაში არსებული კანონის მუხლების ანალიზით გათანაბრებულია მაგისტრთან". უდიპლომო პროკურორებსა და მოსამართლეებზე, პროკურატურასა და სასამართლოში არსებულ პრობლემებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი გვესაუბრება.

- პროკურორი თადუმაძე, რომელსაც სურს გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სულ რაღაც ერთი წელია, რაც პარლამენტმა 6 წლის ვადით აირჩია მთავარ პროკურორად. სამართლებრივად და მორალურად რამდენად მართებულია მისი სურვილი?

- როდესაც მაღალჩინოსანი განსაზღვრული ვადით ინიშნება პოსტზე და თავისი სურვილით დროზე ადრე ტოვებს თანამდებობას, მისთვის ასეთი კითხვის დასმა ლოგიკურია, თუმცა კანონი ამის საშუალებას აძლევს. წესით, თადუმაძეს პროკურატურაში რეფორმა უნდა ჰქონდეს დაწყებული, რაც დროს მოითხოვს და დაინტერესებული უნდა იყოს საქმის ბოლომდე მიყვანით.

- მოსამართლის მანტიის მოპოვება სურს პროკურატურის კიდევ ერთ მაღალჩინოსანს, გენერალური პროკურორის პირველ მოადგილე მამუკა ვასაძეს. თადუმაძემ და ვასაძემ პროკურატურაში პრობლემები მოაგვარეს და ახლა სასამართლოს განვითარება სურთ? - გახმაურებულ საქმეებზე პროკურატურამ სათანადო პასუხი ვერ და არ გასცა. ძალიან ბევრი საქმეა თაროზე შემოდებული, რაც ერთგვარი ინდიკატორია იმისა, თუ რამდენად სწორად მუშაობენ გენპროკურორი და მისი თანამშრომლები. მართლაც საკითხავია, უკვე დაალაგეს პროკურატურა და ახლა სასამართლოს დალაგება სურთ?

- თქვენ განაცხადეთ, რომ თადუმაძესთან მნიშვნელოვანი კითხვები გქონდათ, რომლებზეც პასუხები ვერ მიიღეთ. რას გულისხმობდით?

- მაინტერესებდა ტესტების საქმე, რომელიც ნინო გვენეტაძეს უკავშირდება, ასევე მაინტერესებდა გიორგი მიქაუტაძის საქმე, რომელზეც იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დროს დავუსვი კითხვა, მაგრამ უხეშად მიპასუხა, არავის აქვს უფლება, პროკურორს მოსთხოვოს ანგარიშიო. მე ანგარიში არ მომითხოვია, კითხვა დავსვი. გონიოს საქმის იმ ნაწილში, სადაც მიქაუტაძე დაზარალებულად არის ცნობილი, განაჩენი უკვე დადგა მის სასარგებლოდ, იმ ნაწილში კი, სადაც თავად არის მთავარი ფიგურანტი - ბავშვის სავარაუდო ცემა ედება ბრალად - ძიება არ დასრულებულა. ლაპარაკია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მიქაუტაძესა და 13 წლის მოზარდს შორის ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. მოზარდის მშობლების, თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის თქმით, ბავშვს მოსამართლე მიქაუტაძემ სცემა. დაწყებულ გამოძიებას პროკურატურამ იმავე დღეს შეუცვალა კვალიფიკაცია და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. დღეს მთელი ოჯახი დევნილის სტატუსით საზღვარგარეთ არის გახიზნული.

- ვრცელდება ვერსია, რომ იუსტიციის საბჭოს მდივანი, მოსამართლე მიქაუტაძე შესაძლოა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე თადუმაძის კონკურენტი იყოს. - ვადასტურებ ამ ინფორმაციას. ამის თქმის საბაბს ის მაძლევს, რომ იუსტიციის საბჭოში თადუმაძისა და მიქაუტაძის მიმართ განსაკუთრებით ლოიალური დამოკიდებულება იგრძნობოდა. აშკარაა, მMირანდა ერემაძეს, კაკაბაძესა და სხვა კანდიდატებს, თავმჯდომარეობაზე პრეტენზია არა აქვთ. უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ თავმჯდომარის პოსტზე თადუმაძე და მიქაუტაძე იქნებიან კონკურენტები...

- როგორც გაირკვა, თქვენ და შალვა თადუმაძეს ერთი და იგივე უმაღლესი სასწავლებელი გაქვთ დამთავრებული. პირადად თუ იცნობდით მას? გჯერათ, რომ მართლა არ იცის, ვინ არის სამართლიანობის ქალღმერთი ან "დიდოსტატის მარჯვენის" ავტორი? - თადუმაძესთან სტუდენტობის პერიოდში შეხება არ მქონია, მაგრამ არ მჯერა, რომ თადუმაძემ არ იცის, ვინ არის სამართლიანობის ქალღმერთი ან "დიდოსტატის მარჯვენის" ავტორი. მგონი, დეპუტატებმა ისეთი ტიპის კითხვები დაუსვეს, რომ ირონიული პასუხების გაცემა მისი ერთგვარი სტრატეგია იყო. რაც შეეხება მის კვალიფიკაციას, არა მგონია, სხვებისგან გამორჩეული იყოს ცოდნით ან გამოცდილებით. რაც შეეხება განათლებას, რომლის მიღებაც ნოდარ დუმბაძის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში იყო შესაძლებელი, ის იყო ისეთივე ხარისხის, როგორიც იმ პერიოდის საქართველოს ნებისმიერ სასწავლებელში. როგორც ჩანს, ახალი ტიპის ფობია გაჩნდა, რომელსაც სახელი ჯერ ვერ მოვუძებნე - თუ ვინმეს ნაკლებად პრესტიჟული უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულების უნდა ეშინოდეს. ისე, ისიც უნდა ვაღიაროთ, განათლების შესაშური დონე არც ახლაა საქართველოში.

- თქვენ ნინო გვენეტაძე და ტესტების საქმე ახსენეთ. რას გულისხმობდით? - ნინო გვენეტაძე გამუდმებით იყო საბჭოს წევრების ბულინგის მსხვერპლი. იყო შემთხვევები, როდესაც ის დაუფარავად ამბობდა ამას, თუმცა საბოლოოდ ჩუმად წავიდა. დარჩა კითხვები, რატომ წავიდა, რა ინფორმაციას ფლობს? მაგრამ ნურავის ექნება მოლოდინი, რომ ნინო ოდესმე გამოვა და ყველაფერს იტყვის.

- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? - რამდენიმე წლის მერე მის"მხილებას აზრი აღარ ექნება. როცა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ხმის ამოღება, მაშინ გაუჩინარდა. რა პრინციპულობით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას, ეს კიდევ სხვა საკითხია.

- სხვათა შორის, ის საკმაოდ პრინციპული იყო, როდესაც "ნაციონალების" მმართველობისას შეექმნა პრობლემები. ხომ არ ფიქრობთ, რომ ახლა მისი გაჩუმების მიზეზი კომპრომატებია? - არ ვიცი, რამდენად პრინციპულობით გამოირჩეოდა "ნაციონალების" დროს, ვიცი მხოლოდ ის, რომ უსამართლოდ მოექცნენ და ხმა ამოიღო მაშინ, როდესაც პირადად მას შეეხო პრობლემა. როდესაც უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე იყო, ძალიან ბევრი რამ ხდებოდა იმ უწყებებში.

მან ძალიან ბევრი ისეთი რამ იცის, თუნდაც კლანის შესახებ, რომ ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. თუმცა რა? ჩუმად არის. სამაგიეროდ, აქვს თანამდებობა, ტესტების საქმე კი თაროზეა შემოდებული.

- გვენეტაძის მსგავსად, თქვენ და ანა დოლიძეც გამხდარხართ საბჭოს წევრების დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტი. - ეუთოს დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ საბჭოს წევრები დასცინიან არამოსამართლე წევრებს, რომ მათ მიმართ ღვარძლიანი და სექსისტური დამოკიდებულება აქვთ. მართლაც, ფიზიკურის გარდა, ყველა ტიპის შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, რაც კი შეიძლება საჯაროდ იკადროს კაცმა.

- მაგალითად? - მეუბნებოდნენ, წადი, შვილებს მიხედე, ქმარი გმართავსო... იყო ისეთი სალანძღავი ეპითეტებიც, რომელთა გამეორება მეუხერხულება. იყო ჯგუფური შემოტევები. მაგალითად, რამდენიმე კაცი დაირაზმებოდა და ერთი და იმავე ლექსიკით მლანძღავდნენ, თანაც რეგულარულად.

შარშან სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ დამოუკიდებელ ინსპექტორს მივმართე, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია. სახალხო დამცველმა ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აღნიშნა როგორღაც, რომ ჩვენ მიმართ სწორი დამოკიდებულება არ იყო. ეს ძალიან ზერელე შეფასებაა. ხომ ნახეთ, მაია ცქიტიშვილზე რა ამბავი ატყდა? არ ვიცი, მე და ანა რატომ არ ვიმსახურებდით თანადგომას.

- სხვათა შორის, მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი, პაატა შავაძე, თქვენ გადანაშაულებთ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი კომენტარების გაკეთებაში. - არც კი ვიცი, რა ვუპასუხო. მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში ყველაზე არაორდინარული პიროვნებაა. საერთოდ ვერ აკმაყოფილებს მოსამართლის კანდიდატის კრიტერიუმებს. არც ვიცი, როგორ მოხვდა სიაში. მხოლოდ იმით გამოირჩევა, რომ "ფეისბუქში" გამუდმებით აქებს და ადიდებს საბჭოს წევრ მოსამართლეებს. ის დღეს ადვოკატია, ჩანს, მოსამართლეების ქება-დიდებით ცდილობს წინსვლას.

- ანა დოლიძემ თქვა, რომ სურს გახდეს ორგანიზებული ძალის ნაწილი. თქვენც ხომ არ იქნებით მის გვერდით? - არა, ამ თემაზე მე და ანას არ გვისაუბრია. ჩვენ საბჭოში ერთად ვმუშაობთ და ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გეგმებსაც ერთად ვსახავთ.

ხათუნა ბახტურიძე